კიტრი – მოსავლის მიღებას ბევრი წინაღობა ახლავს, მათ შორის რადიაცია, მავნებლები და სოკოვანი დაავადებები. მაგრამ თუ შესაბამის პირობებს დავიცავთ, აუცილებლად კარგ მოსავალს მივიღებთ.
დღეს კიტრის მოსავლის მიღებას ბევრი წინაღობა ახლავს, მათ შორის რადიაცია, მავნებლები და სოკოვანი დაავადებები. მაგრამ თუ შესაბამის პირობებს დავიცავთ, აუცილებლად კარგ მოსავალს მივიღებთ.
მაშ, ასე:
1. თესლი უნდა აიღოთ წინასწარ შერჩეული საღი ბუჩქიდან, ან იყიდოთ სპეციალიზებულ მაღაზიაში;
2. კიტრი დათესეთ შედარებით დაჩრდილულ ადგილებში, რადგან იგი ძალიან მგრძნობიარეა მზის სხივებისადმი;
3. თესლის ან ჩითილების დეზინფექციისთვის გამოიყენეთ კალიუმის პერმანგანატის 0,01%-იანი ხსნარი (10 გ – 100 ლ წყალზე) – თესლი დაასველეთ, გააშრეთ და დათესეთ. კალიუმის პერმანგანატის 0,5-1%-იან ხსნარში ამოავლეთ ჩითილის ფესვებიც სათბურში დარგვის წინ;
4. კიტრის ბარდი შპალერზე ან ფორჩხზე გაუშვით. ეს ხელს შეუწყობს აერაციას და შეამცირებს დაავადების რისკს;
5. დაავადების შემჩნევისთანავე დაავადებული ფოთლები შეაცალეთ და დაწვით;
6. კიტრის მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ჩაატარეთ: დაავადების გამოჩენისთანავე 1%-იანი ბორდოს ხსნარით შესხურება; გაიმეორეთ 10-12 დღის შემდეგ, ანდა შეწამლეთ 0,5%-იანი ხომეცინისა და 0,01%-იანი ბაილეტონის ნაზავით;
7. მოსავლის აღების შემდეგ ბარდის ნარჩენები შეაგროვეთ და დაწვით.
ყვავილობის პერიოდში კიტრის ბარდზე ხშირად წარმოიქმნება მამრობითი ყვავილები, ანუ ცრუ ყვავილები, რომლებიც ნაყოფს არ იძლევა. ამის მიზეზია დასათესად აღებული წინა წლის თესლი, რაც მიუღებელია არა მხოლოდ კიტრის, არამედ გოგრისა და ნესვის დათესვის შემთხვევაშიც. იმისათვის, რომ წარმოიქმნას მდედრობითი სქესის ყვავილები, ძირიდან, მეხუთე-მეექვსე ფოთლის შემდეგ, ბარდი უნდა მოწყვიტოთ. თუ დაგვიანებულია, მაშინ ბარდის ბოლო ნაწილი უნდა მოშორდეს, რომ განვითარდეს განტოტვილი ღერო, რომელიც გამოიღებს ნაყოფიერ ყვავილებს. მამრობითი ყვავილები საჭიროა დამტვერიანებისათვის. მცენარეზე ფოთოლი როგორც კი შეჭკნება, მაშინვე მორწყეთ. მოსარწყავად და ნიადაგის გასანოყიერებლად უმჯობესია საღამო ხანი. სასუქად ვიყენებთ წინასწარ მომზადებულ წუნწუხს.
კიტრი ხშირად უნდა მოირწყოს.
ზოგჯერ, განსაკუთრებით ზაფხულის ბოლოს, კიტრის ნაყოფი იღებს უცნაურ ფორმას: ხან ბოლო უწვრილდება, ხან კი პირიქით. საქმე ისაა, რომ ამ დროს მცენარე განიცდის რომელიმე საკვები ელემენტის ნაკლებობას. აზოტის ნაკლებობისას ნაყოფი ღია მწვანე ფერისაა და ზედა ნაწილი დავიწროებული აქვს. კალიუმის ნაკლებობისას პირიქით – ნაყოფს ბოლო უწვრილდება, ზედა ნაწილი კი უმსხვილდება. ეს რომ არ მოხდეს, უნდა მოვრწყოთ კალიუმის გვარჯილის წყალხსნარით. ეს სასუქი ერთდროულად შეიცავს აზოტისა და კალიუმის ნაზავს. თუ 10 ლ წყალში გახსნით 1 სუფრის კოვზ გვარჯილას და ყოველ 1მ2-ზე მოასხამთ, მდგომარეობა გამოსწორდება. მეორე პრობლემა გახლავთ ნაყოფის სიმწარე; ამის მიზეზია, როგორც წესი, გვალვიანი ამინდები: ნაყოფში ამ დროს გროვდება მწარე ნივთიერება – კუკუმბიტაცინი და კიტრი საჭმელად უვარგისი ხდება. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, მცენარე უნდა მოვრწყოთ ორ დღეში ერთხელ მაინც.
კიტრის ბევრი ჯიშია ცნობილი, რომელთაგან ჩვენში ძირითადად გვხვდება შვიდი:
1. მუხრანული – ადგილობრივი ქართული ჯიშია. ბარდი 3,5 მეტრამდე იზრდება, გლუვი და მწვანე მოელვარე ზედაპირის მქონე ნაყოფის სიგრძე 25-26 სმ-ია, დიამეტრი – 5-6სმ; ხშირად მის ბოლო მესამედს მოთეთრო ზოლები გასდევს. მაღალმოსავლიანი ჯიშია, ერთ მცენარეზე საშუალოდ 12-14 ნაყოფი ვითარდება.
მუხრანული საგვიანო ჯიშია; გამოიყენება ღია გრუნტსა და კვალსათბურში მოსაყვანად. ნაყოფი სასალათეა, დასამწნილებლად უვარგისი. კარგ მოსავალს იძლევა ტენიან და ჭარბტენიან ზღვისპირა რეგიონებში, ქვემო იმერეთში, მესხეთში, ქვემო ქართლსა (სამგორის ვაკე) და კახეთში (ალაზნის ვაკე).
2. ნეჟინური – უკრაინული ჯიშია. ძალზე დატოტვილი ბარდის საშუალო სიგრძე 140 სმ-ს შეადგენს. 10 სმ-მდე სიგრძისა და 5 სმ დიამეტრის მუქი მწვანე ნაყოფი წაგრძელებულ-კვერცხისებრი ან ცილინდრული ფორმისაა, წახნაგოვანი, მსხვილბორცვებიანი, ღია მწვანე ზოლებით, რომლებიც ნაყოფს მესამედზე ან ნახევარზე გასდევენ. უხვმოსავლიანი, გემრიელი, დასამწნილებლად საუკეთესო, ზოგიერთ დაავადებათა მიმართ გამძლე ჯიშია, თუმცა მოკრეფილი ნაყოფი მალევე კარგავს მწვანე ფერს. ძირითადად მოჰყავთ ქვემო ქართლში (სამგორის ვაკე, წალკის მუნიციპალიტეტი), მესხეთში, შიდა ქართლში (სამაჩაბლო), რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთსა და აჭარა-გურიაში.
3. უცვარულა (ნეროსიმი) – ძველი რუსული ჯიშია. ბარდის საშუალო სიგრძე 80-140 სმ-ია. საშუალო გემური თვისებების მქონე ნაყოფი მოგრძო-კვერცხისებრია ბლაგვი, გლუვი ბოლოთი, სიგრძით 11 სმ-მდეა, დიამეტრით 5სმ. კანი მუქი მწვანე აქვს, გასწვრივი ზოლებით, რომლებიც ნაყოფის ბოლოს გასდევს. ღივის ამოსვლიდან მსხმოიარობამდე 50-55 დღეა საჭირო. მაღალმოსავლიანი ჯიშია – 1 ჰა-ზე 200-800 ც მოდის. გამძლეა სოკოვან დაავადებათა მიმართ, კარგად ინახება და უძლებს გადატანას. გამოსადეგია, როგორც ღია, ისე დახურული გრუნტისთვის. კარგ მოსავალს იძლევა ქვემო ქართლის (თრიალეთის მთატყიან) და შიდა ქართლის (სამაჩაბლოს) რეგიონებში.
4. ჭროღა (რიაბჩიკი) – ადგილობრივი დონური ჯიშია. ბარდი გრძელი აქვს, ისხამს 12 სმ-მდე სიგრძის ცილინდრულ ნაყოფს მსხვილხორკლიანი, შავბუსუსიანი ზედაპირით. მისი საშუალო წონაა 100-160 გ, გვიან ყვითლდება, გემრიელია და დასამწნილებლად კარგია. დაავადებათა მიმართ მდგრადი, გვალვაგამძლე, მაღალმოსავლიანი ჯიშია, მაგრამ მომთხოვნი ნიადაგის ტენის მიმართ. ჭარბტენიან ადგილებში ზიანდება ბაქტერიოზით. კარგ მოსავალს იძლევა ქვემო ქართლის სარწყავ ველებზე.
5. მურომსკული 36 – რუსული ჯიშია. მცირედ დატოტვილი ბარდის სიგრძე 50-80 სმ-ია; აქვს ღია მწვანე კვერცხისებრი ნაყოფი სუსტად დაღარული ზედაპირითა და მკვეთრი ფერის ზოლებით. საადრეო ჯიშია, ნაყოფი მალე ყვითლდება.
ძირითადად მოჰყავთ ჯავახეთის მთაგორიან რეგიონებში, როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში. კარგია დასამწნილებლად.
6. სენსაცია – აქვს გრძელი ბარდი. ცილინდრული ფორმის ნაყოფის საშუალო სიგრძე 19სმ, დიამეტრი 4,3 სმ-ია. მუქი მწვანე კანის ზედაპირი მსხვილბორცვიანია, ბოლო მესამედზე კი ღია ფერის ზოლები გასდევს. დაავადებებისა და გვალვის მიმართ გამძლე, მაღალმოსავლიანი ჯიშია, გამოსადეგია ღია გრუნტსა და კვალსათბურებში მოსაყვანად. მოყვანა მიზანშეწონილია: აჭარა-გურიის ტენიან და ჭარბტენიან ზღვისპირა რეგიონებში, მესხეთსა და კახეთში (ალაზნის ვაკე).
7. მსი-60 (ვირ-60) – ჯიში გამოყვანილია რუსეთში, ამერიკიდან მიღებული კოლექციური ნიმუშის `ჩინური გრძელნაყოფა 60~-ის პოპულაციიდან. კარგ მოსავალს იძლევა ზღვისპირა ჭარბტენიან რეგიონებში.
გარდა ზემოჩამოთვლილისა, საქართველოში ასევე გავრცელებულია შემდეგი ადგილობრივი ჯიშები:
8. გილანური – ბევრი აქვს საერთო მუხრანულ ჯიშთან, მაგრამ მაინც განსხვავებული ფორმაა. ბარდის სიგრძე დაახლოებით 4 მ-ია. ზრდადასრულებული, მუქი მწვანე პრიალა ზედაპირის მქონე ნაყოფი მუხრანულ კიტრზე დიდია – აღწევს 30 სმ-მდე, ახასიათებს გრძელი, 7სმ-მდე, როგორც წესი, მოკაკული ყელი.
სათესლე ნაყოფის სიგრძე 50 სმ-მდე აღწევს, ყველაზე ფართო ნაწილის დიამეტრი 9-10 სმ-ია. მუხრანულთან შედარებით, უფრო საგვიანო ჯიშია, ნაყოფსაც ნაკლებს ისხამს (7-9 ცალი), თუმცა მებოსტნეები კვალსათბურებში მაინც მის მოყვანას ამჯობინებენ გრძელი, ლამაზი ნაყოფის გამო.
9. შუშა კიტრი – მიღებული უნდა იყოს მუხრანული და გილანური ჯიშების შეჯვარებით, რადგან ორივეს ნიშნების მატარებელია, თუმცა სამეურნეო თვისებებით მათგან განსხვავდება. მუხრანულთან შედარებით, მოკლე – 23-25 სმ – ბარდი აქვს. 300 გ წონის მწვანე ნაყოფი ცილინდრული, გლუვი და სწორია. საშუალო-საგვიანო ჯიშია, მუხრანულსა და გილანურზე ადრე შემოდის. შუშა კიტრის კვალსათბურში დათესვიდან პირველ ნაყოფამდე საშუალოდ 70 დღეა საჭირო, მუხრანულისა და გილანურის – 90 დღემდე.
10. ახალციხური – როგორც ადგილობრივები უწოდებენ, `ლანგა კიტრი~, მესხეთში გავრცელებული ჯიშია. მუქი მწვანე ნაყოფის ფორმა ცილინდრულია, ბლაგვი წვერით, სიმწვანეს დიდხანს ინარჩუნებს; რბილობი მკვრივი და გემრიელია. მიეკუთვნება საგვიანო ჯიშებს.
11. ფოჩხის კიტრი – გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში გავრცელებული ჯიშია. გამოირჩევა მეტად გრძელი, დატოტვილი ბარდით, რის გამოც უდგამენ ფოჩხს (განტოტვილ საყრდენს), რომელზეც ეხვევა, ნაყოფი კი მიწას არ ეხება.
ხორკლიანი ზედაპირის მქონე ნაყოფი საკმაოდ გრძელი და მსხვილია, ცილინდრული ან მოხრილი ბლაგვი ბოლოთი; რბილობი საშუალოდ მკვრივი, ნაკლებად გემრიელი. საგვიანო ჯიშია, კარგად უძლებს დაავადებებსა და მავნებლებს.
დასავლეთ საქართველოში არსებობს აღნიშნული ჯიშის კიტრის მსგავსი ფორმები, მაგრამ მუხრანულ კიტრთან ერთდროულად თესვა-მოყვანამ მეტად ჭრელი პოპულაცია შექმნა.
კიტრის კულტურა კასრში
თუ მიწის ნაკვეთი არ გაგაჩნიათ და გაქვთ ფართო აივანი, დახვრიტეთ ძველი, უვარგისი კასრი ფსკერსა და გვერდებზე. ჩაყარეთ შიგ ნოყიერი მიწა, ჯერ ზედაპირზე, ხოლო შემდეგ გვერდებზე ჩათესეთ კარგი ჯიშის კიტრის თესლი, რომელიც წინასწარ დამუშავებულია ე.წ. ბაღის ხსნარში. ბაღის ხსნარი ასე მზადდება: 1ლ წყალში იხსნება 5გ საჭმელი სოდა ან 2გ ბორის მჟავა, ხსნარში ათავსებთ თესლებს და ჭურჭელს 24 საათის განმავლობაში დგამთ თბილ ადგილას. ასეთი პროცედურა ხელს უწყობს თესლის გაღივებას და აღმონაცენის განვითარებას. თესლების ჩათესვის შემდეგ მიწა კარგად დაასველეთ ოდნავ თბილი წყლით. ცოტა ხანში თქვენი კასრი მწვანედ „შეიფოთლება“, ფოთლებს შორის გამოჩნდება ყვითელი ყვავილები და, რა თქმა უნდა, ნაყოფები. ეს ლამაზიც არის და სასურველიც.
ინგლისში კიტრი მოჰყავთ მხოლოდ პოლიეთილენის ქვეშ ან მინით გადახურულ ორანჟერეებში. ნიადაგად იყენებენ ბზის ბარდანებს, რომლებზედაც თხელ ფენად აყრიან მიწასა და სასუქს, რწყავენ და თესავენ. ბზის ბარდანებში მორწყვის შემდეგ ტემპერატურა მატულობს, რაც ხელს უწყობს მცენარის აღმოცენება-განვითარებას.
სექტემბერი – მობრძანდა მადლიანი შემოდგომა
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები