კვერცხის წითლად შეღებვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მთავარი რიტუალია.
წითლად შეღებილი კვერცხი ქრისტეს აღდგომის მთავარი სიმბოლოა.
ენდროთი შეღებვის ყველაზე ტრადიციული მეთოდი:
ინგრედიენტები:
- ენდროს ფესვები 2კონა;
- კვერცხი 30-40ც;
- ხახვის ფურცლები 4-5 თავის;
- ძმარი 1ს/კ;
- მარილი 1ს/კ;
- წყალი 1,5-2ლ;
მომზადების წესი:
დიდ ხუთშაბათს – კარგად გარეცხეთ ენდროს ფესვები, დაჩეჩქვეთ ქვასანაყის, ან სხვა საგნის დახმარებით, ჩადეთ ქვაბში, დაასხათ წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე. როცა ადუღდება, დაამატეთ ხახვის ფურცლები ადუღეთ 30 წუთი, გადმოდგით. გააჩერეთ მთელი ღამე.
იმისათვის, რომ კვერცხი ხარშვისას არ გასკდეს, ხარშვამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან, რათა მიიღოს ოთახის ტემპერატურა.
მეორე დღეს კიდევ აადუღეთ წყალი 20 წუთი, რომ კარგად გამოუვიდეს ფერი. შეგიძლიათ წყალი დაამატოთ. როცა გაცივდება, ჩააწყეთ მასში კვერცხები, ისე განალაგეთ, რომ ენდროში და ხახვის ფოთლებში იყოს დაფარული, დაამატეთ მარილი და ძმარი. ადუღებიდან 20 -25 წუთი ადუღეთ, შემდეგ გადმოიღეთ კვერცხები ცივ წყალში.
შეგიძლიათ თითოეული კვერცხი ზეთში დასველებული სუფთა ნაჭრით გააპრიალოთ.
სადღესასწაულო სუფრასთან წითელ კვერცხებს ჯეჯელით აფორმებენ, იყენებენ სხვადასხვა მოსახატ საშუალებასაც.
ზეცად ამაღლებამდე უფალმა იესო ქრისტემ მოციქულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნა, რათა ყველასთვის ეხარებინათ უფლის მკვდრეთით აღდგომა.
საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც – ადამიანი, ვინც პირველმა იხილა აღმდგარი იესო. ისიც სხვა მოწაფეთა მსგავსად დადიოდა და ყველას ახარებდა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას.
მან რამდენიმე ქვეყანაში იქადაგა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. ბოლოს იტალიაში ჩავიდა, იმპერატორ ტიბერიუსს წარუდგა, კვერცხი გაუწოდა და მიმართა: “ქრისტე აღსდგა!” ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდებაო, უთქვამს იმპერატორს. მოულოდნელად კვერცხმა მართლაც იწყო გაწითლება, ბოლოს კი სულ გაწითლდა.