10 ოქტომბერს საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე აღინიშნება.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მეტყევეები ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ სიმდიდრეს – ტყეს იცავენ, შესაბამისად, აღნიშნული პროფესია მეტად საპასუხისმგებლო და დასაფასებელია.
მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის და დარგის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება.
ცნობისთვის, 2013 წლიდან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო. დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია და შემუშავდა ახალი ტყის კოდექსი. რეფორმის მიზანი ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელიც საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.
10 ოქტომბერი მეტყევის დღედ 1999 წელს დაწესდა. როგორც პრეზიდენტის ბრძანებულებაშია აღნიშნული, ამ დღის დაწესების მიზანი „საქართველოს სატყეო მეურნეობის სისტემის მუშაკთა პროფესიული დონისა და პასუხისმგებლობის ამაღლება, შრომითი სულისკვეთების გაძლიერება, სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინება და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში მათი როლის შემდგომი ამაღლებაა“.