A-ჰეპატიტი
A-ჰეპატიტი თავდაპირველად ვრცელდება ფეკალურ- ორალური გზით (ერთი ადამიანის განავლის ნაწილაკების მეორე ადამიანის პირის ღრუში მოხვედრით), ჩვეულებრივ, ჰიგიენის წესების დაუცველობის გამო. მაგალითად, როდესაც დაინფიცირებული ადამიანი ამზადებს საკვებს დაუბანელი ხელებით. A-ჰეპატიტი ზოგჯერ ვრცელდება საბავშვო ბაღებში, სადაც აღმზრდელებსა და ბავშვებს შეიძლება კონტაქტი ჰქონდეთ საფენებში არსებულ დაინფიცირებულ განავალთან. იმ წყლებში დაჭერილი მოლუსკები, სადაც გადაუმუშავებელი საკანალიზაციო წყალი ჩაედინება, ზოგჯერ დაინფიცირებულნი არიან და მათი უმად ჭამა შეიძლება ინფექციის მიზეზი გახდეს.
ხშირია სასმელი წყლის განავლით დაბინძურების გამო განვითარებული ეპიდემიები, განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში.
A-ჰეპატიტის უმეტესი შემთხვევები უსიმპტომოა და ხშირად ვერ ხერხდება მათი ამოცნობა; თუმცა, შეიძლება განვითარდეს მწვავე ჰეპატიტის ტიპური სიმპტომები. მწვავე ინფექციის შემდეგ, ჩვეულებრივ, სრული გაჯანსაღება ხდება, ელვისებური ფორმების გამოკლებით. ასეთი შემთხვევები იშვიათია (B-ჰეპატიტთან შედარებით). ადამიანები A-ჰეპატიტით ინფექციის შემდეგ არ ხდებიან მატარებლები და ვირუსი არ იწვევს ქრონიკულ ჰეპატიტს.
მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა საკვების მომზადებისა და მოხმარებისას და წყლის დაბინძურების თავიდან აცილება.
ვაქცინა A-ჰეპატიტის წინააღმდეგ რეკომენდებულია ყველა ბავშვისთვის. აგრეთვე, რეკომენდებულია მოზარდებისთვის, რომელთაც ინფექციასთან შეხების მაღალი რისკი აქვთ:
მოგზაურები, რომლებიც დედამიწის იმ ადგილებს სტუმრობენ, სადაც A-ჰეპატიტი ფართოდ არის გავრცელებული;
სამხედროები;
საბავშვო ბაღის თანამშრომლები;
დასუფთავების სამსახურის მუშაკები;
ადამიანები, რომლებიც მუშაობენ დიაგნოსტიკურ ან კვლევით ლაბორატორიებში, სადაც შეხება აქვთ A-ჰეპატიტის ვირუსთან;
ადამიანებს, რომელთაც აქვთ ღვიძლის ქრონიკული დაავადებები ან სისხლის შედედების პრობლემები;
კაცები, რომლებსაც სექსი აქვთ კაცებთან;
წამალდამოკიდებული პირები (რომლებიც, ხშირად ინფიცირდებიან ნარკოტიკების მოხმარების გარდა სხვა მიზეზებითაც).
ადამიანებს, რომელთაც შეხება ჰქონდათ A-ჰეპატიტთან, აძლევენ სტანდარტულ იმუნოგლობულინს*. ასეთი მკურნალობა ადამიანს აცილებს ინფექციის განვითარებას ან ამცირებს მის სიმწვავეს. იმუნოგლობულინის მიცემა შეიძლება ვაქცინასთან ერთად.
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)