თებერვალი
მიიწურა იანვარი. ბუნება იღვიძებს. მეურნე კაცისთვის უქმად ყოფნა და, მით უმეტეს თბილ ბუხართან დიდხანს მიფიცხება, არც ერთ თვეში არ არის მოსაწონი. შენს მამულში რომ გაივლ-გამოივლი, თვალსაც გაახარებ და საქმესაც წინ წაიგდებ, სახლისკენ სულ ღიღინ-ღიღინით წამოხვალ. მერე ჩამოჯდები, მოიმარჯვებ კალამს და, მთელი თვისა თუ არა, ერთი კვირის გეგმას მაინც ჩამოწერ, თუ რა გაქვს გასაკეთებელი:
1. პირველ რიგში, ღობეების გამაგრებაა საჭირო, იქნებ წელს მაინც დავრგო რამდენიმე ძირი ქაცვის ნერგი, რათა ერთხელ და სამუდამოდ ეზო შეუღწევადი გახდეს ქურდისა და ღორისათვის; ე.ი. ამ კვირას ივრის ხეობაში უნდა წავიდე, ყველაზე მეტი ქაცვი იქ იზრდება. შეიძლება გლდანულას ხეობაშიც წასვლა, ქაცვი იქაც არის.
2. ვაზებს საყრდენები უნდა შევუცვალო, ბოძები გავამაგრო და მავთულებიც მივჭიმ-მოვჭიმო. ჰო, მართლა, მავთულიც საშოვნელია;
3. ხეხილსა და კენკროვნებს ხმელი და დაზიანებული, მოტეხილ-მოხლეჩილი ტოტები მოვახერხო. აი, კინაღამ დამავიწყდა, რომ ხერხებიც გასალესი მაქვს, ნაჯახიც და სეკატორიც. ამას ამაღამვე გავაკეთებ;
4. ბარის, ნიჩბისა და თოხებისთვის ახალი ტარებია საჭირო, სატარეებს ჩემს ღობეში დარგულ ტირიფებზე მოვჭრი, ტირიფის ტარი მსუბუქია და გამძლეც;
5. წელს ახალი ნერგები უნდა დავრგო: ვაშლი – 2 ძირი, მსხალი – 1, ატამი – 3 ძირი. ერთი ჭერმის ხე უნდა მოვხერხო (მაინც ხმება) და მის ადგილას ორი თხილის ბუჩქი დაეტევა. ნერგებისთვის თბილისის ზღვაზე ავალ სანერგე მეურნეობაში;
6. უნდა მოვიმარაგო თესლები: პამიდვრის, კიტრის, ყაბაყის, გოგრის, ბადრიჯნის, წიწაკის (მწარე და ბულგარული);
7. გასაკეთებელია კვალსათბური.
თებერვალში მეურნე კაცს შინ რა გააჩერებს. შემოდგომით თუ ვერ მოიცალა, ახლა მაინც დაბარავს საბოსტნე მიწას. ბაღსა და ვენახს მთლიანად თუ ვერ შეძლებს, ძირებს მაინც შემოუბარავს. თებერვალი ყოველთვის წყალუხვი თვე იყო, და ახლა, რა ღმერთი გაუწყრება, რომ ცოტა ნალექი არ გაიმეტოს. უჰ, რა კარგი იქნება, დაბარულზე კაი ფუმფულა თოვლი რომ დადოს, მერე ცოტა გალღვება, ცოტას მოყინავს და ის მაგარ-მაგარი ბელტიც ჩაიშლება.
კვირტის დაბერვამდე ბაღს 3%-იანი ბორდოს ხსნარით ერთი ჩამორეცხვა უნდა გაუკეთდეს, მანამდე კი უნდა მოსცილდეს, დაიწვას დაავადებებისა და მავნებლებისაგან დაზიანებული ტოტები, ზედ შემხმარი ნაყოფი და მავნებლების ბუდეები, გადანაჭრებზე წაესვას ბაღის მალამო.
ცრუფარიანების, ბუგრების, ტკიპების საწინააღმდეგოდ ხეხილი ნიტროფენით ან უფრო თანამედროვე პრეპარატით უნდა შეიწამლოს. თუ გასულ წელს ვაშლი და მსხალი დაავადებული იყო ქეცით, უმჯობესია, მოფოცხოთ და ერთად შეაგროვოთ ფოთლები, წვრილი ტოტები და დაწვათ, ნაცარი კი ძირებში ჩაუბაროთ ხეებს.
თუ ნიადაგი შემოდგომით დაბარეთ და სასუქიც შეიტანეთ, მაშინ ჩაუშლელი ბელტი თოხით ჩაშალეთ, კარგად მოასწორეთ, დაკვალეთ და საადრეო კულტურები დათესეთ: თვის ბოლოკი, პრასი, ხახვი, სტაფილო, ოხრახუში და ბარდა. ოღონდ არ იჩქაროთ, ამ კულტურების დათესვა შეგიძლიათ 20 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით.
გაითვალისწინეთ, რომ ხახვისა და ნივრის გვერდით ლობიო არ ხარობს, ერთმანეთი `არ უყვართ~ კომბოსტოს, პამიდორს, სარის ლობიოსა და ხენდროს. კიტრი ვერ ეგუება კარტოფილს, სუფრის ჭარხალი სარის ლობიოს და ა.შ.
ცოტაც და, გაზაფხული შევა ძალაში. გაიღვიძებს მიწა, ხე, ბუჩქი და, რა თქმა უნდა, ათასგვარი ჭიაღუა, სოკო და ლიქენი, რომელთაც ახლავე თუ არ მიხედეთ, მერე გვიან იქნება.
პირველ რიგში, თქვენს მამულ-დედულში გაშენებულ ხეებსა და ბუჩქებს უნდა მოუაროთ. მოაშოროთ დაზიანებული, დაავადებული, დამტვრეული და გამხმარი ტოტები, ზედ შერჩენილი შემხმარი ნაყოფი, და დაწვათ. ნაცარი ხეებს შემოაყაროთ ირგვლივ და ჩაუბაროთ. თუ გადამწვარი ნაკელი გაქვთ და მასთან ერთად ჩაბარავთ, კიდევ უკეთესი. ჩამოფხიკეთ შტამბსა და ტოტებზე არსებული ლიქენი. ამის შემდეგ იზრუნეთ ბუჩქებისა და ხეების ბორდოსა და რკინის ძაღას ხსნარით ჩამორეცხვაზე.
შტამბსა და ტოტებზე ლიქენების საწინააღმდეგოდ შეასხურეთ 3-5%-იანი რკინის ძაღას ხსნარი (300-500 გ ძაღა 10 ლ წყალზე), შემდეგ შეათეთრეთ კირის რძით.
ყველა მერქნიანი კულტურა (ხეები, ბუჩქები) კვირტის გაშლამდე ჩამორეცხეთ 3-5%-იანი ბორდოს ხსნარით (300 გ შაბიამანი და 250გ ჩაუმქრალი კირი 10 ლ წყალზე). ეს თავიდან აგაცილებთ საშიშ სოკოვან დაავადებებს: ვაშლისა და მსხლის ქეცს, ფოთლის სიხუჭუჭეს, ფიტოფტოროზსა და მონილიოზს. სოკოვან და სხვა დაავადებათა პროფილაქტიკისათვის საუკეთესო საშუალებაა გაზაფხულზე (კვირტის გაშლამდე) ხეხილის ფესვებში 250 მლ „ბიორაგის“ ხსნარის ჩასხმა.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები