– როგორ მოვაშენოთ ქამა სოკო?
– შინაურ პირობებში ქამა სოკოს (შამპინიონის) მოშენება შესაძლებელია სარდაფში, მიწურში, სათბურსა თუ პოლიეთილენით გადახურულ კვალსათბურებში და ღია გრუნტშიც კი, სადაც გრუნტის წყლები მიწის ზედაპირიდან საკმაოდ ღრმად არის. თხრიან 2-2,5 მ სიღრმის სარდაფს და სოკო თაროებზე ან იატაკზე მოჰყავთ; სხვა შემთხვევაში, აწყობენ 1-1,4 მ სიგანის, 20-25 სმ სიღრმისა და სასურველი სიგრძის კვალსათბურს. მისი სახურავი გაუმჭვირვალე უნდა იყოს, ამიტომ საჭიროა მისი გადახურვა ფიცრით, შეიძლება ლერწმითაც. სარდაფი უნდა ნიავდებოდეს, რისთვისაც მიწურის კედლებში გამჭოლ, მოპირისპირე სავენტილაციო ხვრელებს აყოლებენ, მათში კი დგამენ მილებს. ამ მილებს აკრავენ წვრილნასვრეტებიან ბადეებს, რათა მავნებლები არ შევიდნენ. ბოლოს კეთდება ჩასასვლელი კიბე და კარი. ამგვარ მიწურ სარდაფებში მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია მოსავლის უწყვეტად აღება.
შემდეგი ეტაპია ცხენის ახალი ნაკელის შოვნა და კვალსათბურში ჩატვირთვა. ყოველ 10მ3-ზე საჭიროა 4-5 მ3, ანუ 1,6-2,2 ტ ნაკელი, რომელშიც შერეული უნდა იყოს საფენი ბზე. როცა ცხენის ნაკელს ვერ შოულობენ (რაც საუკეთესოა), მაშინ საფენად იყენებენ ძროხის (საერთოდ, მსხვილფეხა პირუტყვის), ცხვრის ან ღორის ბზეს, ან ნახერხშერეულ ნაკელს. უპრიანია, სხვადასხვა სახის ნაკელი მშრალ ადგილას დაიდგას ცალ-ცალკე გროვებად, რათა წყალი არ მოხვდეს და მისი შერევა სხვადასხვა თანაფარდობით შეიძლებოდეს.
ნაკელის უკმარისობის შემთხვევაში შეიძლება კომპოსტის გამოყენებაც, რომელიც ასე მზადდება:
I ვარიანტი: 1 ტ ბზე, 3-4 ტ ცხენის ნაკელი, 4-5კგ შარდოვანა და 60 კგ თაბაშირი.
II ვარიანტი: 1 ტ ბზე, 1,5-2 ტ ცხენის ნაკელი, 200-300 კგ ქათმის ნაკელი.
კომპოსტის მომზადებას იწყებენ საკომპოსტე მასალის შტაბელებად ფორმირებით. თითოეული მათგანის სიგანე 1,5-1,6 მ უნდა იყოს, სიმაღლე – 1,5-1,6 მ. ფერმენტაციის პროცესი სათანადოდ რომ წარიმართოს, საჭიროა შტაბელში კომპონენტების ფენებად დალაგება. მაგალითად, ბზე (20-25 სმ), ნაკელი (10-15 სმ) და შარდოვანა. დალაგებულ ფენებს კარგად ასველებენ ნასვრეტებიანი სარწყავით. თითოეულ შტაბელში 4-5 ასეთი ფენა უნდა იყოს. თაბაშირს ამატებენ ბოლო გადაზელისას.
კომპოსტის დამუშავებიდან 5-7 დღის შემდეგ შტაბელებში იწყება ფერმენტაცია – ტემპერატურა იმატებს 65-75º-მდე. ამ დროს საჭიროა კომპოსტის რეგულარული დასველება, უმჯობესია, დღეში ორჯერ. შემდგომში კომპოსტის გადაზელა ნაკელის მსგავსად ხდება.
კომპოსტის დამუშავება-დასველება და სასუქისა და თაბაშირის დამატება 2-3-ჯერ ხდება. კომპოსტისგან ერთგვაროვანი, ფხვიერი მასის მისაღებად მას ჩვეულებრივი ნაკელის ფიწლებით მიწაზე ერთ ფენად შლიან, შემდეგ კვლავ შტაბელებად ალაგებენ. დამუშავების პროცესში 1 ც ნაკელზე ამატებენ 250-300 გ ამონიუმის სულფატს და ერთმანეთში კარგად ურევენ.
თბილ ამინდში, უპრიანია, კომპოსტის გროვა, ანუ შტაბელი, გაკეთდეს მცირე ზომისა, ხოლო სიცივეში მის ზომებს ზრდიან და ტრაპეციის ფორმას აძლევენ.
შტაბელების მეორე დამუშავებას ატარებენ 5-6, ზოგჯერ 7-10 დღის შემდეგ. ამ დროს 1ც კომპოსტს ამატებენ 300-500 გ თაბაშირსა და 150გ სუპერფოსფატს. ამ პროცედურის შემდეგ ტემპერატურა შტაბელებში მატულობს 50-60º-მდე, ზოგჯერ 60-75º-მდეც კი. ასეთი შტაბელები სარდაფებში შეაქვთ და იქ ალაგებენ. თუ ტემპერატურა დაბალია, შტაბელებს მესამედაც აფხვიერებენ.
კომპოსტის მომზადებას (ფერმენტაციას), როგორც წესი, 18-25 დღე სჭირდება.
როდესაც კომპოსტი ყავისფერს მიიღებს, ამიაკის სუნი აღარ ექნება და ბზე ადვილად მოსწყდება, ეს ნიშნავს, რომ სოკოს მოსაყვანი გრუნტი უკვე მზად არის. მნიშვნელოვანი ნიშანია გრუნტის ტენიანობაც, რომელიც თბილ, მშრალ ამინდში დაახლოებით 65% უნდა იყოს. სათბურებში, რომლებიც არ თბება, ცივ ამინდში გრუნტის ტენიანობა უნდა იყოს 60%, ცივ სარდაფში – 55%. თუ ხელის მსუბუქი მოჭერით კომპოსტს წვენი გაუვიდა, ეს ნიშნავს, რომ მისი ტენიანობა 70%-მდეა; თუ ხელისგულზე მხოლოდ სისველის კვალი დარჩა, ტენიანობა 60%-ს არ აჭარბებს, თუ მსუბუქად მოჭერისას ხელისგულს ნაკელის ნაწილაკები მიეწება, ტენიანობა 50%-ია; თუ კომპოსტის გუნდა ხელისგულს ცუდად ეწებება, ეს ნიშნავს, რომ ტენიანობა 40%-ია და გრუნტისთვის არ გამოდგება.
გრუნტის მომზადების შემდეგ საჭიროა სარდაფში მისი შეტანა და დაგება. მანამდე აუცილებელია სარდაფის კარგად განიავება, ზედმიწევნით გაწმენდა-გასუფთავება და დეზინფექციის ჩატარება. სადეზინფექციოდ გამოიყენება 0,25-0,5ლ 40%-იანი ფორმალინი, გაზავებული 10ლ წყალში. 1მ2-ზე საჭიროა 0,25ლ ამგვარი ხსნარი. შესხურების შემდეგ სარდაფის კარ-ფანჯარა და სავენტილაციო მილები 2 დღე-ღამის განმავლობაში იხურება.
თუ სოკო სტელაჟების გარეშე ერთ იარუსზე უნდა მოშენდეს, დამუშავებულ კომპოსტს შლიან პირდაპირ იატაკზე, 40-45 სმ სისქეზე და ტკეპნიან მანამდე, ვიდრე ფენა 25-30 სმ-მდე დაიწევს. თუ კომპოსტი ნაკლებტენიანია, სარწყავით ზომიერად ასველებენ.
შამპინიონის მოსაყვანად აკეთებენ 0,7-0,8მ სიგანისა და 22-25 სმ სიმაღლის კვლებს.
მიცელიუმის ჩათესვა. 10-20 დღის შემდეგ, როგორც კი კვლებში ტემპერატურა 25º-მდე დაიწევს, იწყებენ მიცელიუმის ჩათესვას. საუკეთესო ხარისხისაა სტერილურ პირობებში გაზრდილი ახალი მიცელიუმი.
მიცელიუმის ჩათესვა ხდება პალოების გამოყენებით – მათი საშუალებით გრუნტს 4-7სმ-ით ასწევენ, პატარა ფოსოში მოათავსებენ 20-30გ მიცელიუმის შემცველ მასას და გრუნტს აფარებენ. მიცელიუმს თესავენ ჭადრაკულად – ერთმანეთისგან 25X25 სმ-ის დაცილებით. დარგვის ნორმაა 1 მ2-ზე 400-500 გ.
7-10 დღის შემდეგ, როდესაც მიცელიუმი ჩაიზრდება, სარდაფში ჰაერის ტემპერატურას 12-14º-მდე აყენებენ. მიცელიუმის შესამოწმებლად ფრთხილად ასწევენ ნაკელს სხვადასხვა ადგილზე – თუ მიცელიუმი დარგული ადგილის ირგვლივ 1-2 სმ-ით გაზრდილია, შედეგი დამაკმაყოფილებლად ფასდება. დათესვიდან 18-20 დღის შემდეგ, როცა მიცელიუმი 4-5 სმ-ზე გაიზრდება, ჩათესილი ადგილის გარშემო მიწას აყრიან. ამისთვის საუკეთესოა ბოსტნის სილნარი, რომელიც მანამდე ნაკელით ან ნეშომპალით იყო განოყიერებული. ასეთ მიწას, გაფხვიერებულსა და გაცრილს, აყრიან კვლებს 4-5 სმ სისქეზე; დატკეპნა არ არის საჭირო, რათა აერაცია არ დაირღვეს.
მოვლა. კვლებზე გაცრილი მიწის მობნევის შემდეგ გრუნტში ტემპერატურა 10-12º-მდე ეცემა, რაც ნაყოფიანობის მთელ პერიოდში უნდა შენარჩუნდეს. ტენიანობა უნდა შეადგენდეს 60-70%-ს (ხელის მოჭერისას ხელისგულზე სისველე არ უნდა დარჩეს). თუ ტენიანობა დაქვეითებულია (ნიადაგი მუჭში ცუდად გუნდავდება), აუცილებელია წვრილნასვრეტებიანი სარწყავით მორწყვა, 1 მ2-ზე ასხამენ 2-5ლ წყალს. არ შეიძლება წყალმა კვლის ქვედა ფენაში ჩაჟონოს, ეს მიცელიუმის ნაადრევ დაბერებასა და დაღუპვას გამოიწვევს.
მოსარწყავად 10-12º-მდე ტემპერატურის სუფთა, თბილ წყალს იყენებენ. სარდაფი რეგულარულად უნდა ნიავდებოდეს, ჰაერის ტემპერატურა – 15-17º, შეფარდებითი ტენიანობა კი 85-90% უნდა იყოს.
მოსავლის აღება. შამპინიონი მოსავალს იძლევა მიცელიუმზე მიწის დაყრიდან 15-40 დღის განმავლობაში, უფრო ხშირად კი 20-25 დღის შემდეგ, რაც მოყვანის პირობებზეა დამოკიდებული.
პირველი მოსავალი, როგორც წესი, მცირეა, დაახლოებით 5-7 დღის შემდეგ იმატებს და უცბად წყდება. ასეთი თანამიმდევრობა 5-7-ჯერ მეორდება, რის შემდეგაც ჩნდება ერთეული სოკოები. ყველაზე დიდი მოსავალი მიიღება მოსავლიანობის დაწყებიდან 20-40 დღის შემდეგ. მისი ხანგრძლივობა უფრო ხშირად სამ-ოთხ თვეს გრძელდება.
სოკოს კრეფენ, როცა ფეხსა და ქუდს შორის საბურველი იწყებს განვითარებას. მოკრეფის დაგვიანების შემთხვევაში ის იგლიჯება და ქუდი იხსნება – ასეთი სოკოები არასტანდარტულია. სოკოს იღებენ ძალიან ფრთხილად, რათა მიცელიუმი არ დაზიანდეს; ამისათვის სოკოს არ გლეჯენ, ნელ-ნელა ატრიალებენ, თითქოს ამოხრახნა უნდათო, და ფრთხილად ამოსწევენ, რათა არც ფეხი დაზიანდეს და არც მიცელიუმი. ქამა სოკო იკრიფება ყოველდღე, საშუალო მოსავალი 1 მ2-ზე 3-6 კგ-ია.
სოკოს მოყვანას გარკვეული გამოცდილება სჭირდება, მაგრამ როცა საქმეში გაიწაფებით, კარგ შემოსავალსაც მიიღებთ.
ლიმონი კასრში – ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რომელიც ოთახის პირობებში კარგად ხარობს და მოსავალსაც იძლევა.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)