მეცნიერების შედარებით ახალი დისციპლინა – ფერების ფსიქოლოგია, რომელიც ესთეტიკის, ნეირომეცნიერების, კულტურისა და თავად ფსიქოლოგიის დარგებს აერთიანებს, ერთი მხრივ, ფერების პერსონალურ აღქმასა და ემოციონალურ ტიპოლოგიას, მეორე მხრივ, მათ გავლენას იკვლევს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მის ქცევასა და მოტივაციაზე, რადგან როგორც აღმოჩნდა, ფერები მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ადამიანის გრძნობებისა და ემოციების, მეხსიერებისა და ინტუიციის ფორმირებას.
მეტიც, ფსიქოლოგები დარწმუნებული არიან, რომ ფერის ინტენსივობა უშუალოდ ზემოქმედებს ადამიანის განწყობასა და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, კონცენტრაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარზე, რადგან ზოგი ფერი ამშვიდებს და ახალისებს, ზოგი კი, პირიქით, შფოთსა და აგრესიას იწვევს.

ფერების ინდივიდუალური აღქმა
ფერი, რომელიც აზრისა და ემოციის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა, სინამდვილეში არა მეტაფიზიკური ფორმა, არამედ ტვინის მიერ აღქმული და ინტერპრეტირებული ელექტრომაგნიტური ტალღაა, როცა სინათლე კონკრეტულ მანძილზე აირეკლება საგნიდან, ადამიანის ტვინი კი, ამ ინფორმაციას ემოციურ ტონად – სიმშვიდის, სითბოს, სიცივის ან საფრთხის იმპულსად “თარგმნის” და გარკვეულ ფერს ანიჭებს. კვლევების თანახმად, ფერი პირველ რიგში ლიმბურ სისტემაზე – ტვინის იმ ნაწილზე ზემოქმედებს, რომელიც ემოციებს, ინსტინქტებს აკონტროლებს და სწორედ ამიტომაა, რომ ტანსაცმლის ან ინტერიერის ფერის შეცვლისას გაუცნობიერებლად იცვლება ადამიანის განწყობაც.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ფერის ინდივიდუალური აღქმა, რადგან ყველა ადამიანს ფერის საკუთარი ასოციაცია აქვს, რომელიც მეტწილად ბავშვობის გამოცდილებისა და ჩვეული გარემოს წყალობით ყალიბდება. მაგალითად, ინტერიერის ფერი ბავშვობიდან, ზოგჯერ უსაფრთხოებასა და მყუდროებასთან, ზოგჯერ კი, შიშსა და დათრგუნვასთან ასოცირდება, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დაილექა წარსული ადამიანის მეხსიერებაში.
ფერების სიმბოლური დატვირთვა
ფერმა, როგორც სიმბოლურმა ნიშანმა მრავალგზის ტრანსფორმაცია განიცადა საუკუნეების მანძილზე და განსხვავებული მნიშვნელობით ჩამოყალიბდა სხვადასხვა კულტურაში. მაგალითად, თეთრი ფერი, რომელიც დასავლურ სამყაროში უმანკოებას, სიწმინდეს განასახიერებს და საქორწინო ფერად ითვლება, აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთსა და ჩინეთში მწუხარებასა და გლოვასთან ასოცირდება. განსხვავებული დატვირთვა აქვს შავ ფერსაც, რომელიც დასავლეთში სიკვდილის სიმბოლოა, აფრიკული ტომები კი, ენერგიის, სიცოცხლის განსახიერებად მიიჩნევენ.

ფერების თერაპია
ფერების თერაპია (ანუ ქრომოთერაპია), რომელიც თეორიულ ფსიქოლოგიასა და სამკურნალო პრაქტიკას აერთიანებს, მეტწილად ემოციური ბალანსის აღსადგენად და სტრესის შესამცირებლად, შფოთვისა და დეპრესიის შესამსუბუქებლად იყენებს ფერებს. მართალია, ადამიანებმა უძველეს დროშიც კარგად იცოდნენ ფერების სამკურნალო თვისებების შესახებ, მაგრამ დღეს მათი ცოდნა ფსიქოლოგიური და ნეირომეცნიერული კვლევებითაა გამყარებული, რაც ფერების თერაპიის ბევრად ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა.

როგორც აღმოჩნდა, ყველა ფერს თავისი ენერგეტიკული ვიბრაცია აქვს, რომელიც ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ადამიანზე. მაგალითად, ლურჯი ფერი ღრმად სუნთქვასა და ნერვული სისტემის მოდუნებას, ნარინჯისფერი კი, ენერგიის აღდგენასა და სოციალური აქტივობის გაძლიერებას უწყობს ხელს. თუმცა, სასურველი შედეგის მისაღწევად გასათვალისწინებელია ფერთა ინტენსივობა, მათი კომბინაცია და გამოყენების ხანგრძლივობა, რადგან ადამიანები, რომლებიც ინდივიდუალურად აღიქვამენ ფერებს, ზემოქმედებასაც განსხვავებულად განიცდიან და ის, რაც ერთს ამშვიდებს, შესაძლოა მეორე აღაგზნოს და გააღიზიანოს.
ფერები, როგორც ხასიათის განმსაზღვრელი
ბევრი თვლის, რომ საყვარელ ფერს მხოლოდ გემოვნებისა და ესთეტიკური ხიბლის წყალობით ირჩევს და წარმოდგენა არ აქვს, რომ გაუცნობიერებლად სწორედ იმ ფერს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც იდეალურად ერგება მის შინაგან სამყაროს, ემოციურ რიტმსა და პიროვნულ თვისებებს. ფსიქოლოგიურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ფერები ერთი მხრივ, ადამიანის გრძნობების ინტენსივობას და ხასიათის სტრუქტურას განსაზღვრავენ, მეორე მხრივ კი, საზოგადოების წინაშე წარდგენასა და საკუთარი თავის გაცნობაში ეხმარებიან.

ფერები სამოსსა და ინტერიერში
სამოსის ფერი ადამიანის განწყობასა და ენერგიაზე, სოციალურ როლსა და კომუნიკაციის ფორმაზე მიანიშნებს, რადგან ერთი მხრივ, მის ემოციურ მდგომარეობას გადმოსცემს, მეორე მხრივ კი, გარშემომყოფთა აზრის ფორმირებას უწყობს ხელს, ფერები ინტერიერში კი, არა მხოლოდ კომფორტისა და პოზიტიური განწყობის შექმნაზე, არამედ ყურადღების გამახვილების, კონცენტრირების უნარის გაძლიერებასა და პროდუქტიულობის გაზრდაზეც ზრუნავენ.

ფერების მნიშვნელობა
ფერები ერთგვარი არავერბალური კომუნიკაციის ფორმა, ადამიანის “სულის სარკე” და მისი “ემოციების ენაა”, რომლითაც უსიტყვოდ ესაუბრება სამყაროს, რადგან როცა კონკრეტული ფერის ტანსაცმელს ან ინტერიერს ირჩევს, გაუცნობიერებლად გადმოსცემს საკუთარ ემოციურ მდგომარეობას.

წითელი
წითელი – სიცოცხლის და მოქმედების, ძალის და ენერგიის, ვნების და ჟინის ფერია, რომელიც აღმოსავლურ კულტურაში სიმდიდრესა და ბედნიერებას განასახიერებს, დასავლურ სამყაროში კი, მეტწილად ვნებას და სიყვარულს, ზოგჯერ აგრესიას და საფრთხეს სიმბოლიზირებს. წითელი ფერი აძლიერებს გულისცემას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ზრდის ადრენალინის დონეს, სტიმულირებს ფიზიკურ აქტივობას და სწორედ ამიტომ გამოიყენება ინტენსიურად სპორტული ბრენდების რეკლამაში.

წითელს მეტწილად ენერგიული და მიზანდასახული, თამამი და აქტიური, თუმცა ემოციური და იმპულსური ადამიანები ირჩევენ, რომლებიც ყოველთვის სწრაფად, გადადების გარეშე მოქმედებენ და არასდროს ერიდებიან კონკურენციას, რადგან მუდმივად საკუთარი შესაძლებლობების და ლიდერული თვისებების დემონსტრირებას ცდილობენ. წითელი ფერის სამოსი გამბედაობასთან, თავდაჯერებულობასა და დომინირების სურვილთან ასოცირდება, მისი მფლობელი კი, სწრაფად იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას და მოიპოვებს პატივისცემას, რადგან აქტიურ და მიზანდასახულ ადამიანად იდენტიფიცირდება. მართალია, წითელი – თბილი ფერია, მაგრამ ინტერიერში მისი გამოყენება მაინც მცირე აქცენტებითაა რეკომენდირებული, რადგან მოჭარბებული წითელი მხოლოდ აგზნებას და აგრესიას, სტრესსა და შფოთს იწვევს.
ლურჯი
ლურჯი, რომელიც პირველ რიგში ცისა და ზღვის ფერია, ქრისტიანულ კულტურაში სიწმინდესთან, მარადიულობასთან ასოცირდება და ღვთისმშობლის ფერად ითვლება. დასავლურ სამყაროში ლურჯი შინაგან სიმშვიდეს, ნდობას და ერთგულებას განასახიერებს, ამიტომ ხშირად გამოიყენება საფინანსო და სამედიცინო დაწესებულებების ლოგოებზე. ლურჯი ფერი ხელს უწყობს ნერვული სისტემის დამშვიდებას და შფოთვის შემცირებას, აუმჯობესებს მეტყველების და აზროვნების უნარს.

ლურჯს მშვიდი, სანდო და ინტროსპექტული ხასიათის – საკუთარი შინაგანი სამყაროს, გრძნობებისა და ფიქრების გააზრებისკენ მიდრეკილი ადამიანები ირჩევენ, რომლებიც სტაბილურობას და პროფესიონალიზმს აფასებენ, ყოველთვის მკაცრად იცავენ წესრიგს და საკუთარი თავისთვის დადგენილ წესებს. “ლურჯები” ერთგულებით და პრინციპულობით, ლოგიკური და სიღრმისეული აზროვნებით გამოირჩევიან, მოსწონთ რუტინული სამუშაო და ვერ ეგუებიან ქაოსს, უყვართ ყველა წვრილმანის წინასწარ გათვლა და დაგეგმვა. ლურჯი ფერის სამოსი მეტწილად სტაბილურობასა და პასუხისმგებლობასთან, მორალურ სიმტკიცესა და ძლიერ ნებისყოფასთან ასოცირდება, ამიტომ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ბიზნესის სფეროში, მით უფრო, რომ მუქი ლურჯი ავტორიტეტს მატებს ადამიანს, ღია ტონები კი, მის მშვიდ ხასიათსა და კომუნიკაბელურობაზე მიანიშნებენ.
მწვანე
მწვანე – ბუნების და სიცოცხლის, ბალანსის და ჰარმონიის ფერია, რომელიც ზრდასთან, განვითარებასა და განახლებასთან ასოცირდება. უძველეს კულტურებში მწვანე ფერი ნაყოფიერებას და სამკურნალო ენერგიას განასახიერებდა, ეკოლოგიურ სიმბოლიკაში კი, ბალანსის, ბუნებასთან კავშირისა და სიცოცხლის გაგრძელების სიმბოლოა.

მწვანე ფერს მშვიდი და გაწონასწორებული, ჰუმანური და ემპათიური ადამიანები ირჩევენ, რომლებიც პირველ რიგში, საკუთარ თავში ეძებენ ჰარმონიას, აფასებენ გულწრფელობას, სანდო ადამიანებს და საიმედო ურთიერთობას, რადგან ზედმეტად ფრთხილები, დამთმობები არიან და დიდხანს ორჭოფობენ გადაწყვეტილების მიღებისას. მწვანე ფერის სამოსი ადამიანის მშვიდ ხასიათს, ბუნებრივობასა და კეთილგანწყობას გამოხატავს. მუქი მწვანე მის სერიოზულობას და სანდოობას, ღია ტონები კი, ოპტიმიზმსა და ახალგაზრდულ შემართებას უსვამს ხაზს. მწვანე ფერი, რომელიც პირველ რიგში, ბუნებასა და ჰარმონიასთან ასოცირდება, ამცირებს დაძაბულობას და აგრესიას, აღადგენს ენერგეტიკულ ბალანსს და აძლიერებს კონცენტრაციის უნარს, ამიტომ რეკომენდებულია ინტერიერში მწვანე ელემენტების შეტანა და მცენარეებით გაფორმება.
ყვითელი
ყვითელი – მზის ფერია, ამიტომ სინათლესთან და სიხარულთან, ოპტიმიზმთან და ენთუზიაზმთან ასოცირდება. ძველ ეგვიპტეში სწორედ ყვითელი ითვლებოდა ღვთაებრივი ენერგიის ფერად, თანამედროვე იაპონიაში კი, კეთილშობილებას და ღირსებას განასახიერებს. ყვითელი ფერი ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს მუშაობას სტიმულირებს, რითაც შემოქმედებით პროცესს და ლოგიკურად აზროვნების უნარს ააქტიურებს, თუმცა ინტენსიური ყვითელი ხშირად ნერვიულობის, დაძაბულობის და შფოთვის მიზეზი ხდება. ყვითელი ოპტიმისტი და შემოქმედებითი, კომუნიკაბელური და სიცოცხლისმოყვარე ექსტრავერტების ფერია, რომლებიც გარე სამყაროსთან და ადამიანებთან ურთიერთობით იმუხტებიან დადებითი ენერგიით, რადგან მხოლოდ საუკეთესოს ხედავენ გარშემომყოფებში. ჩვეულებრივ, “ყვითლები” სწრაფად აზროვნებენ და აქტიურად ინტერესდებიან ინოვაციებით ნებისმიერ სფეროში, თუმცა მოუსვენრები, თავქარიანები და ზედაპირულები არიან, რაც ხელს უშლით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

ყვითელი ფერის სამოსი, რომელსაც მეტწილად ოპტიმისტი და გულღია ადამიანები ირჩევენ, სწრაფად იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას, ხელს უწყობს კომუნიკაციას, პოზიტიური და მეგობრული გარემოს შექმნას, თუმცა ჭარბად გამოყენება მისი მფლობელის თავქარიანობასა და არასერიოზულობაზე მიანიშნებს. ინტერიერში ყვითელი ფერი, რომელიც სინათლეს, პოზიტიურობას მატებს სივრცეს, ინტელექტსა და ინსპირაციას სტიმულირებს, თუმცა მხოლოდ ზომიერად, რადგან ინტენსიური ყვითელი მხოლოდ აღაგზნებს და დისკომფორტის, დაუკმაყოფილებლობის გრძნობას იწვევს.
შავი
შავ ფერს ყოველთვის ორმაგი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ერთი მხრივ, მისტიკას და მაგიას, სიკვდილსა და სიბნელეს განასახიერებდა, მეორე მხრივ კი, სტაბილურობასა და ძალაუფლებასთან, ტრანსფორმაციასა და აღორძინებასთან ასოცირდებოდა. მეტიც, აღმოსავლეთში შავი ფერი სულიერ გარდასახვას სიმბოლიზირებს, დასავლურ კულტურაში კი, ერთდროულად გამოხატავს დარდს და მწუხარებას, სიძლიერეს და ავტორიტეტს, ტოტალურ კონტროლსა და ავისმომასწავებელ იდუმალებას.

შავს, რომელიც ნაცრისფერთან ერთად ყველაზე ელეგანტურ ფერად ითვლება, მეტწილად ინტელექტუალები, თავისუფალი და დამოუკიდებელი ინტროვერტები ირჩევენ, ვისზე გავლენის მოხდენა პრაქტიკულად შეუძლებელია. მართალია, “შავებს”, რომლებიც დიდად აფასებენ პირად სივრცეს, ყოველთვის კარგად გამოსდით თვითკონტროლი და საიდუმლოს შენახვა, მაგრამ გარეგნული სიმკაცრის მიუხედავად საოცრად მგრძნობიარე და ემოციურები არიან. შავი სამოსით ადამიანები არა მხოლოდ მორალური სიმტკიცის და თვითრწმენის დემონსტრირებას ცდილობენ, არამედ თვითონაც ყველასგან დისტანცირებენ და სხვებისგანაც ანალოგიურს მოითხოვენ. ინტერიერში შავი ფერის გამოყენება ნაკლებადაა რეკომენდირებული, რადგან არა მხოლოდ ვიზუალურად ამცირებს სივრცეს, არამედ დამთრგუნველ, პირქუშ გარემოს ქმნის, მისი გამოყენება მხოლოდ ფრაგმენტულად, ფონად შეიძლება სხვა ფერების აქცენტირებისთვის.
თეთრი
თეთრი – სიწმინდის, სიმშვიდის და სიცხადის ფერია, რომელიც დასავლურ კულტურაში უმანკოებას, ახალ საწყისს განასახიერებს და საქორწინო ცერემონიის დროს გამოიყენება, აღმოსავლეთში კი, სულის განწმენდის, გარდამავალი მდგომარეობის სიმბოლოდ ითვლება და მეტწილად სამგლოვიარო რიტუალებში ჭარბობს. თეთრ ფერს მშვიდი და გაწონასწორებული, მშვიდობისმოყვარე იდეალისტები ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც დიდად აფასებენ სტაბილურობას და წესრიგს, სამართლიანობასა და პატიოსნებას, რადგან არც თვითონ უყვართ ტყუილები, არც სხვას პატიობენ სიცრუეს, ყველა წვრილმანში “დიდ აზრს” ეძებენ და გულწრფელად ეხმარებიან ადამიანებს, თუმცა, ზოგჯერ ზედმეტად თვითკრიტიკულები არიან, რითაც პირველ რიგში საკუთარ თავს აყენებენ ზიანს.

თეთრ სამოსს, რომელიც უმანკოებას, ზოგჯერ მიამიტობას გამოხატავს, მეტწილად გულწრფელი და გულღია ადამიანები ირგებენ, რომლებიც საკუთარი დისკომფორტის ხარჯზე ცდილობენ სხვებისთვის კომფორტის შექმნას. ინტერიერში თეთრი ფერი ვიზუალურად ზრდის სივრცეს და იდეალურად ერგება მინიმალისტურ სტილს, ამშვიდებს აგზნებულ გონებას და აღადგენს სულიერ წონასწორობას.
იასამნისფერი
იასამნისფერი – სიბრძნის, გონებაგამჭრიახობისა და ინტუიციის ფერია, რომელიც უძველეს დროში მონარქიის სიმბოლოდ ითვლებოდა, რადგან ძალაუფლებას, ავტორიტეტსა და სულიერ განსწავლულობას განასახიერებდა. იასამნისფერს მეტწილად კარგი ინტუიციისა და ლოგიკური აზროვნების, ემპათიური ადამიანები ირჩევენ, რომლებიც ყველა წვრილმანს გულდასმით იკვლევენ და ნაკლებად იზიარებენ ზედაპირულ ურთიერთობას. აღსანიშნავია, რომ იასამნისფერი – “წითელ ენერგიას” და “ლურჯ სიმშვიდეს” აერთიანებს, ამიტომ ამ ფერის მოყვარულებს მუდმივად ბალანსირება უწევთ ორ განზომილებას შორის.

იასამნისფერი სამოსი ადამიანის ინდივიდუალობას და ორიგინალურობას გამოხატავს, ამიტომ მეტწილად დახვეწილი გემოვნების ინტელექტუალები ირჩევენ. მუქი იასამნისფერი ადამიანის სერიოზულობასა და პასუხისმგებლობაზე, ღია ტონები კი, მის შემოქმედებით ბუნებასა და მდიდარ წარმოსახვაზე მიანიშნებენ. ინტერიერში იასამნისფერს, რომელსაც სტრესის შემსუბუქება და სულიერი ჰარმონიის აღდგენა შეუძლია, მეტწილად შემოქმედებითი გარემოს შესაქმნელად იყენებენ, რადგან აძლიერებს შთაგონებას და ხელს უწყობს გონებრივ მუშაობას.
ვარდისფერი
ვარდისფერი – სითბოს და სიხარულის, სიკეთისა და თანაგრძნობის ფერია, რომელიც დასავლურ კულტურაში სიყვარულსა და რომანტიზმს განასახიერებს, აღმოსავლეთში კი, ახალგაზრდობისა და სიცოცხლის სიმბოლოდ ითვლება. ჩვეულებრივ, ვარდისფერს მორცხვი და მორიდებული, კეთილი და გულისხმიერი, სენტიმენტალურად განწყობილი რომანტიკოსები ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც ბავშვური გულწრფელობით, ოპტიმიზმით გამოირჩევიან და ყოველთვის მთელი გულით ზრუნავენ სხვებზე. რომანტიკოსი “ვარდისფერებისთვის” სიყვარული არა უბრალოდ გრძნობა, არამედ ცხოვრების სტილია, ამიტომ მაქსიმალურად ერიდებიან კონფლიქტებს, მით უფრო, რომ ზედმეტად მგრძნობიარეები არიან და ადვილად კარგავენ თვითკონტროლს, როცა რეალობა არ ამართლებს მათ მოლოდინს. აღსანიშნავია, რომ ვარდისფერი – “წითელ ვნებას” და “თეთრ უმანკოებას” აერთიანებს, ამიტომ ამ ფერის მოყვარულებს მუდმივი ბრძოლა აქვთ საკუთარ თავთან, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, რადიკალურად იცვლებიან და თუ ახალგაზრდობაში რომანტიკოსები და მეოცნებეები იყვნენ, ასაკოვნები ბევრად პრაგმატულები და გაწონასწორებულები ხდებიან.

ვარდისფერი სამოსი, რომელსაც მეტწილად სუსტი სქესის წარმომადგენლები ირჩევენ, მათ სინაზესა და ქალურობას უსვამს ხაზს, თუმცა გარდერობის განახლებისას სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რადგან მოჭარბებული ვარდისფერი პრიმიტიულ, ზედმეტად ბავშვურ, ზოგჯერ ვულგარულ იერს იძენს. ინტერიერში ვარდისფერს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ამიტომ ხშირად გამოიყენება მყუდრო, კომფორტული გარემოს შესაქმნელად და სტრესის შესამცირებლად.
ნაცრისფერი
ნაცრისფერი – ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ერთგვარი “გარდამავალი” ფერია, რადგან არც თეთრია, არც შავი, ან პირიქით, ორივე ფერს აერთიანებს და სწორედ ამგვარი ორაზროვნების გამო ითვლება ერთი მხრივ, ნეიტრალურობის და გულგრილობის, მეორე მხრივ, ბალანსისა და სტაბილურობის ფერად. ნაცრისფერის მოყვარულები მეტწილად მშვიდი და სერიოზული, სანდო და საიმედო პროფესიონალები, მოწიფული და გაწონასწორებული ადამიანები არიან დისციპლინისა და თვითკონტროლის უნარით, რომლებიც არასდროს ამჟღავნებენ საკუთარ ემოციებს და თავგამოდებით იცავენ პირად სივრცეს. “ნაცრისფერები” დიდად აფასებენ გონიერებას და პრაქტიკულობას, არ მოსწონთ ხმაურიანი თავყრილობები და ყოველთვის ერიდებიან ზედმეტ ყურადღებას, რადგან მათი გარეგნული გულგრილობა სინამდვილეში, ქრონიკული დაღლის და ემოციური გამოფიტვის შედეგია.

აღსანიშნავია, რომ მუქი ნაცრისფერის მოყვარულები მეტწილად მშვიდი და დაკვირვებული, ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანები არიან, რომელთაც თავსატეხების ამოხსნა და ყველაფრის სტრუქტურულად გამართვა უყვართ, მაშინ როცა ღია ფერის ტონებს მეტწილად ინერტული და ინდეფერენტული, ემოციურად ცივი და გულგრილი, რუტინისადმი მიდრეკილი ადამიანები ირჩევენ, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი სამყაროს გარე ქაოსისგან დაცვას და სულიერი წონასწორობის შენარჩუნებას.
ნარინჯისფერი
ნარინჯისფერი, რომელიც “წითელ ჟინსა და ვნებას” აერთიანებს “ყვითელ სიხარულსა და ოპტიმიზმთან”, ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული და ინტენსიური ფერია, რადგან სიხარულსა და თავისუფლებასთან, კომუნიკაბელურობასა და სპონტანურობასთან ასოცირდება.

ნარინჯისფერის მოყვარულები უშუალო და ექსპრესიული, იმპულსური და ემოციური, თუმცა გულღია და გულწრფელი, ენთუზიაზმით სავსე ოპტიმისტები არიან, რომელთაც ძალიან უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, სარისკო თავგადასავლებში ჩაბმა და ყველა სიახლის მოსინჯვა. ამასთანავე, ჰაერივით სჭირდებათ ადამიანებთან ურთიერთობა, რადგან ძალიან განიცდიან უყურადღებობას და მიტოვებულად გრძნობენ თავს. ნარინჯისფერი სამოსი ადამიანის კეთილგანწყობასა და კომუნიკაბელურობაზე, მის სითამამესა და უკომპლექსობაზე მიანიშნებს, ინტერიერში კი ნარინჯისფერი თბილ და კომფორტულ, გემრიელ და მადის აღმძვრელ გარემოს ქმნის, ამიტომ ხშირად იყენებენ რესტორნებსა და კაფეებში.
ყავისფერი
ყავისფერი – ბუნებისა და მიწის ფერია, ამიტომ პირველ რიგში, პრაქტიკულობასა და პრაგმატულობასთან, უსაფრთხოებასა და კომფორტთან ასოცირდება. ყავისფერს მეტწილად საიმედო და პასუხისმგებელი ადამიანები ირჩევენ, ვისთანაც ყოველთვის კომფორტულია ურთიერთობა, რადგან ერთგული და გულწრფელი მეგობრები არიან. “ყავისფრებს” ძალიან უყვართ კომფორტი და ოჯახური მყუდროება, თუმცა უფრთხიან ცვლილებებს და სიახლეებს, რადგან “ჯიუტი” კონსერვატორები არიან და ყოველთვის “კბილებით იცავენ” ძველ ტრადიციებს. ამასთანავე, არასდროს კარგავენ რეალობის შეგრძნებას, არ უყვართ მოვლენების დრამატიზირება და ყოველთვის მყარად დგანან ფეხზე.

ყავისფერი სამოსი ადამიანის პუნქტუალურობაზე, მის პასუხისმგებლობასა და სანდოობაზე, ბუნებრივობასა და შინაგან ელეგანტურობაზე მიანიშნებს, ინტერიერში კი, მეტწილად მშვიდი, მყუდრო გარემოს შესაქმნელად გამოიყენება, თუმცა მხოლოდ ზომიერად, რადგან მოჭარბებული ყავისფერი სტატიკურობის და სტაგნაციის შეგრძნებას იწვევს.

