კომში
კომში ერთ-ერთი ძვირფასი კულტურაა თავისი ქიმიური შემცველობითა და გამოყენების მრავალფეროვნებით. გარდა იმისა, რომ იხმარება ხილად, საკონდიტრო და კულინარიულ ნედლეულად, მისი ნაყოფი, თესლი და ფოთოლი ოდითგანვე გამოიყენებოდა როგორც სამკურნალო საშუალებები შინაგანი დაავადებების სამკურნალოდ (სისხლნაკლებობა, შარდმდენი, ამოსახველებელი და სხვ.).
კომშის ნაყოფი შეიცავს 5-12% შაქრებს, 5%-მდე მჟავებს, 0,1-1,8% მთრიმლავ ნივთიერებებს, 3%-მდე პექტინებს, ვიტამინ ჩ-ს და ეთერზეთს, რომლის გამოც ნაყოფი გამოირჩევა შეუდარებელი სურნელებით. ნაყოფი კარგად ინახება.
ნაყოფის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტებია: მურაბა, ჯემი, კომპოტი, ჟელე და მაღალხარისხოვანი მარმელადი. კულინარიაში გამოიყენება სხვადასხვა კერძის შესაკაზმად. მერქანი იხმარება სახარატო საქმეში. საუკეთესო
საძირეა ნაგალა (ჯუჯა) მსხლის ჯიშების გამოსაყვანად, ზღმარტლის დასამყნობად.
ხე ცოცხლობს 50-70 წელს, თუმცა გადაბელვით მისი სიცოცხლის 100 წლამდე გახანგრძლივებაც შეიძლება.
მრავლდება ფესვის ამონაყარებით, შტამბზე ამონაყარების გადაწვენით, კალმების დაფესვიანებით და მყნობით.
დასაფესვიანებლად კალმებს იღებენ გვიან შემოდგომით, აღმოსავლეთ საქართველოში ოქტომბრის დამლევს ან ნოემბრის თვეში, ხოლო დასავლეთ საქართველოში – ნოემბრის შუა რიცხვებიდან. გვიან შემოდგომაზე აჭრილი კალმების 80-90% ფესვიანდება ნორმალურად, გაზაფხულზე აჭრილის დაფესვიანება არ აღემატება 10%-ს. კომში რომ ერთ-ერთი ძვირფასი კულტურაა, გავრცელების არეალზეც ეტყობა. მოჰყავთ მთელ მსოფლიოში, სადაც კი მის გასამრავლებლად შესაფერისი პირობები არსებობს. იგი უძველესი კულტურაა და, ზოგიერთი ავტორის ცნობით, მას 4000 წლის წინათაც კი იცნობდნენ.
კომშის წარმოშობისა და გავრცელების რაიონებია კავკასია და კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე. აქედან კომში გატანილ იქნა ბაბილონსა და ეგვიპტეში. დაახლოებით 700 წლით ადრე ჩვ.წ.-მდე იგი შეუტანიათ საბერძნეთში. ძველ საბერძნეთში კომში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ამის მაგალითია ის, რომ საქორწინო ცერემონიის დროს, მაშინ არსებული კანონის მიხედვით, სასიძოს საპატარძლოსთვის უნდა მიერთმია კომშის ნაყოფი, რომელიც ბედნიერი ოჯახური ცხოვრების სიმბოლოდ ითვლებოდა.
საქართველოც რომ კომშის სამშობლოა, ამას ადასტურებს მისი ველური ფორმების არსებობა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
არსებობს კომშის უამრავი ჯიში, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ვეგეტატიური ნაწილების, ასევე ნაყოფის ფორმითა და სიდიდით. არსებობს მსხვილნაყოფა ჯიშები – წონით 1,5, 2 და 3-კგ-იანი – ერთ-ერთია „კშაივა“.
ჩვენც გვაქვს ადგილობრივი მსხვილნაყოფა ჯიშები, თუმცა მათი წონა 500-დან 730 გ ფარგლებში მერყეობს. ასეთებია: დერჩული #86 – 500 გ, მსხლისებრი #84 – 650 გ და ლაგოდეხის მსხვილნაყოფა – 732გ.
საქართველოში გავრცელებული კომშის ჯიშებია:
ვაშლისებრი 38 – მომჟავო-მოტკბო ნაყოფია, ზომით 10,2ხ9,9სმ-მდე
ვაშლისებრი 52 (წყალბია) – პატარა, მომჟავო-მოტკბო ნაყოფია
ვაშლისებრი 54 – მომჟავო-მოტკბო ნაყოფია, ზომით 7,8ხ7,9 სმ-მდე, წონა 300 გ
ვაშლისებრი 60 – ნაყოფის ზომა 7,6ხ7,4 სმ-მდეა, წონა 200 გ
მსხლისებრი 22 – მომჟავო-მოტკბო ნაყოფია, ზომით 9,3ხ4,4 სმ-მდე
მსხლისებრი 33 – მომჟავო-მოტკბო ნაყოფია, საშუალო წონა 250 გ
მსხლისებრი 84 – მომჟავო ნაყოფია, ზომით 10,6ხ9,9 სმ-მდე, წონა 650 გ
მსხლისებრი 85 – ტკბილი ნაყოფია, ზომით 12,5ხ8,5 სმ-მდე, წონა 400 გ
დერჩული 86 – მომჟავო-მოტკბო, დიდი ზომის ნაყოფია, წონა 500 გ-მდე
ტინისხიდის ტკბილი – ტკბილი, არომატული ნაყოფია, ზომით 7,2ხ6,2 სმ-მდე, წონა 135გ
ქართული მჟავე – მომჟავო-ტკბილი ნაყოფია, ზომით 8,7ხ8,7 სმ-მდე, წონა 375 გ
მეჯვრისხევის მჟავე 114 – ცვალებადი სიდიდის მომჟავო-მოტკბო ნაყოფია
გორული ტკბილი 126 (მალაჩინა) – მომჟავო-მოტკბო ნაყოფია, ზომით 7,4ხ8,1 სმ
ლაგოდეხის მსხვილნაყოფა – ნაყოფის ზომა 12,3ხ10,2 სმ-მდეა, წონა 732 გ
შილდური – ნაყოფის ზომა 7,5ხ6,8 სმ-მდეა, წონა 815 გ
სანავარდო – ტკბილი ნაყოფია, ზომით 14,2ხ9,6 სმ-მდე
ახალსოფლის კომში – გემრიელი, ტკბილი ნაყოფია, ზომით 8,8ხ7,4 სმ-მდე
ფორე – მომჟავო-მოტკბო მსხვილი ნაყოფია, ზომით 10ხ8,6სმ-მდე, წონა 325 გ
საკომპოტე – ტკბილი ნაყოფია, ზომით 7,6ხ6,6 სმ-მდე, წონა 350 გ
ალუბალი ძვირფასი დიეტური და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოსადეგი კულტურაა
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები