„ბიძაშვილი მეჯდა გვერდით და ვკითხე, გადარჩენილი მყავს ვინმე-მეთქი? მიპასუხა, არაო“ – გელა დაიაური მუცოს ტრაგედიას იხსენებს

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

პოეტი და მუსიკოსი გელა დაიაური თაია გამთენაძის პოდკასტ „შენი ამბავის“ სტუმარი გახლდათ. გადაცემაში მან გარდაცვლილ მეუღლეზე, მომღერალ თეონა ქუმსიაშვილზე, მათი თანაცხოვრების პერიოდსა და 16 წლის წინ მომხდარ იმ შემზარავ ავარიაზე ისაუბრა, რომელმაც მისი ოჯახის წევრები და სხვა მგზავრები იმსხვერპლა.

„დიდი ხანია, ამ თემაზე არ მისაუბრია. ჩვენი ტრადიციის მიხედვით, ყველა დაბადებული ბავშვი უნდა მიაბარო სალოცავს. ჩვენთან არის მუცოს მთავარანგელოზის სალოცავი და დღეობაზე წასვლა გადავწყვიტეთ. ჩემს მეჯვარესთან, ბერდია არაბულთან ერთად წავედით. პირველ დღეს შატილში დავრჩით ნათესავებთან, მეორე დღეს კი სალოცავში გადავედით. მოვილოცეთ და უკან რომ მოვტრიალდით, ბერდიას უთქვამს სოფოსთვის, გული ვერ მაქვს კარგადო. არ ვიცი, გული აწუხებდა თუ ნაბახუსევი იყო. უკვე რთული გზიდან ჩამოსული ვიყავით და სწორი გზა იწყებოდა. სოფოს შეუთავაზებია, დავჯდები საჭესთან, თუ გინდაო, მაგრამ ბერდიას უთქვამს, არა, გეხუმრეო და გზა გააგრძელა. ცოტა ხანში თავი უკან გადავარდნია. გულის მხარე გაშავებული ჰქონდა. სავარაუდოდ, გულის შეტევა მიიღო“, – იხსენებს დაიაური.

როგორც დაიაური ჰყვება, მანქანა დაახლოებით 2-3 მეტრის სიმაღლიდან გადაეშვა და წყალში სახურავით ჩავარდა. პოეტის თქმით, მომხდარის შემდეგ ავტომობილიდან გამოსვლა უმძიმესი აღმოჩნდა.

„თორნიკემ მითხრა, ბავშვები დაიძახე და წინ გადახტიო, მაგრამ ეს არ მახსოვს. შემდეგ მახსოვს, რომ ვიხრჩობოდი. მანქანა მდინარეში ზურგზე დაეცა. უკან სხვა მანქანებიც მოგვყვებოდა, საბედნიეროდ, მათ ავტომობილის უკანა ნაწილი ჩაამტვრიეს, რომ იქიდან გამოვეყვანეთ. თორემ, ვინც გადავრჩით, ისინიც ვერ გადავრჩებოდით. ერთი რამ მახსოვს: ბავშვის მოშვებული ხელი დავიჭირე ხელში და ვიფიქრე, არ დავახრჩო-მეთქი, შემდეგ კი ხელი გავუშვი. თვითონ წყლიდან ამოსვლას ვერ ვახერხებდი, ფეხი გაჭედილი მქონდა“, — იხსენებს ის.

გელა დაიაურს ეგონა, რომ წყალში ჩავარდნილ მანქანაში დაახლოებით 15 წუთი იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით შეიტყო, რომ მაშველებმა მისი გამოყვანა მხოლოდ ერთი საათის შემდეგ შეძლეს. თეონა ქუმსიაშვილის ცხედარი ავარიის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, მდინარეში აღმოაჩინეს.

„მუცოში რომ ჩამოგვიყვანეს, გამეღვიძა და სიცივისგან ვკანკალებდი. ბიძაშვილი მეჯდა გვერდით და ვკითხე, გადარჩენილი მყავს ვინმე-მეთქი? მიპასუხა, არაო. ჩვენთან ასეთი წესია – პირდაპირ უნდა უთხრა ადამიანს და არაფერი დაუმალო. შემდეგ შატილში დაუსვენებიათ ჩემი მეუღლე და ბავშვი. მეორე ბავშვი კი დაკარგული იყო“, — იხსენებს დაიაური.

მისივე თქმით, გაუჩინარებული მცირეწლოვნის სამძებრო სამუშაოები მდინარე არღუნშიც გაგრძელდა, რომელიც ჩეჩნეთისკენ მიედინება, თუმცა ბავშვის პოვნა ვეღარ მოხერხდა.

დაიაური ასევე იხსენებს შემთხვევას, როცა მოგვიანებით მდინარეში აღმოჩენილი სხეულის ნაწილი შვილის ნეშტი ეგონა და დასაკრძალად საჭირო ყველა ნივთიც კი მოამზადა, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ნაპოვნი ფრაგმენტი ბატკანს ეკუთვნოდა.

„გავიხარე, რომ რაღაც ვიპოვე. ყველაფერი ვიყიდე, რომ მიწისთვის მიმებარებინა. რატომღაც ვიფიქრე, რომ ბავშვის ნაწილი იყო. ბედნიერი ვიყავი, რომ ვიპოვე. შემდეგ მითხრეს, ცხვრის ბატკნის ნაწილები და თმა აღმოჩნდაო“, — იხსენებს გელა დაიაური.

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის