ბროწეული – თუ დღემდე თქვენს ნაკვეთს ეს ძვირფასი კულტურა არ ამშვენებს, შემატეთ და სრულყოფილი გახადეთ თქვენი მამული. გინახავთ აყვავებული ან მსხმოიარე ბროწეულის ხე? – უფრო დეკორატიულს ვერაფერს შესძენთ თქვენს კარ-მიდამოს. ხასხასა მწვანე ფოთლებში წითლად მოელვარე ყვავილებით შემკული ან მსხვილი შინდისფერი ნაყოფით დახუნძლული ბროწეულის ხე მორთულ პატარძალს ჰგავს.
ხასხასა მწვანე ფოთლებში წითლად მოელვარე ყვავილებით შემკული ან მსხვილი შინდისფერი ნაყოფით დახუნძლული ბროწეულის ხე მორთულ პატარძალს ჰგავს. ნაყოფი 63%-მდე წვენს შეიცავს, რომლის შემადგენლობაშიც 4,5-19,2% შაქრებია, 0,2-9% ლიმონისა და ვაშლის მჟავები, 14% ვიტამინი C. გამოიყენება როგორც ნატურალური სახით, ისე დასაკონსერვებლად (წვენის სახით). მისგან აყენებენ ალკოჰოლურ სასმელს, ე.წ. ბროწეულის ღვინოს და ადუღებენ უძვირფასეს საწებელს – მაშარაბს. ნაყოფის ქერქი და მასში არსებული თხელი ტიხრები შეიცავს 28% მთრიმლავ ნივთიერებებს, რომელთაც იყენებენ ტყავის დასამუშავებლად და სხვადასხვა ქსოვილის შესაღებად. გამოიყენება ჩამოცვენილი ფოთლებიც. ღეროსა და ფესვის ქერქი შეიცავს ალკალოიდებს.
მედიცინაში გამოიყენება ბროწეულის წვენი ყელის ტკივილის დროს, ყვავილების ნახარში შემკვრელი საშუალებაა კუჭის აშლილობის დროს. ქერქის ნახარშს ხმარობენ დამწვრობის, ანთებების სამკურნალოდ და კუჭის შემკვრელად. ფესვისა და ღეროს ქერქის ნახარში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მუცლის ყოველგვარი პარაზიტის მოსაცილებლად, ოღონდ მისი ხმარება მკაცრი დოზირებით უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოწამვლა გარდაუვალია.
ადვილად ფესვიანდება ერთწლიანი კალმები, რომლებიც შემოდგომაზე უნდა აიჭრას; შეინახეთ გრილ სარდაფში მოთავსებულ ქვიშიან ყუთებში და გაზაფხულზე დარგეთ. მშვენივრად ფესვიანდება ადრე გაზაფხულზე აჭრილი და პირდაპირ დასაფესვიანებლად დარგული კალმებიც. ამობარეთ ერთ ბარისპირზე კვალი, ჩააწყვეთ შიგ კალმები დახრილად, დააყარეთ მიწა, კარგად მიუტკეპნეთ და მორწყეთ. თუ ფესვიანს იშოვით, შეგიძლიათ დარგოთ მუდმივ ადგილზე. ძალიან კარგად ფესვიანდება ამონაყარები გადაწვენითაც. დარგეთ აუცილებლად მზისგულზე, ჩრდილი არ უყვარს.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)