არსებობს ჰიპოთეზა, რომ შობა-ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში სუფრებთან ხშირი ქეიფი და გადატვირთული დღეები, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, დამატებით რისკს წარმოადგენს.
1973-2001 წლებში შეერთებულ შტატებში სიკვდილიანობის საერთო მონაცემების შესწავლამ გამოავლინა „დღესასწაულის ეფექტი“ – შობა-ახალი წლის დღეებში 5%-იანი ჭარბი სიკვდილიანობით.
შვედეთის ნაციონალური კორონარული განყოფილების რეესტრმა გამოავლინა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის (AMI) შემთხვევების 15%-იანი ზრდა საშობაო არდადეგების დროს.
ცენტრალურ ნორვეგიაში წელიწადის ყველაზე „მომაკვდინებელი დრო” საშობაო არდადეგებს (22 დეკემბრიდან 11 იანვრამდე) ემთხვევა.
რითია განპირობებული კარდიოვასკულური დაავადების რისკის და სიკვდილიანობის მატება ზამთრის პერიოდში (განსაკუთრებით სადღესასწაულო სუფრების მერე), ამ თემაზე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ინტერვენციული კარდიოლოგი სპარტაკ ლეკვეიშვილი გვესაუბრება:
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში შობა-ახალი წლების დღესასწაულებზე სუფრასთან ქეიფი თითქმის მთელი თვე გრძელდება, დღესასწაულის აღნიშვნასთან ერთად, აუცილებელია, გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას! განსაკუთრებით ისინი, ვინც გულ-სისხლძარღვთა დაავადების მაღალ რისკში არიან. ვინაიდან, კარდიოვასკულური დაავადების რისკის გაზრდა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:
• გარემოს პროვოკაციული ზემოქმედებით, როგორიცაა: დაბალი ტემპერატურა, დღის სინათლის შემცირება და ინფექციების მატება;
• ფიზიკური აქტივობის შემცირება;
• არტერიული წნევის, გულისცემის სიხშირის, სხეულის წონის და ქოლესტერინის დონის მომატება;
• საშობაო არდადეგების პერიოდში ცხოვრება ხასიათდება სადღესასწაულო ღონისძიებებით, ამ დღეებში ნაკლებად მიმართავენ ექიმს და ნაკლებად აქცევენ ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას;
• დამატებითი რისკია მაღალკალორიული საკვები და ალკოჰოლი, რომელსაც ჩვეულებრივ მოიხმარენ შობა-ახალი წლის დღეებში, განსაკუთრებით კი საქართველოში, რის შედეგადაც ენდოთელიუმის ფუნქცია არსებითად უარესდება;
• გაზრდილი ემოციური სტრესი, შემცირებული ფიზიკური აქტივობა, შემცირებული ძილის პერიოდი და სხვადასხვა სიმპტომების იგნორირება ცუდად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.
მოგიწოდებთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, მიჰყევით ექიმის დანიშნულებას, მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi