რევოლუცია ღვინის დაყენებაში
მრავალი საუკუნის განმავლობაში მევენახეებისა და ღვინით მოვაჭრეების საზრუნავი ჩვეულებრივ, ყოველდღიურად მოსახმარ ღვინოზე მოთხოვნის დაკმაყოფილება იყო. მაგრამ XVII საუკუნის დასასრულიდან შეძლებულ ფენას გამორჩეული გემოს მქონე ღვინით ტკბობის სურვილი გაუჩნდა.
კარგი ღვინის მოყვარული
ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში რომაელები საუკეთესო მოსავლის წლის ღვინოებს ანიჭებდნენ უპირატესობას. შუა საუკუნეების მეფეები და აბატებიც საუკეთესო ღვინოს მიირთმევდნენ. ეს ახალი მოვლენა საფრანგეთსა და ინგლისში შეძლებული ფენის წარმოქმნასთან ერთად გაჩნდა. ისინი მზად იყვნენ, მაღალი ხარისხის ღვინისთვის დიდი თანხა გაეღოთ. საფრანგეთში, რეგენტობის პერიოდში, სამეფო კარის წარმომადგენლებმა (1715-1723) მოითხოვეს და მიიღეს დიდი რაოდენობის საუკეთესო ხარისხის, გაცილებით ცქრიალა შამპანური. იმავე პერიოდის ინგლისში, სამეფოს მნიშვნელოვანი ფიგურები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი რობერტ უოლპოლი, ბორდოს საუკეთესო წითელი ღვინის მოყვარულნი გახლდნენ.
სწორედ აქედან იღებს სათავეს ცნება – მაღალი ხარისხის ღვინო. აქამდე ღვინო მთელი წელი ისმებოდა და რთველის მოახლოებასთან ერთად „ძველი“ ღვინის ფასი ეცემოდა. თუმცა, 1714 წლიდან, ერთმა პარიზელმა ვაჭარმა ბორდოდან მომწოდებელს მოსთხოვა „კარგი, უმაღლესი ხარისხის, ძველი, შავი, ხავერდოვანი ღვინო.“ ამ პერიოდიდან უკვე შეეძლოთ ღვინის ხარისხის ამაღლება და გაუმჯობესება.
ბორდოს დიდი ღვინოები
ღვინის ხარისხზე მოთხოვნის დამკვიდრებას მიაწერენ არნო დე პონტაკს, 1660 წელს ბორდოს პარლამენტის თავმჯდომარეს. შატო o-brionis (château Haut-Brion) მესაკუთრემ ახალი ტიპის ღვინის წარმოება წამოიწყო, ხოლო მოგვიანებით, მის მიერ გამოყენებული მეთოდები მყარად დამკვიდრდა: დაბალი რენტაბელობა, ფრთხილი სელექცია, ვენახების გაშენებაზე მკაცრი კონტროლი. მიზანი, ცხადია, ხარისხი იყო, რაც ღვინოზე დაწესებულ მაღალ ფასს გაამართლებდა. ლონდონში o-brionis -ის ღვინო სხვა მაღალი ხარისხის სასმელზე სამჯერ ძვირი ღირდა. ბორდოს ახალმა მამულებმაც – ლატურმა (Latour), ლაფიტმა (Lafite) და მარგომ (Margaux) წარმოების პროცესში იმავე მეთოდების გამოყენება დაიწყეს. მათი დახვეწა გრძელდებოდა: საუკეთესო ჯიშის ვაზის შერჩევა, ვენახის დრენაჟი, გაშენებისას დიდი სიზუსტე, სარდაფში შენახვის პირობები. დაიწყო მაღალი ხარისხის ღვინის დიდი რაოდენობით წარმოება.
საშუალო ხარისხის ღვინის დიდი რაოდენობით წარმოება საფრანგეთში მხოლოდ სამრეწველო რევოლუციის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ქალაქების განვითარებამ და მუშათა ფენის ზრდამ, იაფფასიანი ღვინისადმი მოთხოვნა გაზარდა. რკინიგზამ ამ პრობლემის გადაჭრა გააადვილა სამხრეთის გაშლილი ზვრების საშუალებით.
ახალი ღვინოები
XVII-XVIII საუკუნეები. XVII საუკუნიდან დაწყებული, მთელი XVIII საუკუნის ჩათვლით, მევენახეობა პარიზთან ერთად ვითარდებოდა. დედაქალაქში ღვინოზე მეტი მოთხოვნა გაჩნდა და მის დასაკმაყოფილებლად ორლეანის რეგიონის ღვინოსაც დაედო ფასი. XVIII საუკუნის ბოლოს, სწორედ პარიზელებისთვის, ბოჟოლეს წარმოება გაიზარდა. მომმარაგებლები პარიზისა და ინგლისის მოსახლეობის მოთხოვნებს ვეღარ აუდიოდნენ. მევენახეებზე მეტად ისინი მწარმოებლებისგან ყიდულობდნენ ღვინოს. ამ პერიოდში ახალი ტიპის ღვინის მწარმოებლებს ვენახები არ ჰქონდათ. ისინი აგროვებდნენ, ბოთლებში ასხამდნენ შეძენილ ღვინოს და როგორც საკუთარ `სამარკოს“ , ისე ყიდდნენ.
XIX საუკუნეში. პარლამენტარებისა და მოსამართლის თანაშემწეების მდიდრულ სუფრებს ბორდოში „ბურჟუაზიული“ ღვინო ამშვენებდა. ვაჭრები გაყიდვის მეთოდებს სულ უფრო ხვეწდნენ, კასრების ნაცვლად ახლა ღვინო ბოთლებით იყიდებოდა. ინდუსტრიალიზაციამ და რკინიგზის გაყვანამ განაპირობა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პროდუქტად ღვინის ქცევა. ლანგედოკ-რუსიონის მზიან ზვრებში ახალი, განსხვავებული ვაზის ჯიშებისგან დიდი რაოდენობით ყო-ველდღიური მოხმარების ღვინოს ამზადებდნენ.
ვაზის ჭირი
საფრანგეთის სამხრეთში (უფრო ზუსტად, გარდში, პუჟოში) 1863 წელს ვაზის გამანადგურებელი ჭირი გაჩნდა. ფილოქსერა (Phylloxéra vastatrix) ქინძისთავისხელა ტილია, რომელიც ვაზის ფესვების წვენით იკვებება და მას კლავს. ის ჩრდილოეთ ამერიკიდან, გემით, შემთხვევით მოხვდა ევროპაში. ამერიკიდან შემოტანილ მცენარეებს გამოყოლილი ეს პარაზიტები გადარჩნენ და მთელ ევროპას მოედვნენ: მათ ერთი ძირი ვაზიც კი არ გადაურჩა. 40-წლიანი განადგურების შემდეგ, როგორც იქნა, გამოსავალი იპოვეს, ადგილობრივი ვაზი ამერიკულზე დაამყნეს, რომელსაც ეს მწერი ვერაფერს აკლებდა.
ფილოქსერა ერთადერთი პრობლემა როდი იყო. იმავე პერიოდში ევროპულ ვაზს ორი სოკოვანი დაავადება, ოიდიუმი (ნაცარი) და მილდიუ (ჭრაქი) შეეყარა და დააზიანა. საფრანგეთსა და ევროპის სხვა რეგიონებში ფილოქსერათი განადგურებული ვენახები ხელახლა აღარ გაშენებულა.
იცით თუ არა, რომ… შუა საუკუნეების ადამიანისთვის ღვინო და ლუდი ფუფუნება კი არ იყო
წყარო: დიდი ენციკლოპედია – ღვინო (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები