თუ გინდა გაიგო, როგორია ქართული, კახური ტრადიციული ოჯახი, – აუცილებლად უნდა ესტუმრო “ღვინის ეზო N1-ს”.
მეღვინეობა, კულინარია, ადგილობრივი ფოლკლორი, საოჯახო მეურნეობა, ყვავილების ბაღი – ეს ყველაფერი ერთ სივრცეში არის თავმოყრილი.
„ღვინის ეზო N1“ – ტურისტული ობიექტია, რომელიც მთლიანად ოჯახის კონცეფციაზეა დაფუძნებული. აქ ყველას თავისი როლი აქვს – მასპინძელი აუცილებლად კართან შეგეგებებათ და საკუთარ კარ-მიდაამოს დაგათვალიერებინებთ. აგიხსნით, თუ როგორ აყენებს ღვინოს, გაჩვენებთ მამა-პაპისეულ სამი თაობის მარანს, ქვევრიდან დაგაგემოვნებინებთ ღვინოს, თავად მიიღებთ მონაწილეობას არყის გამოხდის პროცესში, გამოაცხობთ დედას პურს და ხაჭაპურს, მოირგებთ ქართულ ნაციონალურ სამოსს, მოამზადებთ კერძებს და ოჯახის წევრებთან ერთად სუფრას მიუჯდებით. თამადობას მასპინძელი გაგიწევთ!
ეს ყველაფერი თბილისიდან 160 კილომეტრის სავალზე, ყვარლის რაიონ, სოფ. ახალსოფელში. სოფელი გარშემოტყულია კავკასიონის მთების საუცხოო ხედებით და მდინარეებით, მდიდარია ისტორიული ძეგლებით (ღვთისმშობლის ეკლესია მე – 6 საუკ.)
იდეა ამ ოჯახის მასპინძელს, – თიკა დუღაშვილს ეკუთვნის, რომელმაც გადაწყვიტა თბილისი მიეტოვებინა და საცხოვრებლად სოფელში გადასულიყო.
იდეა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაუჩნდა და გადაწყვიტა მთელი ოჯახი ჩაერთო ამ საქმეში. მისი სახლი და ვენახები ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარეობს.
ბუნების ყველა სიკეთე და უნიკალური მიკროკლიმატი საჩუქარად მიიღო, დანარჩენი კი საკუთარი ხელით მოაწყო, არაკომერციულად. ადამიანებთან ურთიერთობა, დღესასწაულების მოწყობა და მასპინძლობა თიკას საყვარელი საქმეა, ამ ყველაფერს კი მისი გამოცდილებაც უწყობს ხელს – პროფესიით ჟურნალისტი და მუსიკოსია.
„ღვინის ეზო N1“-ში ყველა ნივთს სიძველესთან აქვს კავშირი. სახლის ასაშენებლად გამოყენებული წითელი აგური და რიყის ქვა აქაურობის მშვენებაა, ეზოში ქვევრები, კრამიტი და ხის კასრებია, თონე პურს და ნაზუქს ელოდება, საოჯახო მარანში თიხის ჭურჭელი, ტრადიციული ღვინის საწური და მიწაში ჩაფლული ქვევრებია. ხის მოწნული კალათები, ჩალის ქუდი თუ გასაშრობად გამოკიდული სანელებლები აქაურობის სურნელს უფრო ამძაფრებს. მარნის თაროებზე ოჯახში დამზადებული კომპოტები და მურაბები მიმზიდველად გამოიყურება, ოჯახის ტრადიციას ბევრი რამ მოგიყვება. ძველი საკერავის მანქანა რაფაზე შემოუდევთ, ძველი აკვანიც აქვეა, არც ძველებური საანგარიშო დავიწყებიათ. სეზონის მიხედვით აქ ხილისა და ბოსტნეულის შეთავაზებებიც იცვლება, გაზაფხულის პირს არე-მარეს ყვავილები იფერება უკვე, თავს ფისოც ბედნიერად გრძნობს და მზეს ეფიცხება.
სუფრა კახური შეთავაზებებით ხშირად იშლება, აქ ხელმოცარული არც სტუმარია და ამ სოციალური ტურიზმის გემოც სწორედ ესაა. მასპინძელ-სტუმარი თათარასაც ერთად ამზადებს, ჩურჩხელასაც ერთად ამოავლებს საშემოდგომოდ, ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს და აქ იწყება სტუმრების აღფრთვანება – მასტერკლასები გაუგო გემო ნამდვილ კახეთს.
„საკუთარი ხელით ვარემონტებ, არავის ვბაძავ, მჯერა ჩემი ხედვის“, – ამბობს თიკა და ამ რელობაში კონკურენტსაც ვერ ხედავს, ზუსტად იცის რა უნდა და ეს სურვილები სხვებისგან განსხვავებულია. ხშირად უყვებიან ვინ რა გააკეთა, რა სერვისი და პროდუქტი გამოიტანა, მაგრამ არ აღელვებს, საკუთარ ინტუციას მიჰყვება და უმეტესად ის არ ღალატობს.
იცის როგორიც არ უნდა იყოს მარანი, როგორი სახლიც არ უნდა გქონდეს, ადამიანი მაინც უმთავრესია, მასთან მისული უცხოელი სტუმარია და არა ტურისტი, სჯერა, რომ ეს გადამდებია…
„მინდა ნამდვილი ცხოვრება დავანახო, ხილს როგორ ვკრეფთ, პურს როგორ ვაცხობთ, რა დღესასწაულები გვაქვს და ამ დღესასწაულებს როგორ ვხვდებით. ჩემი პროფესია მეხმარება, ოდესღაც თავად ვასწავლიდი ხალხურ სიმღერებს და ჩვენს განსაკუთრებულ სერვისად კახეთის ეთნოგრაფიული ელემენტების გაცნობა ვაქციე“, – ამბობს და ამაყია, რომ უცხოელ სტუმრებთან ერთად იხტუნავა კოცონზე ჭიაკოკონობას, მათთან ერთად დააცხო ტრადიციული ქართული პასკა, მასტერკლასებშიც ჩაერთო ტრადიციული კერძების მოსამზადებლად, უყურა ტრადიციულ ჭიდაობასაც, ისტორიული ძეგლებიც დაათვალიერებინა, ქართული სიმღერაც მოასმენინა… მერე ჩამოჯდა მათთან ერთად და უამბო საქართველოზე, თავს იწონებს კახეთით, როგორი იყო სხვადასხვა პერიოდის გავლენა და როგორია დღეს. ეს მისთვის მნიშვნელოვანია და ამბობს, უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ბოთლში ჩამოსხმული ღვინო, ღვინის ფასი კი ნამდვილად იცის – ჯერ პაპისგან, მერე მამისგან და ახლა უკვე თავადაც…
ღვინის ისტორიები უხვად აქვს: დუღაშვილების ქვევრზე დამღა შეინიშნება, ხარისხის ეს ნიშანი ქართულ მეთუნეობაში გვხვდება. თურმე დამღას თიხისგან ამზადებდნენ და ის მხოლოდ მექვევრე ოსტატს ეკუთვნოდა, მემკვიდრეობით არ გადაიცემოდა. ყოველი მექვევრე დამღის დადების უფლებას თავად შრომითა და გამოცდილებით მოიპოვებდა.
„ღვინის ეზოს” მარანში 6 ზედაშე ქვევრია, სტუმრებს სიამოვნებით უხსნიან ზედაშეს მნიშვნელობას, რას ნიშნავს ეს ქართული კულტურისთვის… „თუ მარანში ზედაშე არ არის, მას არ შეიძლება ვუწოდოთ მარანი“ – იკითხება სულხან-საბას ლექსიკონში. ზედაშე – წმინდა ადგილია ოჯახში, რომელსაც სალოცავად იყენებდნენ; ზედაშეს ქვევრში ეკლესიისთვის შესაწირი ღვინო მზადდებოდა; ხშირად ზედაშის ქვევრი წინასწარვე იყო განკუთვნილი რომელიმე დღესასწაულისათვის, მაგალითად, გიორგობისთვის, მარიამობისთვის, შობისთვის…
„ჰოლანდიის ჩრდილოეთით ვცხოვრობდი და სტერეოტიპული მოსაწევის დედაქალაქიდან, ამსტერდამისგან სრულიად განსხვავებული გარემო დამხვდა, სულ სხვა აგროკულტურა იყო, შევხვდი გახსნილ, თავისუფალ ხალხს, ვსტუმრობდი იქაურ უბრალო ადამიანებს. მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდნენ, რა იყო მათი ტრადიცია, ეთნოსი და მივხვდი რომ ეს არის ნამდვილი ტურიზმი, ეს არის შესაძლებლობა გაიგო როგორ ცხოვრობს ადგილობრივი მოსახლეობა“, – ამბობს თიკა.
მხოლოდ ინტუიცია მაინც არ არისო საკმარისი, ადგა და ნიუკაზში, – გიდების სკოლაში ისწავლა. აქ კიდევ სხვა თვალით შეხედა ტურიზმს, შეისწავლა თანამედროვე ბაზრის მოთხოვნები და სერტიფიცირებული გიდიც გახდა. ბევრი ქვეყანა მოიარა და იცის რომელ ქვეყანაში რა უნდათ. ამ მოთხოვნბს კი საკუთარ შეთავაზებებში აუცილებლად იყენებს, ამიტომაც შეძლო მთელი კახეთის ერთ ეზოში მოქცევა და ტურისტების/სტუმრების მოზიდვა.
ახლა გეგმები აქვს, საქმეს განვითარება სჭირდება, დასაქმებაც მნიშვნელოვანია და ამ პროცესში ადგილობრივების ჩართვაც განიზრახა. საჯინიბოს მოწყობას გეგმავს, პროექტიც უკვე თითქმის მზად აქვს და გრანტის მოძიებას ცდილობს. მანამდე ისევ საკუთარი ხელით მოწყობილ-გალამაზებული ორი ოთახი Booking-ზე განათავსა და შრომამ დააჯილდოვა კიდეც, შეკვეთებიც უკვე მიიღო. ახლა ისევ მოლოდინშია – გააცნოს საქართველო ახალ სტუმრებს.
მასალის გამოყენების პირობები