ღვინის წარმოშობა
ვინ დააყენა პირველად ღვინო? სად გაშენდა პირველი ვენახი?
ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი. მიუხედავად ამისა, ღვინო 7000 წელია ჩვენი კულტურის
განუყოფელი ნაწილია.
პირველი ვენახი
ღვინის შემთხვევით დაყენება ალბათ ყველა იმ ადგილას ხდებოდა, სადაც ერთდროულად ველური ვაზიც ხარობდა და ადამიანთა დასახლებაც არსებობდა. გაცილებით მნიშვნელოვანი ვაზის კულტურის დამკვიდრება იყო. არქეოლოგებმა აღმოჩენილი წიპწების მიხედვით შეძლეს, გაერჩიათ ველური და კულტურული ვაზი. კულტურული ვაზის წიპწები კავკასიაშია ნაპოვნი, შავი ზღვის აღმოსავლეთით. ისინი 7000 წლისაა. ამგვარად, პირველი ვენახი გაშენებული ყოფილა დღევანდელი თურქეთის, საქართველოსა და სომხეთს შორის ტერიტორიაზე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ რეგიონის ვაზის კულტურისთვის ხელსაყრელი კლიმატისა და რელიეფის გამო, იქ ვაზი ადრე ველური სახითაც ხარობდა.
ღვინო, ცივილიზაციის უმთავრესი ელემენტი. ღვინოს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ანტიკური ხანის ბერძნებისა და შემდეგ რომაელების ცხოვრებაში. ამ მიზეზით და უფრო მეტად მისი რელიგიური თუ რიტუალური დანიშნულებით გამოყენების გამო, ღვინო დასავლეთის ცივილიზაციის უმთავრესი ელემენტი გახდა. ანტიკური საბერძნეთის პერიოდში ღვინო ჩინელებისთვისაც იყო ცნობილი, მაგრამ მას ფართოდ არ მოიხმარდნენ. ვაზის კულტურა არც სპარსეთისა თუ ინდოეთის ქალაქებისთვის იყო უცხო, მაგრამ მას მათი კულტურისთვის ღრმა კვალი არ დაუჩნევია. რაც შეეხება ამერიკას, კოლუმბის აღმოჩენამდე, იმის მიუხედავად, რომ იქ ველური ვაზიც იზრდებოდა და დახვეწილი ცივილიზაციებიც არსებობდა, ღვინის კულტურის ნიშნები აღმოჩენილი არ არის.
დიონისე, ბახუსი და პირველი ქრისტიანების ღვინო
საბერძნეთი. ქრისტიანებში ღვინის გამოყენება უშუალოდ ბერძნული და რომაული რიტუალებიდან მომდინარეობს, ღვინით ზიარებას პირდაპირი კავშირი აქვს იუდაიზმთან. ყველაზე მჭიდროდ ღვინო მაინც უკავშირდება ღვინის ღმერთ დიონისესა და მის შესაბამის რომაულ ღვთაება ბახუსს. ლეგენდის მიხედვით, დიონისემ ღვინო საბერძნეთში მცირე აზიიდან, დღევანდელი თურქეთიდან, შეიტანა. ზევსის შვილს ორმაგი ბუნება ჰქონდა, ადამიანური და ღვთიური (მითი საკმაოდ ბუნდოვანია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის). როგორც ადამიანს, მას დედა ჩვეულებრივი მოკვდავი ჰყავდა, სემელე. იგი ვაზი იყო, ხოლო ღვინო კი მისი სისხლი.
რომის იმპერია. რომაელებმა ბერძნული ღმერთები თავის ღმერთებთან გააიგივეს. ამგვარად, დიონისე ბახუსი გახდა (ეს სახელი მას მცირე აზიაში, ლიდიის ბერძნულ ქალაქებში დაერქვა). ბახუსი ღმერთისგან მხსნელად იქცა. მისი კულტი ძალიან პოპულარული გახდა ქალებში, მონებსა და ღარიბებში. იმპერატორები შეეცადნენ ბახუსთან დაკავშირებული რიტუალების აკრძალვას, თუმცა, ამაოდ. ქრისტიანობამ, რომლის განვითარების გზაც განუყოფელია რომის იმპერიისგან, ბახუსთან დაკავშირებული ბევრი სიმბოლო და რიტუალი გაითავისა და პირველ ხანებში იმავე კატეგორიის ხალხს იზიდავდა. ევქარისტიას ქრისტიანობის ჩასახვისთანავე უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა _ ზიარების ღვინო ისევე აუცილებელი იყო ქრისტიანთა შეკრებისთვის, როგორც ღვთისმსახური. ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის გამო, რომელიც ღვინოს რელიგიურ ცხოვრებაში ეკავა, იგი არსებობას ბარბაროსული შემოსევების იმ მძიმე პერიოდშიც აგრძელებდა, რომელიც რომის იმპერიის დაცემას მოჰყვა.
ჩრდილოეთ ევროპის დაპყრობა
ღვინო ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიის მოსახლეობის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ალპების ჩრდილოეთით, სასტიკი შემოსევების დროს, მკვიდრი მოსახლეობის საქმიანობა – მევენახეობა – ჩაკვდა. მხოლოდ ეკლესიას, რომელსაც ღვინო სჭირდებოდა, შესწევდა უნარი, არ შეეწყვიტა ღვინის წარმოება. როდესაც ევროპამ ეს არეული პერიოდი გადალახა, ზვრები მხოლოდ მონასტრებისა და ტაძრების გარშემო იყო შემორჩენილი.
ბერები და ღვინო. ბერები მხოლოდ ღვინის დაყენებით არ იყვნენ დაკავებულნი. მათ მისი ხარისხიც გააუმჯობესეს. შუა საუკუნეებში ბურგუნდიის ცისტერციანელებმა პირველებმა შეისწავლეს კოტ-დ’ორის ნიადაგი, საუკეთესო ნერგების სელექციის შედეგად გადააკეთეს ვენახები, ატარებდნენ ცდებს ვაზის სიმაღლეზე, არჩევდნენ ადგილებს, სადაც არ იყო ყინვა და ყურძენი ყველაზე უკეთ მწიფდებოდა. საუკეთესო ვენახები მათ გალავნებით (ჩლოს) შემოსაზღვრეს: ამ მევენახე ბერების გამჭრიახობის დასტურად მარტო ამ გადარჩენილი შემოღობილების სახელები კმარა (ჩლოს Vოუგეოტ, ჩლოს დეს Pუცელლეს). კლოსტერ ებერბახის ცისტერციანელებიც იმავეს აკეთებდნენ რაინჰაუში, რომელიც დღეს გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეღვინეობის რეგიონია (იხ. ნაწ. II). მთელი ამ ძალისხმევის მიზანი არა მხოლოდ წირვისთვის განკუთვნილი ღვინის დამზადება იყო, არამედ მისი გაყიდვაც. ამგვარად, შუა საუკუნეებში ბერებმა მთავარი როლი შეასრულეს ღვინით ვაჭრობის განვითარებაში.
ვაჭრობა
როდესაც ცხოვრება მშვიდობიან კალაპოტს დაუბრუნდა, ვენახების რაოდენობა გაიზარდა და ვაჭრობა განახლდა, თუმცა ღვინოს არასდროს დაუკარგავს თავისი გაცვლითი ღირებულება: ადრეულ შუა საუკუნეებში (დაახლოებით V საუკუნიდან X საუკუნემდე), დასავლეთის ზღვებს მეკობრეები სერავდნენ, სავაჭრო გემები მალულად ტოვებდნენ ბორდოსა თუ რაინის შესართავს და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიისკენ მიემართებოდნენ, ხან უფრო ჩრდილოეთითაც. უბრალო ბარბაროს მეთაურსაც კი დღესასწაულებზე უხვად უნდა ჰქონოდა ღვინო; ყველაზე მიყრუებულ ადგილებშიც კი დიდი იყო ღვინოზე მოთხოვნა.
ვაჭრობის ამგვარი აღორძინებით ღვინის დიდი ფლოტები გაჩნდა: ასობით ხომალდი მიემართებოდა ლონდონისკენ ან ჰანზის ნავსადგურებისკენ. მნიშვნელოვან სავაჭრო გზებად მდინარეები გადაიქცა – ღვინით სავსე კასრები მძიმე იყო და დიდ ადგილს იკავებდა, გემებით ტრანსპორტირება საუკეთესო საშუალებად ითვლებოდა.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები