ნიკა წულუკიძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს. 26 წლისაა, ჰყავს მეუღლე – ჯული და ორი ტყუპი გოგონა. ნიკა ტბელ აბუსერიძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს, იურიდიულ ფაკულტეტზე, სტატუსის შეჩერება მოუწია, რადგან ბაკალავრისა და მაგისტრის საფეხურებზე ერთდროულად სწავლა არ შეიძლება.
ნიკა წულუკიძე ხულოს წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. ახლა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული არ არის.
ნიკა წულუკიძე ხულოს მუნიციპალიტეტში სტუმრობისას გავიცანი. ნიკა არის ძალიან მიზანდასახული, ჭკვიანი, შრომელი.
ნიკამ მიამბო, რომ ვარდების მოშენებას აპირებდა. ნიკა ახლა უკვე ფერმერია, სტუდენტურ ცხოვრებასთან ერთად სოფელში სათბურის გააკეთა მოახერხა. ხულოში ჰოლანდიური ჯიშის ვარდები მოჰყავს. 2019 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპილოტე პროგრამის თანადაფინანსება მოიპოვა. სოფელ დიდაჭარაში, დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრზე, გააშენა სათბური.
ოჯახთან ერთად ვარდის მოშენება ნიკამ 2021 წლის მარტში დაიწყო. ნერგებმა მალევე გაიხარა. თავიდან მხოლოდ სათბურის კონსტრუქცია ჰქონდათ, შემდეგ გამწოვი დააყენეს, ახლა წვეთოვანს აკეთებენ, გეგმავენს განათების დამონტაჟებასაც.
სათბურის დახვეწისა და სხვადასხვა ტექნოლოგიის დამატებას ოჯახი უკვე საკუთარი ძალებით ახერხებს, პარალელურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგრანტო კონკურსშიც. ნიკა ვარდებს უვლის, მისი მეუღლე ჯული მარკეტინგის საკითხებს აგვარებს. სათბურში დარგულ ვარდებს ნიკა და მისი ოჯახის წევრები უვლიან, ხოლო ღია გრუნტზე დარგულ ვარდებზე ნათესავები ზრუნავენ. სეზონურად კიდევ ორი ადამიანის დასაქმებას შეძლებენ.
ვესაუბრეთ ნიკა წულუკიძეს:
-„გაამართლებდა თუ არა სათბური ხულოში, ალბათ, ჩვენს შრომაზეც იყო დამოკიდებული. გვეშინოდა, ზამთარს არ ჩამოეშალა სათბური. ხულოს მიწა გამოვიკვლიეთ. ვარდს ნამდვილად შეუძლია ხულოს მიწაზე გახარება და მოსავლის მოცემა.
მე და ჯული ვეძებდით ვარდის ჯიშებს. ჯერ სხვა ჯიში გვირჩიეს, გამოვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ ის ჯიში ვერ გაუძლებდა სიცივეს, ამიტომ ჰოლანდიური ვარდის ჯიშის, ჯუმელიას მოშენება გადავწყვიტეთ. ეს ჯიში დაახლოებით 7-8 წელი იძლევა მოსავალს, ერთი ძირი 10-12 ცალ ვარდს იძლევა წელიწადში, საშუალო პირობები რომ შეუქმნა.
სოციალური ქსელით ვიპოვეთ ადამიანი, რომელსაც უცხოეთიდან ჩამოჰქონდა ჯუმელიას ვარდის ნერგები, საწყის ეტაპზე 2000 ვარდის ნერგი შევიძინეთ.
დაახლოებით 4 000 ცალი ვარდის რეალიზება შევძელით. გადავწყვიტეთ, ვარდები ღია გრუნტზეც მოგვეშენებინა. დაახლოებით 400 მეტრზე დავამატეთ 3500 ძირი ვარდი და აქედან მოსავალს შემოდგომისთვის ველოდებით.
ვარდისთვის ყველაზე კარგი სეზონი აპრილის ბოლოდან იწყება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.
ჩვენი გაანგარიშებით, ამ ეტაპზე 20 000 – 25 000 ვარდის მიღება შეგვიძლია სეზონურად. რაც უფრო მეტად მოუვლი ვარდს, მით უფრო მეტ შემოსავალს იძლევა. 200 კვადრატულ ფართობში ვარდი ვეღარ სუნთქავდა და გამწოვები სჭირდებოდა სათბურს. საქმემ გვიჩვენა საქმე.
მიხარია, რომ დღეს უკვე ჩემი საქმიდან მაგალითს იღებენ. დიდაჭარაში 2 კერა გაჩნდა, სადაც ვარდების ბიზნესი უნდა დაიწყონ“, – ამბობს ნიკა.
ნიკა წულუკიძემ ყვავილების საკუთარი მაღაზია გახსნა ბათუმში.
ვარდებს ბათუმში ყვავილების 2 მაღაზიას აბარებდა. შეფუთულ ვარდებს ხანდახან მიკროავტობუსით აგზავნიდა, იქიდან კი მაღაზიებს თავად მიქონდათ ადგილზე.
-„ბაზარი გამოვიკვლიეთ, ბათუმსა და ქუთაისში დღეში დაახლოებით 50 000-მდე გასაყიდი ვარდი შემოაქვთ სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ადგილზე წარმოებულ ვარდს ბევრი პრივილეგია აქვს, უფრო სწრაფად მიაწოდებ გამყიდველს, უფრო მხნედ გამოიყურება და ხარისხიანია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ვარდი. ჩვენ შევამოწმეთ ჩვენი ვარდის გამძლეობა. მინიმუმ 16 დღეა სიცოცხლისუნარიანი წყლის გამოცვლის გარეშე, წყალი თუ გამოუცვალე – 25 დღემდე ძლებს“, – გვითხრა ნიკამ.
ნიკას აზრით, სასათბურე მეურნეობის განვითარება ხულოს მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ვარდი იქნება ეს, ჟოლო თუ სხვა.
-„მნიშვნელოვანია, სახელმწიფო სტრუქტურებისგან ადგილზე სწავლება იყოს უზრუნველყოფილი, – როგორ დახვეწოს და განავითაროს იდეები მოსახლეობამ. ამ პროცესში ჩაერთვებიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც სოფელში დარჩებიან, ადგილზე დასაქმდებიან, ფინანსურ შემოსავალს გაამყარებენ და ადგილობრივებს დაასაქმებენ. სოფელში თუ იქნება 3-4 ისეთი სათბური, შესაძლებელი იქნებოდა 15-20 ადამიანის მუდმივად დასაქმება.