კალანჰოე
ეს მშვენიერი, ხასხასა წითელი ყვავილების მქონე ოთახის მცენარე ველურად დღესაც იზრდება ავსტრალიის, ახალი გვინეის, აფრიკის, ცენტრალური ამერიკის, აზიის ტროპიკებში. ამ გვარის წარმომადგენლები მარადმწვანე მრავალწლოვანი ბალახოვანი ან ნახევრად ბუჩქებია. გვარში 200 სახეობაა, ყველა დეკორატიულია.
საქართველოში, კერძოდ აჭარაში, კულტივირებულია ფრთისებრფოთლოვანი კალანჰოე, როგორც ცნობილი სამკურნალწამლო მცენარე. სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის მიწისზედა ნაწილებისგან გამოწურული წვენი. ახალმოკრეფილ ღეროსა და ფოთლებს რეცხავენ გამდინარე წყალში და ინახავენ ბნელ ადგილას 5-7º ტემპერატურის პირობებში არა უმეტეს 7 დღისა, წვრილად აქუცმაცებენ, წვენი რომ ადვილად გამოიწუროს, აჩერებენ 4-10º-ზე, ფილტრავენ, ასტერილებენ და აკონსერვებენ სპირტით, რის შემდეგაც ჩამოასხამენ ამპულებში ან ფლაკონებში.
კალანჰოე გამოიყენება როგორც გარეგანი საშუალება ჩირქოვანი პროცესების, ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, კანის გადანერგვის დროს. ხმარობენ პანარიციუმის (დუდკოს), ფურუნკულოზის მკურნალობისას ტამპონებისა და სახვევების სახით. კალანჰოეს წვენი გამოიყენება აგრეთვე წითელი ქარით დაავადებულთა მკურნალობის კომპლექსში. ოფთალმოლოგიაში – რქოვანას ეროზიის დროს, თვალის ბადურის პიგმენტური დეგენერაციისას. ნატურალურ წვენს, 1:1 გაზავებულს, აწვეთებენ თვალში ჯიბლიბოს სამკურნალოდ. მეძუძურ ქალებს, ყოველი მოწოვების შემდეგ, 2-3 წვეთს აწვეთებენ დამსკდარ ძუძუსთავზე. სტომატოლოგიაში ხმარობენ გინგივიტების, პაროდონტოზისა და სტომატიტის სამკურნალოდ.
ოჯახის პირობებში ისევე ამზადებენ კალანჰოეს წვენს, როგორც ქარხნული წესით. ოღონდ ოჯახში არ აკონსერვებენ, წვენს ნატურალური სახით ინახავენ მაცივარში, ქვედა თაროზე, თავდახშულ მინის ჭურჭელში. ამ შემთხვევაშიც წვენი აუცილებლად იფილტრება. ხმარობენ უშუალოდ ფოთლებსაც, რომლის ზედაპირს ააფხეკენ და ადებენ დამწვრობაზე თუ ჭრილობებზე; კალანჰოე სწრაფად აჩერებს სისხლდენას და ხელს უშლის დაჩირქებას. წვენი გამოიყენება აგრეთვე ეგზემისა და კანის ჩირქოვანი ანთებების სამკურნალოდ.
ვენების გაგანიერების სამკურნალოდ, 0,5-ლ-იან ბოთლში ნახევრამდე ჩაყარეთ წვრილად დაქუცმაცებული ფოთლები და ბოლომდე შეავსეთ 40%-იანი სპირტით, გააჩერეთ 1 კვირის განმავლობაში სიბნელეში, პერიოდულად შეანჯღრიეთ ხოლმე. გაწურული ნაყენი თავდახშული ბოთლით შეინახეთ კარადაში (სიბნელეში). ძილის წინ ნაყენით დაასველეთ ბამბა და წაისვით ქვემოდან ზემოთ – ქუსლიდან მუხლისკენ; ვენების ბადის გასაქრობად მკურნალობენ 4 თვის განმავლობაში.
კალანჰოეს ნერგები ქოთნიანად იყიდება საყვავილე მაღაზიებში. კალმები ადვილად ფესვიანდება წყალში, ამის შემდეგ გადააქვთ ქოთნებში.
კაქტუსი – ყველასათვის ცნობილია საოცარი შეფერილობისა და ულამაზესი ყვავილების მქონე კაქტუსები
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები