შარდსადენის დაზიანება
შარდსადენის დაზიანება მამაკაცებში უფრო ხშირია. მიზეზი, როგორც წესი, მენჯის ძვლის მოტეხილობა და შორისის დაზიანებაა (ადგილი ფეხებს შორის). შარდსადენი შეიძლება უნებლიეთ ქირურგიული ჩარევის დროსაც დაზიანდეს, მასზე ოპერაციის ან მისი გავლით შარდის ბუშტში ინსტრუმენტების შეყვანის დროს (მაგ. შარდის ბუშტის კათეტერიზაცია ან ცისტოსკოპია დრეკადი, კამერიანი მილით). ზოგჯერ დაზიანებას ცეცხლნასროლი ჭრილობა იწვევს. იშვიათად, მიზეზი თვითდაზიანებაა, როცა ადამიანებს თავად შეჰყავთ უცხო სხეულები შარდსადენში.
შარდსადენის ზოგი დაზიანება დაჟეჟილობით შემოიფარგლება. შესაძლოა მისი ამომფენი გარსიც დაირღვეს, რაც შარდის გაჟონვას გამოიწვევს ასოს, სათესლე პარკის, მუცლის კედლის ან შორისის ქსოვილებში.
შარდსადენის დაზიანების გართულებებია: ინფექცია, სისხლდენა, შეუქცევადი შევიწროვება (სტრიქტურა), ერექციის დარღვევა და შარდის შეუკავებლობა.
სიმპტომები და პროგნოზი
სიმპტომებიდან ყველაზე ხშირად ვლინდება სისხლი ასოს თავზე კაცებში ან შარდსადენის გარეთა ხვრელთან ქალებში, სისხლიანი ან მტკივნეული შარდვა, შარდვის შეუძლებლობა. ფეხებს შორის ან ასოზე შესაძლოა შესამჩნევი იყოს დაჟეჟილობა. სხვა სიმპტომები გართულებებთან ერთად ვლინდება. მაგალითად, თუ შარდი გარშემო ქსოვილებში გაიჟონა, შესაძლოა ინფექცია განვითარდეს. ასევე, დაზიანების ადგილას ან მახლობლად შეიძლება შარდსადენი შევიწროვდეს (სტრიქტურა). მამაკაცებში შესაძლოა ერექციის უნარი დაქვეითდეს (ერექციული დისფუნქცია), ასოს ნერვების ან სისხლძარღვების დაზიანების გამო.
შარდსადენის ტრავმის დიაგნოზი, როგორც წესი, რეტროგრადული უროგრაფიით დასტურდება. ამ დროს საკონტრასტო ნივთიერება პირდაპირ შარდსადენის ბოლოში შეჰყავთ და შემდეგ რენტგენის სურათს იღებენ. აღნიშნული კვლევა შარდსადენის გავლით შარდის ბუშტში კათეტერის ჩადგმამდე ტარდება.
მკურნალობა
დაჟეჟილობის დროს, როცა შარდი არ იჟონება, ექიმი კათეტერს რამდენიმე დღით დგამს შარდის ბუშტში, რათა შარდმა მასში გაიაროს და შარდსადენის ქსოვილები აღდგეს. ჭრილობის შემთხვევაში, კათეტერი პირდაპირ შარდის ბუშტში იდგმება მუცლის ქვედა ნაწილში კანის განაკვეთიდან, რათა შარდმა შარდსადენში საერთოდ არ გაიაროს. ქირურგიული წესით აღდგენა ყველა ტრავმისგან გამოჯანმრთელებისთანავე ან 8-12 კვირის შემდეგ ხდება (როცა ანთება ჩაცხრება). ზოგჯერ ჭრილობები ოპერაციის გარეშე, თავისით ხორცდება.
მკურნალობა მიზნად ისახავს გართულებების თავიდან აცილებას და თუკი ისინი მაინც განვითარდა – მათ გამოსწორებასაც.
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები