რამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა დეფეკაციის დროს, რა ძირითადი მიზეზი არსებობს
საუბრობს „სტუმრად ექიმთან“ „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის კლინიკის ბავშვთა ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გოგა ბახტაძე:
„ნაწლავურ ინფექციაზე უნდა ვიფიქროთ მაშინ, როცა ეს ნაწლავური მასებიც არის თხიერი, როდესაც პაციენტს აქვს დიარეა და სისხლთან გარეულია მომწვანო მასები, როდესაც პაციენტს აღენიშნება მუცლის მოვლითი ტკივილი, ტემპერატურა და ა.შ. ხშირ შემთხვევაში, მიზეზი მსუბუქია. სისხლდენის მიზეზი ყაბზობის ფონზე განვითარებული უმნიშვნელო ნახეთქი არის ხოლმე, რაც ადვილად მოგვარებადია. ინიშნება ადგილობრივი და დასალევი მედიკამენტები.
სისხლის ფერის მიხედვითაც შეიძლება ვივარაუდოთ, რა ნაწილიდან ხდება სისხლდენა, წვრილი ნაწლავიდან, მსხვილი ნაწლავიდან თუ კუჭიდან.
კუჭიდან და თორმეტგოჯადან სისხლდენა ყოველთვის შავია. წვრილი ნაწლავიდან სისხლდენის დროს უფრო მუქი, შინდისფერია. ყველაზე გავრცელებული წვრილი ნაწლავიდან სისხლდენის დროს მეკელის დივერტიკულიდან სისხლდენაა. მეკელის დივერტიკული ნაწლავზე პატარა წანაზარდია, რომელიც ნორმით არ უნდა იყოს და ის 1000-დან მხოლოდ 2-3 ბავშვს აქვს.
წვრილი ნაწლავიდან სისხლდენა შეიძლება გაუვალობამაც მოგვცეს. ნაწლავის გაუვალობის ერთ-ერთი სახეობაა ინვაგინაცია, რა დროსაც ნაწლავი ნაწლავში იჭედება და მასაც თან ახლავს სისხლდენა.
არის მსხვილი ნაწლავიდან არსებული სისხლდენები, რომელთაც ახასიათებთ უფრო ღია, ალისფერი, ჟოლოსფერი სისხლი, შეიძლება, გამოწვეული იყოს ნაწლავის პოლიპით. ბავშვს უნდა ჩავუტაროთ კვლევა.
სისხლის ანალიზი საკმარისი არ არის და ანალიზში არსებული ცვლილებები სიმპტომებთან კორელაციაშია მნიშვნელოვანი, რადგან ანალიზში არსებული ცვლილებების მიზეზი შეიძლება სხვადასხვა დარღვევები იყოს, არ არის სავალდებულო, რომ მიზეზი მაინც და მაინც ქირურგიული, ნაწლავური ანთება იყოს. მარტო ექოსკოპიით დადგენა, თუ სიმპტომები არ არის, საკმარისი არ არის. საერთო სურათი გვიჩვენებს, თუ რა მკურნალობა სჭირდება პაციენტს“.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები