საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრი იური გორლოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პაველ უტიუპინი და სხვა ოფიციალური პირები.
„საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. სოფლის მეურნეობა ორივე ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი და სტრატეგიული დარგია, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის განვითარებისათვის მყარ საფუძველს ქმნის. არსებობს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ბელარუსიდან რძისა და რძის პროდუქტების ექსპორტისთვის, ხოლო საქართველოდან ღვინისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბელარუსის ბაზარზე გასატანად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება გარემოს დაცვის და ტყის მართვის საკითხებში“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

