„ფარმაცევტული კომპანიების განცხადებაში ვერაფერი განსაკუთრებული ვერ ამოვიკითხე“, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაბიზნესის ერთობლივ განცხადებას.
სამინისტრომ განაცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება.
აღნიშნულ განცხადებას ფარმაბიზნესი გამოეხმაურა: „ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული მედიკამენტების ჩამონათვალიდან მხოლოდ ერთი მედიკამენტი(დიოვანი) არის PSP-ს მიერ იმპორტირებული; ყველა დანარჩენს შესყიდულია ადგილობრივი მომწოდებლებისგან. დიოვანის ფასნამატი 26%-ია, ხოლო ყველა დანარჩენ მედიკამენტზე არა 3000%, არამედ მარჟა 29%-ს არ აღემატება“.
აღნიშნული განცხადების შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ განცხადებაში განსაკუთრებული ვერაფერი ამოიკითხა.
კითხვაზე, კონკურენციის სააგენტო, მხოლოდ ფარმაბიზნესის საქმიანობას იკვლევს, თუ დისტრიბუტორების პასუხისმგებლობაც დგას, რომლებიც ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტებს გაზრდილი ფასით აწვდიან, მინისტრმა უპასუხა: „შეიძლება 6%-იანი მარჟა იყოს რაიმე მედიკამენტზე იმპორტის ფასთან მიმართებაში? მეც ვნახე ეს განცხადება და ვერაფერი განსაკუთრებული ვერ ამოვიკითხე. შეუძლიათ იმპორტის ფასები ამოიღონ კონკრეტულ მედიკამენტებზე და ნახონ ის მედიკამენტი აფთიაქში როგორ იყიდება“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრის ამ განცხადებამდე, რამდენიმე საათის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც წერია, რომ წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა და ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზეა განსაზღვრული.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ასევე გამოეხმაურა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია, სადაც მიაჩნიათ, რომ ბოლო პერიოდში ფარმაცევტული სექტორის ავტორიტეტისა და რეპუტაციის შემლახავი კამპანია მიზანმიმართულად მიმდინარეობს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მასალის გამოყენების პირობები