გარგარი
საქართველოში აღრიცხულ კურკოვან კულტურათა შორის გარგარის გავრცელების არეალი არც ისე დიდია. გვხვდება: ქართლში (გორის და კასპის რაიონებსა და თბილისის გარეუბნებში), კახეთში (თელავის, გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონებში). დანარჩენ რაიონებში გვხვდება ცალკეული ხეების სახით. ამ ძვირფასი კულტურის გავრცელების სიმცირის მიზეზი გარემო პირობებისადმი მისი დიდი მოთხოვნილებებია. საქმე ისაა, რომ გაზაფხულის ყინვების მიმართ მეტად მგრძნობიარეა მისი ყვავილი. გაზაფხულის თბილ დღეებს შეუძლია გამოიწვიოს ადრეული ვეგეტაცია, პირველ რიგში, საყვავილე კვირტის გაშლა. თბილ ამინდებს ხშირად მოსდევს ტემპერატურის დაცემა 2-3ºჩ-მდე, რაც იწვევს ყვავილების დაღუპვას. ასეთი შემთხვევა განსაკუთრებით ხშირია დასავლეთ საქართველოში, რის გამოც გარგარის კულტურა ან საერთოდ არ იძლევა მოსავალს ან კანტიკუნტად. ამიტომაც არის გარგარი დასავლეთ საქართველოსთვის იშვიათობა.
მიუხედავად გარგარის ამგვარი „ჭირვეული“ ხასიათისა, მას, როგორც ერთ-ერთ უძვირფასეს კულტურას, ჩვენს ბაღში მაინც უკავია საპატიო ადგილი თუნდაც იმიტომ, რომ ქიმიური შემცველობით მისი ნაყოფი შეუდარებელია: შეიცავს 20%-მდე შაქრებს, 2,6%-მდე ვაშლისა და ლიმონის მჟავებს, პექტინს და დიდი რაოდენობით – A, B1 და B2 ვიტამინებს.
გარდა იმისა, რომ გარგარი გემრიელი ხილია, მისგან უამრავი პროდუქტი მზადდება: ხილფაფა, მურაბა, კომპოტი და საუკეთესო ჩირები, როგორც უკურკო, ისე კურკიანი.
გარგარის კურკა შეიცავს 40%-მდე ცხიმოვან ზეთს, რომელიც თავისი თვისებებით ახლოს დგას ნუშის ზეთთან. კურკის ნაჭუჭისგან ამზადებენ გააქტიურებულ ნახშირს, აგრეთვე საუკეთესო შავ საღებავს ხალიჩების წარმოებისათვის.
მრავლდება მყნობით. საძირეებად გამოიყენება: ჭერმის, ტყემლის, იშვიათად ნუშის, ქლიავის, ატმისა და ღოღნოშოს საძირეები.
გარგარი ირგვება შემოდგომით 7X5 მ-ზე. სინათლის მოყვარულია, გვალვაგამძლე. კარგად ვითარდება ფხვიერ, ნორმალურად ტენიან ნიადაგზე. მოსავალს იძლევა 30-40 წლის განმავლობაში.
საქართველოში გავრცელებული გარგარის ჯიშებია:
ალიპრიალა – ძალიან მსხვილი ნაყოფია, ზომით 6,0ხ5,8 სმ-მდე, წონა 97,8 გ
აღჯანაბადი – საშუალო სიდიდის ნაყოფია, ზომით 4,7ხ4,6 სმ-მდე, წონა 42 გ
აბუთალიბი (სინონიმი: აბრიკოსი) – ნაყოფი ბოლოში წაწვეტებულია
ტაბარზა – წითელლოყა ნაყოფი ნარინჯისფერია
შალახი (სინონიმი: ლიმონისებრი) – მსხვილი ნაყოფია, ზომით 5,0ხ4,5 სმ-მდე, წონა 85 გ
სპიტაკი – ძალიან წააგავს საქართველოში გავრცელებულ აღჯანაბადის ჯიშს
წითელლოყა (სინონიმი: ერევნული) – საშუალო სიდიდის ნაყოფია, ზომით 4,6ხ4,8 სმ-მდე, წონა 50 გ,
შირაზული – საშუალო სიდიდის ნაყოფია, ზომით 55ხ44,6 სმ-მდე
მართლაც ბაღის მშვენებაა ვარდისფრად მოყვავილე „კაბით“ შემოსილი ბაღის „პატარძალი“ – ატამი
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები