ხეხილის რწყვის ვადები, ნორმები და წესები
რწყვის ნორმებისა და ვადების დადგენა დაკავშირებულია ნიადაგის ტიპის, კლიმატური პირობებისა და ხეხილოვან მცენარეთა განვითარების თავისებურებებთან.
ხეხილის ბაღის მორწყვის 3 ძირითადი წესი არსებობს:
1. შტამბის გარშემო ჯამებში მიშვებით; 2. მოღვარვა მთელ ფართობზე; 3. კვლებით რწყვა.
მცირე ზომის ფართობებზე და, მით უმეტეს სარწყავი წყლის უკმარისობის დროს, ყველაზე ხელსაყრელია ჯამებში მიშვება. ერთ ხეს საშუალოდ 100ლ წყალი სჭირდება.
გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: ხშირად ფესვთა სისტემის განვითარების ზონაში არსებობს მლაშე წყალი. ასეთი ნიადაგის უხვმა და ხშირმა რწყვამ, შესაძლოა, მლაშე წყალი ზედა ფენაში ამოიყვანოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სარწყავი წყალი გრუნტისას შეუერთდება.
რწყვის საორიენტაციო ვადებია:
1. ადრე გაზაფხული, კვირტების გაშლამდე;
2. ყვავილობისა და გამონასკვის დამთავრებიდან 15-20 დღის შემდეგ;
3. ივნისში, ნაყოფის ზრდის უზრუნველსაყოფად; ნიადაგში ტენის სიმცირის შემთხვევაში მორწყვა ხელს უწყობს ნასკვების განვითარებასა და საყვავილე კვირტების ჩასახვას;
4. მოსავლის აღებამდე 15-30 დღით ადრე – საჭიროების შემთხვევაში;
5. მოსავლის აღების შემდეგ;
6. შემოდგომით, ფოთლების მასობრივი ცვენის შემდეგ.
გახსოვდეთ
ყოველი მორწყვის შემდეგ შეშრობისთანავე ნიადაგი გააფხვიერეთ. საუკეთესო საშუალებაა ნარგაობის ძირებში ახალგათიბული ბალახის ან ფოთლების სქელ ფენად დაყრა; ამას დამულჩვა ჰქვია. მიწა შესანიშნავად ინარჩუნებს ტენს და ნიადაგის დასკდომა გამორიცხულია.
წაყინვით დაზიანებული ხეხილის მოვლა
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები