სასარგებლო რჩევები
1. ძროხის ნაკელში გამრავლებული ბაქტერიები კარგად უმკლავდებიან დაავადება ნაცარს. ამიტომ 1 წილი ნაკელი გახსენით 3 წილ წყალში, დააყოვნეთ 3 დღე-ღამის განმავლობაში, გაწურეთ, გააზავეთ წყლით 1:3-ზე და საღამოს შეასხურეთ დაავადებულ მცენარეს.
2. ყინვების დაწყებამდე შტამბსა და დედა ტოტებზე ბაქტერიული კიბოთი დაზიანებული ადგილები ამოჭერით საღ მერქნამდე, დაამუშავეთ 3%-იანი შაბიამნის ხსნარით და ამოლესეთ ნაზავით: 70% ნიგროლი, 15% კანიფოლი, 15% პარაფინი, ან 70% ნიგროლი და 30% ხის ნაცარი. ბაქტერიული კიბოს წინააღმდეგ ფოთოლცვენის დაწყებამდე ასხურებენ 1%-იან ბორდოს ხსნარს (1 კგ შაბიამანი, 1 კგ კირი 100ლ წყალზე).
3. ატმის ფოთლის სიხუჭუჭის წინააღმდეგ, ფოთოლცვენის შემდეგ, მცენარეებსა და შტამბის გარშემო ნიადაგს შეასხურეთ 5%-იანი შარდოვანას ხსნარი (10 ლ წყალზე 500 გ შარდოვანა). ახალგაზრდა ხეებს შეასხურეთ იგივე 4%-იანი ხსნარი. ფოთლის სიხუჭუჭის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა მცენარეთა შესხურება და ფესვების დამუშავება ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატ „ბიორაგის“ ხსნარით.
4. მავნებელთა და დაავადებათა მოზამთრე სტადიების გასანადგურებლად, ფოთოლცვენის შემდეგ, ვეგეტაციის დაწყებამდე, როცა ჰაერის ტემპერატურა +5ºჩ-ზე მაღალია და 20ºჩ-ზე დაბალი, კარგია ხე-ბუჩქნარს შეასხუროთ 1%-იანი დნოკის ხსნარი (10 ლ წყალზე – 100 გ), შესხურება რეკომენდებულია 2-3 წელიწადში ერთხელ.
5. პამიდვრის ახალი, საღი მიწისზედა ნაწილებისა და ფესვების 4 კგ ნედლი მასალის ნაყენი გამოიყენება ხერხიების ღიად მცხოვრები მატლების წინააღმდეგ.
ნახარშის დამზადების წესი: 4 კგ ახალ, ნედლ მწვანე მასას ათავსებენ ჭურჭელში, ასხამენ 10ლ წყალს და ადუღებენ 30 წუთს. შესხურების წინ აზავებენ წყლით შეფარდებით 1:3 და უმატებენ 10 ლ ნახარშზე 40 გ საპონს.
6. გვირილის ფოთლებსა და თანაყვავილედებს აშრობენ ჩრდილში, დაქუცმაცებულ მშრალ მასალას ათავსებენ ვედროში. 1 კგ მშრალ მასას ასხამენ 10 ლ წყალს და აჩერებენ 12 სთ. შემდეგ ატარებენ საცერში, აზავებენ წყლით (1:3), უმატებენ 40გ საპონს და ასხურებენ. ვეგეტაციის პერიოდში გამოიყენება ტილების, ტკიპების და სხვა მწუწნავი მავნებლების წინააღმდეგ.
7. ფარსმანდუკის ფოთლებს და მწვანე მასას აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში. მასას აშრობენ, აქუცმაცებენ. 800 გ გამომშრალ მასალას უმატებენ 10 ლ ადუღებულ წყალს და აჩერებენ 36-38 საათს, ანდა ადუღებენ 30 წუთს. 10ლ ნახარშს უმატებენ 20 გ საპონს და იყენებენ ხეხილის ფსილების, ტილების, ტკიპების და სხვა მწუწნავი მავნებლების წინააღმდეგ ერთჯერადი შესხურებისთვის მავნებლის გამოჩენისთანავე.
8. აბზინდის მწვანე მასას აგროვებენ ყვავილობის დროს, 1 კგ-ს ათავსებენ ვედროში, ასხამენ 10 ლ წყალს, ადუღებენ 10-15 წუთს. აცივებენ, ატარებენ საცერში, უმატებენ 40 გ საპონს 10 ლ ნახარშზე და ასხურებენ ვეგეტაციის პერიოდში მღრღნელი მავნებლების წინააღმდეგ 15 დღის ინტერვალით 2-ჯერ.
9. ბურბუშელას კარგად გარეცხილ 300გ ფესვებს ან 400გ წინასწარ დაჭრილ ნედლ ფოთლებს ასხამენ 10 ლ თბილ წყალს და აჩერებენ 1-2სთ. ატარებენ საცერში და ასხურებენ მცენარეს ვეგეტაციის პერიოდში დაყვავილებისთანავე.
10. ფორთოხლის ქერქის ნაყენის დასამზადებლად 1კგ გამხმარ დაქუცმაცებულ ქერქს ასხამენ 10 ლ წყალს და ტოვებენ 3 დღის განმავლობაში ბნელ ადგილას, გაზავების გარეშე ასხურებენ ცრუფარიანების წინააღმდეგ ოთახის პირობებსა და სათბურებში.
ბაღის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლის კალენდარი.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები