„საერთაშორისო ბაზარზე ნუშის ფასი იზრდება და უკვე იმ ნიშნულთანაა მიახლოებული, რომელიც ბიზნესისთვის საინტერესოა“. ამის შესახებ ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ნიკო ნიკოლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წელი ნუშის სექტორისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო. 2025 წელიც საინტერესოდ დაიწყო, რადგან საერთაშორისო ბაზრებზე ნუშის ფასი ზრდის ტენდენციას აჩვენებს. ეს კი სავარაუდოა, რომ აშშ-ში პირველი მოსავლის მიღებამდე უნდა გაგრძელდეს.
„მოგეხსენებათ, აშშ არის ნუშის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, რომელსაც მთლიანი ბაზრის 70% უკავია, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფასის ცვლილების პროგნოზისას. შესაბამისად, ფასის ზრდა სავარაუდოდ აშშ-ს პირველი მოსავლის მიღებამდე უნდა გაგრძელდეს.
2024 წელს, საქართველოში ნუშის მოსავალი 3000 ტონას შეადგენდა. საუბარია გაუტეხავ ნუშზე. ეს მონაცემები დაფუძნებულია ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გამოკითხვის შედეგების მიხედვით. გამოკითხულია დაახლოებით 2200 ჰა-ის მფლობელი ფერმერი ჯამურად, რაც საერთაშორისო ბაზარს რომ შევადაროთ, მცირე მოცულობაა“,– განაცხადა ნიკოლაძემ.
მისი თქმით, საქართველოში ნუშის მოხმარება გაიზარდა, რაც გაზრდილ ვეგანიზმსა და ფასის რეგულირებას უკავშირდება. ანუ ფასი ადეკვატურ ნიშნულზეა. შესაბამისად, ნიკოლაძე ვარაუდობს, რომ ნუშზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე ყოველწლიურად გაიზრდება.
„ნუშის მოხმარება საქართველოში გაზრდილია, რადგან საქართველოში ნუშის ფასი საერთაშორისო ფასს დაუახლოვდა. აღარ არის ამოვარდნილი რეალური ფასიდან. ხალხმა ამ პროდუქტის მოხმარება ინტენსიურად დაიწყო და ვფიქრობთ, რომ ეს ყოველ წელს კიდევ უფრო გაიზრდება. გვგონია, რომ ჩვენი წარმოების დიდი ნაწილი საქართველოში დარჩება“, – ამბობს ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
ნიკო ნიკოლაძე ეთერში აცხადებს, რომ ადგილობრივად ნუშის წარმოების ზრდა არის მოსალოდნელი, თუმცა ის დრამატული არ იქნება, რადგან გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ბაზრები, რომელიც აგრო ინჟინერიითაა გაშენებული, ჯერჯერობით მსხმოიარობაში ვერ შევა.
„მოსავლის ზრდას ბუნებრივია ველოდებით, თუმცა ეს არ იქნება დრამატული ნახტომი, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ბაზრები, რომელიც აგრო ინჟინერიითაა გაშენებული, ჯერჯერობით მსხმოიარობაში ვერ შევა. ამისთვის მას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში მოყვანილი ნუში სრულად დარჩება საქართველოში, თუ არ ექნა მწარმოებელს იმის მოტივაცია, რომ პროდუქტი ექსპორტზე გაიტანოს“, – განაცხადა ნიკოლაძე.
ნიკოლაძე ამბობს, რომ ფასის პროგნოზი რთულია, რადგან ფასი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის აშშ-ს მოსავალზე, რომელიც ნუშის საბაზრო ფასის ერთ-ერთი განმსაზღვრელია.