ის, რაც მემამულეს აინტერესებს
– როგორ დავაყენოთ „ღვინო“ და არაყი შავი ქლიავისგან?
– არც ერთ ალკოჰოლურ სასმელს, გარდა ყურძნის დუღილით მიღებული სასმლისა, ღვინო არ ჰქვია!
თუ გნებავთ, რომ მაინცდამაინც შავი ქლიავის `ღვინო~ დააყენოთ, გამოაცალეთ კურკები, კარგად ჩაჭყლიტეთ ხის კასრში, თავი მოუკარით ან მჭიდროდ დახუფეთ, ურიეთ დილა-საღამოს. დუღილს რომ დაიწყებს, განსაკუთრებით მაშინ სჭირდება ყურადღება; დურდო ზემოთ ამოდის და ამორევით უკან აბრუნებთ. როცა დადუღდება, დურდო თავისით დაილექება კასრის ფსკერზე. ამოიღეთ წვენი, კარგად გაწურეთ, ჩაასხით ბოცაში და დაელოდეთ დალექვას. დალექვის მერე იმდენჯერ გადაიღეთ, სანამ ლექი არ მოსცილდება. ამის შემდეგ თქვენი `ღვინო~ მზად არის.
დურდოდან შეგიძლიათ მაშინვე გამოხადოთ არაყი, შეგიძლიათ წყალი დაასხათ და მოგვიანებით გამოხადოთ. გამოხდის დროს იმდენი წყალი უნდა ჰქონდეს, რომ არ მიიწვას.
რა არის ბიორაგი და როგორ გამოვიყენოთ ის?
– ბიოენერგოაქტივატორ „ბიორაგის“ საშუალებით შესაძლებელია:
1. გარემოს დაბინძურების გარეშე ბიოლოგიურად სუფთა მოსავლის მიღება;
2. მოსავლიანობის მნიშვნელოვანი გადიდება;
3. მცენარეთა განვითარების დაჩქარება, საადრეო მოსავლის აღება და დამწიფების ვადების შემოკლება;
4. მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება და პროდუქციაში ცილის, ნახშირწყლების, ამინმჟავებისა და სხვა ბიოორგანული ნივთიერებების რაოდენობის გადიდება;
5. მწვანე მასის გაზრდა;
6. დაავადებებისა და გარემოს არახელსაყრელი პირობების მიმართ მდგრადობის გაძლიერება;
7. სასუქების ეფექტიანობის გადიდება, რაც მინერალური სასუქების ეკონომიის საშუალებას იძლევა;
8. ნიტრატების, მძიმე ლითონებისა და რადიონუკლეიდების შემცირება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში;
9. თესლების აღმოცენების უნარის გაზრდა და კალმების სწრაფი დაფესვიანება;
10. ძნელად დასაფესვიანებელ მცენარეთა ვეგეტაციური გამრავლება;
11. ფრინველთა და ცხოველთა იმუნიტეტისა და პროდუქტიულობის გაზრდა;
12. ნაყოფმსხმოიარების რამდენიმე წლით დაჩქარება.
მგონი, ეჭვს აღარ იწვევს „ბიორაგის“ სასწაულმოქმედება, მით უმეტეს, რომ ორ ათეულ წელზე მეტია (1979 წლიდან) მიმდინარეობს არა მარტო მის თვისებებზე დაკვირვება, არამედ ფერმერულ მეურნეობებში მისი წარმატებით გამოყენებაც. აი, რას წერს საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აგროეკოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების მონიტორინგის ლაბორატორიის გამგე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გ. გოგიჩაიშვილი:
„ჩვენ ბიოენერგოაქტივატორი გამოვიყენეთ სხვადასხვა ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში: ხობის, ზესტაფონის, გარდაბნის, დმანისის რაიონების სხვადასხვა სოფელში, კუმისის ტბის მიდამოებში. შედეგებმა
დაადასტურა ბიოენე-რგოაქტივატორის მაღალეფექტურობა. სიმინდის მოსავლიანობის ნამატმა შეადგინა 80%. მცენარეებს, ჩვეულებრივთან შედარებით, ძლიერად ჰქონდათ ფესვთა სისტემა განვითარებული, გამოირჩეოდნენ ტაროების სიმრავლით, სიგრძითა და სიჯანსაღით. ბიოენერგოაქტივატორით დიდი ეფექტი იქნა მიღწეული აგრეთვე გაუთოხნავ და მცირე რაოდენობის სასუქებით დამუშავებულ ნაკვეთებზე. ამ შემთხვევაში მოსავლიანობა ბევრად აღემატებოდა ორჯერ გათოხნილი და ჩვეულებრივი აგროტექნიკით დამუშავებული ნაკვეთებიდან მიღებულ შედეგებს.
ბიოენერგოაქტივატორი სოფლის მეურნეობაში სრულიად ახალი სიტყვაა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების გარანტიაა“.
აი, რას გვირჩევს ბიოენერგოაქტივატორ `ბიორაგის~ ავტორი, ბატონი რამაზ გახოკიძე:
1. სათესლე მასალის შესამოწმებლად თესლი ჩაყარეთ სუფრის მარილის ან ამონიუმის გვარჯილის 3-5%-იან ხსნარში 5-6 წუთით. დასათესად გამოიყენეთ მხოლოდ ხსნარში ჩაძირული თესლი, რომელიც უნდა გაირეცხოს სუფთა წყლით და გაშრეს;
2. ვირუსოვანი და სხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად მშრალი თესლები უნდა გახურდეს თერმოსტატში ჯერ 30-40ºჩ-ზე, ხოლო შემდეგ 45-55ºჩ-ზე 4-6 საათის განმავლობაში. კიტრისა და პამიდვრის თესლები, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი თესვა გათვალისწინებულია სათბურში, დღე-ღამის განმავლობაში უნდა მოთავსდეს 30-40ºჩ-ზე, მეორე დღე-ღამის განმავლობაში 50-52ºC -ზე, ხოლო მესამე დღეს – 70-78ºC-ზე. ამის შემდეგ თესლებს ათავსებენ „ბიორაგის“ ხსნარში.
ხსნარი ასე მოამზადეთ: ამპულაში მოთავსებული სითხე გააზავეთ ეტიკეტზე მითითებული მოცულობის სუფთა წყალში ხის, მინის, პლასტმასის ან მომინანქრებულ ჭურჭელში და მოურიეთ ხის ჯოხით რამდენიმე წუთის განმავლობაში. ბიოენერგოაქტივატორის ხსნარის დამზადება შეიძლება მასალის დამუშავებამდე 1-2 დღით ადრე.
თესლი ასე დაამუშავეთ: 1. ხსნარში მუდმივი აერაციისა და პერიოდული მორევის პირობებში ათავსებენ თესლებს: სიმინდს – 24 სთ; ლობიოს – 15 სთ; სოიას – 3 სთ; მზესუმზირას, მწვანილის თესლებს – 12 სთ; ბოსტნეულ-ბაღჩეულ კულტურებს – 20 სთ. ამ ხნის განმავლობაში ჯანსაღი თესლები იჯირჯვება და იძირება, უხარისხო – ცურავს ზედაპირზე, რომელთაც აცილებენ. 1კგ სათესლე მასალას, თესლის სიმკვრივის მიხედვით, ასველებენ 0,5-1ლ ხსნარში. ხსნარიდან ამოღებულ თესლს, ცხრილზე გაფენილს, რამდენიმე საათის განმავლობაში აშრობენ 25-30ºC ტემპერატურაზე და თესავენ 24 საათის განმავლობაში. თესვის 1-2 დღით შეფერხებამ შეიძლება თესლების დაღუპვა გამოიწვიოს;
2. თესლების დამუშავება შეიძლება შესხურებითაც. 1ც სიმინდის, ხორბლის, ქერისა და შვრიისათვის საჭიროა 35 ლ სამუშაო ხსნარი (ე.ი. 10 კგ-ს დასჭირდება 3,5 ლ). თესლებს ამუშავებენ 3-ჯერ: საცრიანი სარწყავით ასხამენ 15ლ ხსნარს, კარგად ურევენ და აფარებენ ბრეზენტს. 6 საათის შემდეგ მარცვალს კვლავ ასხამენ 10 ლ-ს, ხოლო მომდევნო დღეს – დარჩენილ 10 ლ-ს. მარცვლის გაჯირჯვების შემდეგ ბრეზენტს მოაცილებენ და მარცვალს აშრობენ. მეორე დღეს მარცვალი მზად არის დასათესად. თესლის დატოვება ბრეზენტის ქვეშ 24 საათზე მეტხანს არ შეიძლება, რადგან ეს გამოიწვევს გაღივებას და გააძნელებს დათესვას.
კარტოფილის ტუბერების დამუშავება: ტუბერებს პრეპარატის ხსნარში ათავსებენ 1-1,5 საათით და შემდეგ რგავენ. ყვავილობამდე და ყვავილობის პერიოდში, სტიმულაციის ეფექტის გასაძლიერებლად, მცენარეებს ორჯერ ასხურებენ იმავე ხსნარს. ტუბერების დამუშავება შეიძლება შესხურებითაც. ხსნარის შესხურების შემდეგ ბოლქვების თხელ ფენას 3-6 დღის განმავლობაში ათავსებენ 20-22ºC ტემპერატურაზე, 80-95% ჰაერის ტენიანობისა და აქტიური ვენტილაციის პირობებში, შემდეგ კი რგავენ. აღნიშნული პროცედურის ჩატარებით მნიშვნელოვნად იზრდება მოსავლიანობაც და ხარისხიც.
კალმების დაფესვიანება: `ბიორაგით~ დამუშავებული კალმები ადვილად ფესვიანდება, თუ ისინი დროულად და სწორად არის აჭრილი. ორი სახის კალმებს აფესვიანებენ: მერქნისებრ, ანუ ერთწლიანი ყლორტის ნაწილს, და მწვანე კალამს, რომელსაც იღებენ კარგად განვითარებული გვერდითი მწვანე ყლორტებიდან. ეს კალმები წარმოადგენს სუსტად და ნახევრად გამერქნებულ დასაფესვიანებელ მასალას.
4-10 სმ სიგრძის მწვანეფოთლებიან კალმებს „ბიორაგის“ ხსნარში ათავსებენ სიგრძის ერთ მესამედზე, მერქნიან, 15-30 სმ სიგრძის, კალმებს – სიგრძის ნახევრამდე, ორ მესამედამდე ან სამ მეოთხედამდე. კალმებს ამუშავებენ მინის, ფაიფურის ან მომინანქრებულ ჭურჭელში 20-72 საათის განმავლობაში (ანალოგიურად ამუშავებენ ჩითილებს 24 საათის განმავლობაში). ხსნარის ტემპერატურა კალმების დამუშავებისას უნდა იყოს 20-25ºC. უფრო მაღალ ან დაბალ ტემპერატურაზე სასურველი შედეგი არ მიიღება.
კონკრეტული კულტურებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ოპტიმალურ დროს. ასე მაგალითად, კივის კალმების დამუშავების ოპტიმალური დროა 72 საათი, კარტოფილის ტუბერებისა – 1,5 საათი.
„ბიორაგით“ დამუშავების შემდეგ მწვანე კალმები გადააქვთ სათბურში. კალმების დარგვის საუკეთესო დროა დილა ან საღამო, როცა სიცხე კლებულობს. დარგვის შემდეგ კალმებს კარგად რწყავენ წვრილსაცრიანი სარწყავით. ყველაზე ხელსაყრელი ტემპერატურა, რომლის დროსაც კალმები ფესვიანდება, უმეტეს შემთხვევაში, 18-დან 30ºC-მდე მერყეობს.
– როგორ მოვაშენოთ ქამა სოკო?
– შინაურ პირობებში ქამა სოკოს (შამპინიონის) მოშენება შესაძლებელია სარდაფში, მიწურში, სათბურსა თუ პოლიეთილენით გადახურულ კვალსათბურებში და ღია გრუნტშიც კი, სადაც გრუნტის წყლები მიწის ზედაპირიდან საკმაოდ ღრმად არის. თხრიან 2-2,5 მ სიღრმის სარდაფს და სოკო თაროებზე ან იატაკზე მოჰყავთ; სხვა შემთხვევაში, აწყობენ 1-1,4 მ სიგანის, 20-25 სმ სიღრმისა და სასურველი სიგრძის კვალსათბურს. მისი სახურავი გაუმჭვირვალე უნდა იყოს, ამიტომ საჭიროა მისი გადახურვა ფიცრით, შეიძლება ლერწმითაც. სარდაფი უნდა ნიავდებოდეს, რისთვისაც მიწურის კედლებში გამჭოლ, მოპირისპირე სავენტილაციო ხვრელებს აყოლებენ, მათში კი დგამენ მილებს. ამ მილებს აკრავენ წვრილნასვრეტებიან ბადეებს, რათა მავნებლები არ შევიდნენ. ბოლოს კეთდება ჩასასვლელი კიბე და კარი. ამგვარ მიწურ სარდაფებში მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია მოსავლის უწყვეტად აღება.
შემდეგი ეტაპია ცხენის ახალი ნაკელის შოვნა და კვალსათბურში ჩატვირთვა. ყოველ 10მ3-ზე საჭიროა 4-5 მ3, ანუ 1,6-2,2 ტ ნაკელი, რომელშიც შერეული უნდა იყოს საფენი ბზე. როცა ცხენის ნაკელს ვერ შოულობენ (რაც საუკეთესოა), მაშინ საფენად იყენებენ ძროხის (საერთოდ, მსხვილფეხა პირუტყვის), ცხვრის ან ღორის ბზეს, ან ნახერხშერეულ ნაკელს. უპრიანია, სხვადასხვა სახის ნაკელი მშრალ ადგილას დაიდგას ცალ-ცალკე გროვებად, რათა წყალი არ მოხვდეს და მისი შერევა სხვადასხვა თანაფარდობით შეიძლებოდეს.
ნაკელის უკმარისობის შემთხვევაში შეიძლება კომპოსტის გამოყენებაც, რომელიც ასე მზადდება:
I ვარიანტი: 1 ტ ბზე, 3-4 ტ ცხენის ნაკელი, 4-5კგ შარდოვანა და 60 კგ თაბაშირი.
II ვარიანტი: 1 ტ ბზე, 1,5-2 ტ ცხენის ნაკელი, 200-300 კგ ქათმის ნაკელი.
კომპოსტის მომზადებას იწყებენ საკომპოსტე მასალის შტაბელებად ფორმირებით. თითოეული მათგანის სიგანე 1,5-1,6 მ უნდა იყოს, სიმაღლე – 1,5-1,6 მ. ფერმენტაციის პროცესი სათანადოდ რომ წარიმართოს, საჭიროა შტაბელში კომპონენტების ფენებად დალაგება. მაგალითად, ბზე (20-25 სმ), ნაკელი (10-15 სმ) და შარდოვანა. დალაგებულ ფენებს კარგად ასველებენ ნასვრეტებიანი სარწყავით. თითოეულ შტაბელში 4-5 ასეთი ფენა უნდა იყოს. თაბაშირს ამატებენ ბოლო გადაზელისას.
კომპოსტის დამუშავებიდან 5-7 დღის შემდეგ შტაბელებში იწყება ფერმენტაცია – ტემპერატურა იმატებს 65-75º-მდე. ამ დროს საჭიროა კომპოსტის რეგულარული დასველება, უმჯობესია, დღეში ორჯერ. შემდგომში კომპოსტის გადაზელა ნაკელის მსგავსად ხდება.
კომპოსტის დამუშავება-დასველება და სასუქისა და თაბაშირის დამატება 2-3-ჯერ ხდება. კომპოსტისგან ერთგვაროვანი, ფხვიერი მასის მისაღებად მას ჩვეულებრივი ნაკელის ფიწლებით მიწაზე ერთ ფენად შლიან, შემდეგ კვლავ შტაბელებად ალაგებენ. დამუშავების პროცესში 1 ც ნაკელზე ამატებენ 250-300 გ ამონიუმის სულფატს და ერთმანეთში კარგად ურევენ.
თბილ ამინდში, უპრიანია, კომპოსტის გროვა, ანუ შტაბელი, გაკეთდეს მცირე ზომისა, ხოლო სიცივეში მის ზომებს ზრდიან და ტრაპეციის ფორმას აძლევენ.
შტაბელების მეორე დამუშავებას ატარებენ 5-6, ზოგჯერ 7-10 დღის შემდეგ. ამ დროს 1ც კომპოსტს ამატებენ 300-500 გ თაბაშირსა და 150გ სუპერფოსფატს. ამ პროცედურის შემდეგ ტემპერატურა შტაბელებში მატულობს 50-60º-მდე, ზოგჯერ 60-75º-მდეც კი. ასეთი შტაბელები სარდაფებში შეაქვთ და იქ ალაგებენ. თუ ტემპერატურა დაბალია, შტაბელებს მესამედაც აფხვიერებენ.
კომპოსტის მომზადებას (ფერმენტაციას), როგორც წესი, 18-25 დღე სჭირდება.
როდესაც კომპოსტი ყავისფერს მიიღებს, ამიაკის სუნი აღარ ექნება და ბზე ადვილად მოსწყდება, ეს ნიშნავს, რომ სოკოს მოსაყვანი გრუნტი უკვე მზად არის. მნიშვნელოვანი ნიშანია გრუნტის ტენიანობაც, რომელიც თბილ, მშრალ ამინდში დაახლოებით 65% უნდა იყოს. სათბურებში, რომლებიც არ თბება, ცივ ამინდში გრუნტის ტენიანობა უნდა იყოს 60%, ცივ სარდაფში – 55%. თუ ხელის მსუბუქი მოჭერით კომპოსტს წვენი გაუვიდა, ეს ნიშნავს, რომ მისი ტენიანობა 70%-მდეა; თუ ხელისგულზე მხოლოდ სისველის კვალი დარჩა, ტენიანობა 60%-ს არ აჭარბებს, თუ მსუბუქად მოჭერისას ხელისგულს ნაკელის ნაწილაკები მიეწება, ტენიანობა 50%-ია; თუ კომპოსტის გუნდა ხელისგულს ცუდად ეწებება, ეს ნიშნავს, რომ ტენიანობა 40%-ია და გრუნტისთვის არ გამოდგება.
გრუნტის მომზადების შემდეგ საჭიროა სარდაფში მისი შეტანა და დაგება. მანამდე აუცილებელია სარდაფის კარგად განიავება, ზედმიწევნით გაწმენდა-გასუფთავება და დეზინფექციის ჩატარება. სადეზინფექციოდ გამოიყენება 0,25-0,5ლ 40%-იანი ფორმალინი, გაზავებული 10ლ წყალში. 1მ2-ზე საჭიროა 0,25ლ ამგვარი ხსნარი. შესხურების შემდეგ სარდაფის კარ-ფანჯარა და სავენტილაციო მილები 2 დღე-ღამის განმავლობაში იხურება.
თუ სოკო სტელაჟების გარეშე ერთ იარუსზე უნდა მოშენდეს, დამუშავებულ კომპოსტს შლიან პირდაპირ იატაკზე, 40-45 სმ სისქეზე და ტკეპნიან მანამდე, ვიდრე ფენა 25-30 სმ-მდე დაიწევს. თუ კომპოსტი ნაკლებტენიანია, სარწყავით ზომიერად ასველებენ.
შამპინიონის მოსაყვანად აკეთებენ 0,7-0,8მ სიგანისა და 22-25 სმ სიმაღლის კვლებს.
მიცელიუმის ჩათესვა. 10-20 დღის შემდეგ, როგორც კი კვლებში ტემპერატურა 25º-მდე დაიწევს, იწყებენ მიცელიუმის ჩათესვას. საუკეთესო ხარისხისაა სტერილურ პირობებში გაზრდილი ახალი მიცელიუმი.
მიცელიუმის ჩათესვა ხდება პალოების გამოყენებით – მათი საშუალებით გრუნტს 4-7სმ-ით ასწევენ, პატარა ფოსოში მოათავსებენ 20-30გ მიცელიუმის შემცველ მასას და გრუნტს აფარებენ. მიცელიუმს თესავენ ჭადრაკულად – ერთმანეთისგან 25X25 სმ-ის დაცილებით. დარგვის ნორმაა 1 მ2-ზე 400-500 გ.
7-10 დღის შემდეგ, როდესაც მიცელიუმი ჩაიზრდება, სარდაფში ჰაერის ტემპერატურას 12-14º-მდე აყენებენ. მიცელიუმის შესამოწმებლად ფრთხილად ასწევენ ნაკელს სხვადასხვა ადგილზე – თუ მიცელიუმი დარგული ადგილის ირგვლივ 1-2 სმ-ით გაზრდილია, შედეგი დამაკმაყოფილებლად ფასდება. დათესვიდან 18-20 დღის შემდეგ, როცა მიცელიუმი 4-5 სმ-ზე გაიზრდება, ჩათესილი ადგილის გარშემო მიწას აყრიან. ამისთვის საუკეთესოა ბოსტნის სილნარი, რომელიც მანამდე ნაკელით ან ნეშომპალით იყო განოყიერებული. ასეთ მიწას, გაფხვიერებულსა და გაცრილს, აყრიან კვლებს 4-5 სმ სისქეზე; დატკეპნა არ არის საჭირო, რათა აერაცია არ დაირღვეს.
მოვლა. კვლებზე გაცრილი მიწის მობნევის შემდეგ გრუნტში ტემპერატურა 10-12º-მდე ეცემა, რაც ნაყოფიანობის მთელ პერიოდში უნდა შენარჩუნდეს. ტენიანობა უნდა შეადგენდეს 60-70%-ს (ხელის მოჭერისას ხელისგულზე სისველე არ უნდა დარჩეს). თუ ტენიანობა დაქვეითებულია (ნიადაგი მუჭში ცუდად გუნდავდება), აუცილებელია წვრილნასვრეტებიანი სარწყავით მორწყვა, 1 მ2-ზე ასხამენ 2-5ლ წყალს. არ შეიძლება წყალმა კვლის ქვედა ფენაში ჩაჟონოს, ეს მიცელიუმის ნაადრევ დაბერებასა და დაღუპვას გამოიწვევს.
მოსარწყავად 10-12º-მდე ტემპერატურის სუფთა, თბილ წყალს იყენებენ. სარდაფი რეგულარულად უნდა ნიავდებოდეს, ჰაერის ტემპერატურა – 15-17º, შეფარდებითი ტენიანობა კი 85-90% უნდა იყოს.
მოსავლის აღება. შამპინიონი მოსავალს იძლევა მიცელიუმზე მიწის დაყრიდან 15-40 დღის განმავლობაში, უფრო ხშირად კი 20-25 დღის შემდეგ, რაც მოყვანის პირობებზეა დამოკიდებული.
პირველი მოსავალი, როგორც წესი, მცირეა, დაახლოებით 5-7 დღის შემდეგ იმატებს და უცბად წყდება. ასეთი თანამიმდევრობა 5-7-ჯერ მეორდება, რის შემდეგაც ჩნდება ერთეული სოკოები. ყველაზე დიდი მოსავალი მიიღება მოსავლიანობის დაწყებიდან 20-40 დღის შემდეგ. მისი ხანგრძლივობა უფრო ხშირად სამ-ოთხ თვეს გრძელდება.
სოკოს კრეფენ, როცა ფეხსა და ქუდს შორის საბურველი იწყებს განვითარებას. მოკრეფის დაგვიანების შემთხვევაში ის იგლიჯება და ქუდი იხსნება – ასეთი სოკოები არასტანდარტულია. სოკოს იღებენ ძალიან ფრთხილად, რათა მიცელიუმი არ დაზიანდეს; ამისათვის სოკოს არ გლეჯენ, ნელ-ნელა ატრიალებენ, თითქოს ამოხრახნა უნდათო, და ფრთხილად ამოსწევენ, რათა არც ფეხი დაზიანდეს და არც მიცელიუმი. ქამა სოკო იკრიფება ყოველდღე, საშუალო მოსავალი 1 მ2-ზე 3-6 კგ-ია.
სოკოს მოყვანას გარკვეული გამოცდილება სჭირდება, მაგრამ როცა საქმეში გაიწაფებით, კარგ შემოსავალსაც მიიღებთ.
– რით გავაშენოთ ქარსაფარი ზოლი ?
– შეგიძლიათ დარგოთ კედარი. კედრის თესლის შეძენა შეიძლება ქალაქის გამწვანების სანერგეში, თუ ასეთი კიდევ არსებობს, შეიძლება ამის შესახებ უფრო დამაჯერებელი პასუხი გაგცენ მემამულეთა კავშირის თანამშრომლებმა. თუ თქვენი მიწის ნაკვეთი ურწყავია და ღმერთის იმედზე ხართ, ასეთ ადგილზე კვიპაროსების გაშენება ჯობს. თუ თქვენი მიწის ნაკვეთი სარწყავია, მაშინ ქარსაფრის გაშენება უფულოდაც შეიძლება. მოჭერით ტირიფის სწორი, 1-1,5 მ-იანი ტოტები, დარგეთ ერთმანეთისგან 3 მ-ის დაცილებით და შუაში ჩარგეთ ქაცვი. ტირიფი ყველა მდინარის ნაპირზე იზრდება, ქაცვი – მდინარე ივრის სანაპიროზე. თქვენ ერთდროულად ქარსაფარიც გექნებათ, შეუვალი ღობეც და ქაცვის უძვირფასესი ნაყოფიც. თუ ქაცვის მოსათხრელად შორს წასვლა დაგეზაროთ, მაშინ ტირიფებს შორის მაყვალი დარგეთ; არც ეს გახლავთ ურიგო ღობე, ხოლო მაყვლის ნაყოფი რომ საუკეთესოა, ეს გეცოდინებათ.
– გვაქვს ნაკვეთი წითელმიწა ნიადაგით, ანუ „აყალო მიწა“; რა სასუქი გამოვიყენოთ, რომ იგი უხვმოსავლიანი გახდეს, სად შეიძლება სასუქის შეძენა?
– ის, რასაც თქვენ „წითელმიწას“ უწოდებთ, რა თქმა უნდა, არასწორია, რადგან „წითელმიწა“ მხოლოდ დასავლეთ საქართველოსთვის არის დამახასიათებელი, ხოლო „აყალო“ იგივეა, რაც თიხა. ასეა თუ ისე, ასეთი ნიადაგი აუცილებლად მცირემოსავლიანი იქნება, მაგრამ ნუ შეშფოთდებით.
ნებისმიერ ნიადაგს 3 წელიწადში ერთხელ სჭირდება განოყიერება, თქვენი ნიადაგის ტიპს – მით უმეტეს. ერთადერთი სასუქი, რომელსაც მე გირჩევთ, გახლავთ ორგანული, ანუ ნაკელი. კარგია ტორფი და კომპოსტი, რომელიც ყველაზე უფრო ხელმისაწვდომია. რაც შეეხება ნაკელის შეძენას, მისი შოვნა შეიძლება, ხოლო ტორფი ხშირად აქვს მემამულეთა კავშირს.
– როგორ მზადდება კომპოსტი?
– კომპოსტში შესაძლოა შედიოდეს: გაფუჭებული საკვები პროდუქტები, სამზარეულოს ნარჩენები, ნახერხი, ტყის საფენი, დამპალი ჩალა, ჩამოცვენილი ფოთლები, დაქუცმაცებული სარეველა მცენარეები, ოღონდ უთესლოდ აღებული. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც გაიხრწნება.
კომპოსტი დააწყვეთ 2-4 მ სიგანის და 1-2მ სიმაღლის გროვებად. სიგრძეს არა აქვს მნიშვნელობა. აღმოსავლეთ საქართველოში გროვა თავსდება ღია ცის ქვეშ, ორმოში, ჩალაგადაფარებული, ხოლო დასავლეთში ორმო უნდა დაიცვათ ნალექისგან.
გროვისათვის ადგილი წინასწარ უნდა მოსწორდეს და მოიტკეპნოს, ზედ დაეფინოს 15-20სმ სისქის კორდის მიწა, ნიადაგის ნეშომპალა ან ტორფი, რომელსაც დაეყრება დაქუცმაცებული საკომპოსტე მასალა. ყოველი ფენა კარგად დაიტკეპნება.
საუკეთესო შედეგს იძლევა კომპოსტის გროვაში მისი წონის 1-2% ფოსფორიტის ფქვილის დამატება. გროვა დროგამოშვებით უნდა მოირწყას წყლით, წუნწუხით ან წყალში გაზავებული ფეკალური მასით, ისე, რომ კომპოსტი მუდამ ზომიერად სველი იყოს. დაკომპოსტების პერიოდში გროვას დასჭირდება 1-2-ჯერ არევა. კომპოსტი მზად იქნება 5-6 თვის შემდეგ. მისი სასუქად გამოყენება შეიძლება, როცა მთელი მასა მუქ ფერს მიიღებს.
ორგანული სასუქების შეტანა ნებისმიერი ტიპის ნიადაგში იმიტომ გახლავთ სასურველი, რომ გარდა საჭირო ნივთიერებებით მისი გამდიდრებისა, ყალიბდება ნიადაგის სტრუქტურა, რაც აუცილებელია.
– რა და როგორ დავრგოთ აივანზე ან სახლის სახურავზე, რომელსაც ბრტყელი გადახურვა აქვს?
– სახლის სახურავსა და აივანზე, ფაქტობრივად, ყველა სახის მცენარის გაშენება შეიძლება, როგორც ბალახოვანი, ისე ბუჩქოვანი და ხემცენარეების. მაგრამ ამ სიამოვნებას გარკვეული ინვენტარი და, რა თქმა უნდა, შესაბამისი თანხები ესაჭიროება. სახლის ბრტყელ სახურავზე ბაღის გაშენების პრაქტიკა დღევანდელი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს, რისთვისაც სახლის მშენებლობისას საჭირო მოწყობილობას ითვალისწინებენ. ჩვენს პირობებში ყველაფერი თქვენ თვითონ უნდა მოიფიქროთ. ასე, მაგალითად, ხეები და ბუჩქები შესანიშნავად გრძნობენ თავს ძველ, გამოუსადეგარ კასრებში, ლითონისაგან შეკრულ კუბებში, ვედროებში, შესაბამისი ზომის ხის ყუთებში და ა.შ. ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ სახურავზე ძლიერ აჭერს მზე და მეტალის ქოთნები, კუბები, კასრები და ა.შ. აუცილებლად თეთრად უნდა შეიღებოს. განსაკუთრებით საყურადღებოა აქ გაშენებული მცენარეების წყლით მომარაგება, ყოველდღე თუ არა, ორ დღეში ერთხელ აუცილებლად უნდა მოირწყოს და შეშრობისთანავე ნიადაგი გაფხვიერდეს.
ნიადაგად გამოიყენეთ ნეშომპალით მდიდარი მიწა. კასრს ფსკერი აუცილებლად გახვრეტილი უნდა ჰქონდეს და მდინარის კენჭებით მოხრეშილი. კასრიდან დაწრეტილი წყალი უნდა გროვდებოდეს სადგამში (ისე, როგორც ქოთნის მცენარეებში) და ზედ მიდუღებული მილით წყალი იღვრებოდეს სანიაღვრეში. სხვათა შორის, ერთი ძირი ვაზისთვის ან ხემცენარის დასარგავად ძველი აბაზანაც გამოდგება, მას ხომ წყლის გამოსასვლელიც აქვს. მასში, ვაზთან თუ ხესთან ერთად, შეგიძლიათ მწვანილიც მოიყვანოთ. როცა სახურავზე ან აივანზე გასაშენებელ ხეებზეა ლაპარაკი, იგულისხმება ნაგალა საძირეზე დამყნილი ხეები. დარგვით კი შეგიძლიათ დარგოთ: ვაშლი, მსხალი, ატამი, ლეღვი, თხილი და ა.შ. სახურავზე, თუ ამისთვის საკმარისი ფართობია, იმდენი ყურძნის მოყვანა შეიძლება, რომ ღვინოც დაწუროთ.
შესანიშნავი კოინდრის მოლის აბიბინება შეიძლება სახურავზე, თუ შესაბამის ორფსკერიან, ნებისმიერი ფორმის მეტალის ჭურჭელს შეაკვრევინებთ. ანდა შეიძლება სადგამი მეტალის იყოს და რაშიც მცენარე ითესება – ფიცრისგან შეკრული.
დანარჩენი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
– გთხოვთ მიპასუხოთ, სად არის ფიჭვის ხე გავრცელებული, რა დადებითი თვისებები აქვს მას და რაში იყენებენ დღესდღეობით?
– ფიჭვი მარადმწვანე წიწვიანი ხეების, იშვიათად გართხმული ბუჩქების, გვარია ფიჭვისებრთა ოჯახში. მისი სიმაღლე 1,5 მ-დან 50-75 მ-მდეა. გვალვაგამძლე და სინათლისმოყვარული მცენარეა, დაჩრდილვას ვერ იტანს; ტყეებს ქმნის როგორც მდიდარ, ისე მწირ და ქვიან ნიადაგზე, კირქვებსა და ტორფიან ადგილებში. 10-მდე სახეობაა გავრცელებული ჩრდილო ნახევარსფეროში; საქართველოში ფიჭვის 4 სახეობა გვხვდება: კავკასიური, ანუ სოსნოვსკის ფიჭვი, ბიჭვინთის, ელდარისა და კოხის. ჩვენში თითქმის ყველგანაა გავრცელებული, უმთავრესად მთის ზედა სარტყელში. დიდ მასივებს ქმნის სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. თბილისის შემოგარენის გამწვანებაში არსებული წიწვიანების 99% ფიჭვია. იძლევა კარგ სამშენებლო მერქანს; წიწვი შეიცავს ეთერზეთს – წიწვის სუნის მქონე მოყვითალო-მომწვანო ფერის სითხეს, რომელიც გამოიყენება პარფიუმერიაში, ხოლო ფიჭვის კვირტები – მედიცინაში.
– სექტემბერში თუ შეიძლება რამე დაითესოს, რომ გვიანი შემოდგომისათვის მოსავალი მივიღოთ (ლაპარაკია კიტრის, პამიდვრის, ხახვისა და მწვანილის დათესვაზე); პერსპექტივაში რა ხეხილის გაშენება ჯობია?
– რაც შეეხება ბოსტნეული კულტურების თესვასა და მერქნიანების დარგვას, სექტემბერში არაფერი ითესება. 10 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე შეგიძლიათ დათესოთ ნიორი.
ფოთოლცვენის დამთავრების შემდეგ დარგეთ ნებისმიერი მერქნიანი მცენარე (ხე და ბუჩქი).
– როგორ დავაყენოთ „ღვინო“ და არაყი შავი ქლიავისგან?
– არც ერთ ალკოჰოლურ სასმელს, გარდა ყურძნის დუღილით მიღებული სასმლისა, ღვინო არ ჰქვია!
თუ გნებავთ, რომ მაინცდამაინც შავი ქლიავის `ღვინო~ დააყენოთ, გამოაცალეთ კურკები, კარგად ჩაჭყლიტეთ ხის კასრში, თავი მოუკარით ან მჭიდროდ დახუფეთ, ურიეთ დილა-საღამოს. დუღილს რომ დაიწყებს, განსაკუთრებით მაშინ სჭირდება ყურადღება; დურდო ზემოთ ამოდის და ამორევით უკან აბრუნებთ. როცა დადუღდება, დურდო თავისით დაილექება კასრის ფსკერზე. ამოიღეთ წვენი, კარგად გაწურეთ, ჩაასხით ბოცაში და დაელოდეთ დალექვას. დალექვის მერე იმდენჯერ გადაიღეთ, სანამ ლექი არ მოსცილდება. ამის შემდეგ თქვენი `ღვინო~ მზად არის.
დურდოდან შეგიძლიათ მაშინვე გამოხადოთ არაყი, შეგიძლიათ წყალი დაასხათ და მოგვიანებით გამოხადოთ. გამოხდის დროს იმდენი წყალი უნდა ჰქონდეს, რომ არ მიიწვას.
– მყავს ტალღისებური თუთიყუში, დასცვივდა ბუმბული, სულ გაუშიშვლდა თავი და მკერდი. როგორ ვუმკურნალოთ მას?
– ბუმბულის ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს ფრინველის ცუდი ზნე. როცა ფრინველებს სრულფასოვანი ცხოველური და მინერალური საკვები აკლიათ, ისინი ერთმანეთს ჯერ ბუმბულს აწიწკნიან, ხოლო შემდეგ ხორცს. თუ თქვენი თუთიყუში მარტოა, შესაძლებელია, ჰყავდეს პარაზიტი – ბუმბულიჭამია. სანამ მთლად არ გაშიშვლებულა, მიაკითხეთ ზოოვეტერინარს. არ არის გამორიცხული, კარგი კონსულტაცია მიიღოთ აგრეთვე ზოომაღაზიასა ან ზოოპარკში. მანამდე კი გირჩევთ, გაპუტულ ადგილებზე ზეთი ან ქონი წაუსვათ.
– საჭიროა თუ არა რაიმე წამალი ან ვიტამინები ინდაურის ჭუკებისა და წიწილების გასაზრდელად?
– მემამულეთა კავშირში იყიდება აკადემიკოს რამაზ გახოკიძის მიერ მრავალწლოვანი ცდების შედეგად მიღებული ბიოლოგიური ნაერთი `ბიორაგი~, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება წიწილებისა და ჭუკების გასაზრდელად.
– საქართველოს ბაზრებსა ან სათესლე მეურნეობებში შესაძლებელია თუ არა შევიძინო დიდი რაოდენობით გოგრის თესლი (დაახლ. 15 ტომარა წელიწადში)?
– გოგრის თესლის შოვნა საქართველოში წარმოუდგენელია. გოგრა დიდი რაოდენობით მოჰყავთ შუა აზიასა და აზერბაიჯანში. შეიძლება იქ სცადოთ მისი შოვნა.
– გთხოვთ, მოგვითხროთ კარტოფილის პლანტაციის დაავადებებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაზე, როცა ყვავილობამდე მცენარე გადაიკრავს ჟანგისფერს, რაც ვრცელდება მთელ პლანტაციაზე და ყვავილობას უშლის ხელს.
– კარტოფილის იმ უამრავ დაავადებათა შორის, რაც დღეისთვის ცნობილია, საყურადღებოა 20-მდე ყველაზე გავრცელებული და განსაკუთრებით საშიში დაავადება.
ერთი უმნიშვნელო ნიშნით, რასაც თქვენ გვაწვდით, ძნელია დაავადების სახეობის დადგენა. სავარაუდოა, ეს იყოს ე.წ. ფიტოფტოროზი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება. ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა:
1. სათესლე ტუბერები გაღივდეს სინათლეზე და ამის შემდეგ გადაირჩეს. 20-25 დღის შემდეგ ტუბერებზე გამოჩნდება ფიტოფტოროზის ნიშნები – მუქი ფერის ლაქები.
2. გასაღივებლად ან დასათესად გადარჩეული ტუბერების შეწამვლა ხსნარით – 2გ შაბიამანი და 10 გ კალიუმის პერმანგანატი (`მარგანცოვკა~) გახსენით 10ლ წყალში და 2ლ შეასხურეთ 100კგ კარტოფილს, ან მხოლოდ შაბიამანი – 2გ 10ლ წყალზე.
– არც ისე დიდი ხნის წინ სახლში გაჩნდა ე.წ. ხის ჩრჩილი. ნასვრეტები შევამჩნიე როგორც პარკეტზე, ასევე ხის კედლებსა და თაროებზე. გვირჩიეთ, როგორ მოვიშოროთ.
– მართლაც მერქნის დაუძინებელი მტერია ხოჭო, რომელსაც რკილი ჰქვია. არსებობს ბინის რკილი, რომელიც აზიანებს ხის კედლებსა და იატაკს; ავეჯის რკილი – აზიანებს ავეჯს, ხის ჩარჩოებს, იატაკს; ხორბლის რკილი – აზიანებს ხორბლის ნაწარმს, წიგნებს და სხვ. ეს მცირე ზომის ხოჭო, რომლის სიგრძე 2-დან 8 მმ-მდეა, პირდაპირ მტრად მოგვევლინა, რადგან მისი მოსპობა საკმაოდ შრომატევადია და ხშირად უშედეგოც. არადა, არსებობს მრავალი საშუალება მის მოსაშორებლად: ვაზელინის ზეთი; 3 წილი სკიპიდარისა და 1 წილი ნავთის ნარევი; შეიძლება აგრეთვე ბენზინში გახსნილი ნაფტალინის გამოყენებაც. ამ საშუალებებით შეიძლება დაზიანებული ადგილების გაწმენდაც და ხოჭოსგან დახრულ ნასვრეტებში მათი შესხურება შპრიცით, რის შემდეგაც უნდა ამოილესოს უნივერსალური ან ჩვეულებრივი ფანჯრის მინის საგოზავით, პარაფინით, ცვილით. 2-3 კვირის შემდეგ ასეთი პროცედურა გაიმეორეთ, ერთი თვის შემდეგ შეამოწმეთ ხოლმე რეგულარულად, ხომ არ გაჩნდა ახალი ნასვრეტები.
გახსოვდეთ
რკილის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა პროფილაქტიკური ღონისძიებები: პირველ რიგში, ხშირად გაანიავეთ ბინა, ასევე ხშირად გაწმინდეთ ავეჯი, იატაკი, ხის ჩარჩოები სკიპიდარის შემცველი მასტიკით.
საუკეთესო საშუალება, რომლითაც შეგიძლიათ დაამუშაოთ რკილისგან დაზიანებული მერქანი, გახლავთ ვაზელინის ზეთი, მით უმეტეს, არც სპეციფიკური სუნი აქვს და არც ცეცხლსაშიშია.
ლიმონი კასრში – ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რომელიც ოთახის პირობებში კარგად ხარობს და მოსავალსაც იძლევა.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)