ბოლო დღეებში კვერცხზე მოთხოვნა გაიზარდა. ბოლო ხანს მაღაზიაში ქათმის კვერცხის დეფიციტი შეიმჩნევა
„კუმისის“ დირექტორი გოგიტა მაისურაძე ამას ჩვეულებრივ პანიკას უკავშირებს. მისი თქმით, მოქალაქეები პროდუქტის მარაგს ზედმეტად აგროვებენ, რაც დეფიციტის შთაბეჭდილებას ქმნის.
მოქალაქეები რამდენიმე კვირაა საუბრობენ, რომ სუპერმარკეტებში პერიოდულად კვერცხის ნეკლებობაა. მეფრინველეობის ასოციაციის განმარტებით, რაოდენობის დროებითი შემცირება იმპორტის კლებამ გამოიწვია. იმავდროულად გავრცელდა ვარაუდი, თითქოს პრობლემა ფრინველის გრიპის გავრცელებას უკავშირდებოდა, თუმცა სურსათის ეროვნული სააგენტო ამ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ დაავადების შესაძლო შემთხვევებზე არცერთი შეტყობინება არ მიუღიათ.
მაისურაძის თქმით, სიტუაცია მალე დალაგდება და დაახლოებით ათ დღეში ბაზარი ჩვეულ რეჟიმზე გადავა.
მისი თქმით, „უზომო შესყიდვები“ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ზოგჯერ დახლები ცარიელდება:
„ხალხი იმდენ კვერცხს ყიდულობს, რამდენიც რეალურად არ სჭირდება — თუ 4 ცალი საკმარისია, 20-ს იღებენ. ზოგს ჰგონია, რომ პროდუქტის მარაგი დასრულდება და ამიტომ აგროვებს. ამას პანიკის ელფერი აქვს და ვფიქრობ, მალე ჩაივლის.“
მან პირადი შემთხვევაც გაიხსენა:
ერთ-ერთი მომხმარებელი, ვისაც 50 კვერცხი ჰქონდა ნაყიდი, უამბო, რომ „ალბათ გაწყდება“ და ამიტომ იღებდა ზედმეტს. მაისურაძის თქმით, მსგავსი ისტორიები მას ხშირად ესმის ახლობლებისგანაც.
მისივე განცხადებით, „კუმისის“ ფაბრიკა ზედმეტი დატვირთვითაც ნორმალურად მუშაობს და პროდუქციის რაოდენობა ამ წელს უფრო მაღალია, ვიდრე შარშან.
„ჩვენს ფერმაში არანაირი შეფერხება არ დაფიქსირებულა. პირიქით — ნოემბრის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 12.5%-ით მეტი პროდუქცია გვაქვს წარმოებული და დეკემბრის მაჩვენებელი ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება.“
მაისურაძე ასევე აღნიშნავს, რომ ცოცხალ ფრინველში დაავადებები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წარმოება საფრთხის ქვეშაა:
„რაც ახლა ხდება, უბრალოდ გადაჭარბებული რეაქციაა. ჩვენს ფაბრიკაში პრობლემები არ გვაქვს — წარმოება ჩვეულებრივად და კიდევ უფრო მაღალ დონეზე მიმდინარეობს.“
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

