როგორ დავგეგმოთ ნაკვეთი, სად რა და როგორ დავრგოთ
ასე შეგიძლიათ დაგეგმოთ ნაკვეთი:
თუ ამ შესანიშნავი, ყველასათვის მოსაწონი საქმის დაწყებას აპირებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციები.
მაშ ასე, თქვენ შეიძინეთ მიწის ნაკვეთი, სადაც მხოლოდ სარეველა ბალახი და, შესაძლოა, თქვენთვის უსარგებლო მერქნიანი მცენარეები დაგხვდათ. პირველ რიგში, მიწა გაათავისუფლეთ ამ ზედმეტი `ბარგისგან~; მერქნიანები ძირიანად ამოთხარეთ, დაწვით და ნაცარი შეინახეთ, სასუქად გამოგადგებათ. თუ საშუალება გექნებათ და მოხნავთ, ძალიან კარგი იქნება, თუ არადა, რაც შეიძლება, ღრმად დაბარეთ, სარეველების ფესვები (განსაკუთრებით, შალაფის, ჭანგასა და გლერტის ფესურები) გულდასმით შეაგროვეთ, ერთ ადგილას დაყარეთ და გახმობის შემდეგ ისიც ნაცრად აქციეთ. ისე, გახსოვდეთ, რომ ჭანგასა და გლერტის ფესვები საუკეთესო შარდმდენია და შეგიძლიათ სამკურნალო მიზნისთვის შეინახოთ. ქვა და ღორღი აკრიფეთ, შორს ნუ გადაყრით, შეიძლება, ისიც დაგჭირდეთ, მოხნული ან დაბარული მიწა გააფხვიერეთ. ნაკვეთი ისე დაგეგმეთ, რომ გქონდეთ ბაღიც, ბოსტანიც, ვენახიც და დეკორატიული კუთხეც. ქაღალდზე დაიტანეთ ყველაფრის სქემა, მათ შორის საბაღე სახლის ან თუნდაც ქოხის მონახაზი, არც ჭიშკარი დაგავიწყდეთ. ახლა კი შეღობვაზე ვიზრუნოთ.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ და რით შეღობავთ. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია მავთულის ბადეები და სხვადასხვა მასალისგან ნაშენები კედლები, მაგრამ ყოველივე ამას საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება; ამიტომ, გირჩევთ მცენარეული მოსავლიანი ღობეებით შემოღობვას. შესანიშნავი ქართული ანდაზაა: `კაცი კაცითაო და ღობე ქაცვითაო~. დიახ, ეს ისეთი ღობე გახლავთ, რომელშიც ეშმაკიც ვერ გაბედავს შეძრომას. ქაცვი მშვენიერი, ნაცრისფერფოთლიანი და ნარინჯისფერნაყოფიანი მცენარეა, დეკორატიული თვალსაზრისით – მეტად ეფექტური, ხოლო მისი ნაყოფი საყოველთაოდ ცნობილი საკვები და სამკურნალწამლოა. იგივე შეიძლება ითქვას კუნელზე, მაყვალსა და ასკილზეც. თითოეული მათგანის დახასიათება იხილეთ ქვემოთ.
თუ თქვენი არჩევანი ცოცხალ ღობეზე შეაჩერეთ, მაშინ, პირველ რიგში, მავთულის ბადე უნდა შემოავლოთ ნაკვეთს და მერე გააშენოთ ღობისათვის გათვალისწინებული მცენარეები.
თუ სარწყავი წყალი არ გაქვთ და არც მისი შეყვანის პერსპექტივაა, ბაღის გაშენებაზე ფიქრიც ზედმეტია.
გთავაზობთ ნაკვეთის მოწყობის სავარაუდო გეგმას, მაგრამ საკუთარ ფანტაზიასაც მიეცით გასაქანი. ნურც იმ კულტურებით დაკმაყოფილდებით, რაც გეგმაზეა მოცემული. დარგეთ თითო ძირი მაინც ის მცენარე, რომელზეც მანამდე ოცნებობდით.
გახსოვდეთ
ხეხილი დარგეთ ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილში. გირჩევთ, დარგოთ ნახევრად ნაგალა (ჯუჯა) საძირეებზე დამყნილი ვაშლის ნერგები, რომელთა შორის მანძილი 4X4მ ან 3X5მ-ზეა. მთლად ნაგალა საძირეებზე დამყნილ ნერგებს შორის მანძილი უფრო მცირეა – 3X2,5 მ-ზე ან 3X3 მ-ზე. აუცილებლად დარგეთ 1 ძირი ბალი, 2 ძირი ალუბალი, 2 ძირი ქლიავი, 1 ძირი ლეღვი, 3 ძირი ატამი, 2 ძირი მსხალი – ერთმანეთისაგან არანაკლებ 3მ-ის (ჯობია, 4 მ) დაშორებით.
ღობის გაყოლებით ერთ მხარეს გააშენეთ სახეივნე ვაზი – დაცილება 2-2,5 მ. ღობის მეორე მხარეს 3 ძირი თხილი – 3X3 მ-ზე (უმჯობესია 4X4-ზე). ერთი ძირი საუკეთესო ჯიშის კაკალი ისეთ ადგილას დარგეთ, რომ არც თქვენ დაგიჩრდილოთ ბაღი და არც მეზობელს.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები