ჰეპატოცელულური ადენომა
ჰეპატოცელულური ადენომა არის ღვიძლის შედარებით იშვიათი, კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შეცდომით შეიძლება კიბოდ მიიჩნიონ. იშვიათად ის სკდება და იწყება სისხლდენა ან ის ავთვისებიანი ხდება.
ჰეპატოცელულური ადენომები ძირითადად რეპროდუქციული ასაკის ქალებში ვითარდება, კერძოდ კი ქალებში, რომლებიც ორალურ კონტრაცეპტივებს იყენებენ.
ჩვეულებრივ ამ სიმსივნეებს არ აქვთ სიმპტომები, ამიტომ უმეტესობის აღმოჩენა ვერ ხერხდება. დიდი ზომის ადენომებმა შესაძლოა გამოიწვიონ ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში. იშვიათად, ჰეპატოცელულური ადენომა უცებ სკდება და სისხლი იღვრება მუცლის ღრუში, რაც საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას. ძალზე იშვიათად ასეთი სიმსივნე შესაძლოა ავთვისებიანი გახდეს.
ადენომაზე ეჭვი მიაქვთ მაშინ, როდესაც რადიოლოგიური გამოკვლევის (ულტრაბგერითი კვლევა ან კომპიუტერული ტომოგრაფია) ჩატარების დროს აღმოაჩენენ პათოლოგიას. ზოგჯერ დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა ბიოფსია.
ორალური კონტრაცეპტივებით გამოწვეული ჰეპატოცელულური ადენომა შეიძლება გაქრეს, როდესაც ქალი შეწყვეტს წამლის მიღებას. თუ ადენომა დიდი ზომისაა ან მდებარეობს ღვიძლის ზედაპირთან ახლოს, რეკომენდებულია ოპერაცია სისხლდენისა და ავთვისებიან სიმსივნედ გადაქცევის მომატებული რისკის გამო.
ღვიძლის გრანულომები
ღვიძლის გრანულომები წარმოადგენს უჯრედთა მცირე ზომის პათოლოგიურ დაჯგუფებებს, რომლებიც ჩნდება გარკვეული დაავადებების დროს.
გრანულომები ჩვეულებრივ არ იწვევენ ჯანმრთელობის პრობლემებს, მაგრამ პრობლემის მიზეზი შეიძლება გახდეს დაავადება, რომელიც გრანულომების ჩამოყალიბებას განაპირობებს. გრანულომას აქვს უამრავი მიზეზი, მათ შორის ყველაზე ხშირი მიზეზებია – წამლები, ინფექციები და გარკვეული დაავადებები, რომლებიც აზიანებენ მთელ სხეულს. აღნიშნულის მაგალითებია ტუბერკულოზი, შისტოსომოზი (ინფექციები) და სარკოიდოზი. გრანულომები შეიძლება გაჩნდეს პირველადი ბილიარული ციროზის დროსაც.
გრანულომები შეიძლება ჩამოყალიბდეს იმუნური სისტემის უჯრედების ერთად თავმოყრის შედეგად, როდესაც ორგანიზმი რეაგირებს გამღიზიანებელზე ან ცდილობს თავის დაცვას ღვიძლში არსებული უცხო ნივთიერებებისაგან. აღნიშნულის შედეგად შეიძლება ანთებაც განვითარდეს. თუ ის გავრცელებულია, შესაძლოა ღვიძლის ფუნქცია დაირღვეს. იშვიათად ვითარდება ფიბროზული ქსოვილი და პორტული ჰიპერტენზია.
სიმპტომები
თვითონ გრანულომები უსიმპტომოა. ღვიძლი შეიძლება ოდნავ გადიდდეს და განვითარდეს მსუბუქი სიყვითლე (სიყვითლე არის კანისა და თვალის თეთრი ნაწილის მოყვითალოდ შეფერვა). თუ ვითარდება სხვა სიმპტომები, მათი მიზეზია გრანულომების გამომწვევი დაავადება. სარკოიდოზით გამოწვეული გრანულომები შეიძლება სპონტანურად გაქრეს ან დარჩეს წლების განმავლობაში და არ გამოიწვიოს შესამჩნევი სიმპტომები.
იდიოპათიური გრანულომატოზური ჰეპატიტი იშვიათი დაავადებაა, რომლის მიზეზიც უცნობია. ის იწვევს გრანულომების გაჩენას, ცხელებას, კუნთების ტკივილსა და დაღლილობას. ეს სიმპტომები ხშირად ვითარდება თანდათანობით – წლების განმავლობაში.
დიაგნოზი
ექიმები სვამენ კითხვებს წამლების მიღების შესახებ და დაავადებებზე, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ გრანულომები. ექიმები აგრეთვე ატარებენ სისხლის ანალიზებს, რომ შეაფასონ ღვიძლის ფუნქცია და – რადიოლოგიურ კვლევებს, როგორიცაა ულტრაბგერა, კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ/ჩთ) ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა (მრტ/MღI). მიუხედავად ამისა, კვლევის შედეგები საბოლოო დასკვნის გამოტანის საშუალებას შეიძლება არ იძლეოდეს. დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა ბიოფსიის ჩატარება (ქსოვილის ნიმუშის აღება მისი მიკროსკოპის ქვეშ გამოსაკვლევად). მიზეზის დასადგენად შესაძლოა სხვა ანალიზების (მაგალითად, მიკრობიოლოგიური კვლევის) ჩატარება იყოს საჭირო.
მკურნალობა
მკურნალობენ ძირითად დაავადებას. დაავადების გამომწვევი წამლის მიღების შეწყვეტა ან ინფექციის მკურნალობა, ჩვეულებრივ, იწვევს გრანულომების გაქრობას. ზოგჯერ სარკოიდოზის მკურნალობის მიზნით იყენებენ კორტიკოსტეროიდებს, მაგრამ გაურკვეველია, შეუძლია თუ არა კორტიკოსტეროიდებს დაავადების განვითარების თავიდან აცილება.
ჰემანგიომა არის ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნე
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები