კვირა, აპრილი 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

2023 წელს ღვინის ექსპორტით შემოსავლების მატება საექსპორტო ფასის ზრდითაა განპირობებული

0

ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, 2023 წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი კლების პირობებში, შემოსავლების მატება, ღვინის საექსპორტო ფასის ზრდით არის განპირობებული. ამის შესახებ უწყების მიერ ღვინის ექსპორტის შესახებ გამოქვეყნებული სტატისტიკაშია აღნიშნული.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ქართული ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ზრდის ბოლო წლების ტენდენცია 2023 წელსაც შენარჩუნდა. მათი ცნობით, მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 259 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3%-ით აღემატება. ექსპორტირებულია 89,5 მილიონი ლიტრი ღვინო.

„ექსპორტის რაოდენობრივმა კლებამ, 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 12% შეადგინა. რაოდენობრივი შემცირების ფონზე, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მატება განპირობებულია ქართული ღვინის საექსპორტო ფასის ზრდით, რაც წარმოადგენს უმთავრეს განმსაზღვრელ მაჩვენებელს“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში იმასაც აღნიშნავენ, რომ კოვიდპანდემიის პერიოდში ღვინის ფასის კლების შემდეგ, 2023 წელს საექსპორტო ფასის ზრდა პირველად დაფიქსირდა და თუ 2022 წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.48 დოლარი იყო, 2023 წელს ფასი 2.89 დოლარი გახდა.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე იმ სტრატეგიულ ბაზრებზეა საუბარი, საიდანაც გასულ წელს ექსპორტიდან შემოსავლები გაიზარდა: კორეის რესპუბლიკა – 60%, გერმანია – 43%, აშშ – 6%, პოლონეთი – 3%, იაპონია – 1%. თუმცა გავრცელებულ პრესრელიზში არაფერია ნათქვამი რუსეთიდან შემოსავლების დინამიკაზე, სადაც ექსპორტირებული ღვინის 65% გადის.

სააგენტოს ცნობით, მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების ექსპორტის მაჩვენებელში: მსოფლიოს 54 ქვეყანაში ექსპორტირებულია 196,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 31,5 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმელები – შემოსავლები 42%-ით, ხოლო ექსპორტის რაოდენობა 55%-ით არის გაზრდილი.

ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV-ის მონაცემებით, ღვინის გლობალური მოხმარება კლებულობს. ბოლო წლების განმავლობაში (2017-2022) ღვინის მოხმარება შემცირებულია, საშუალოდ, 6% პროცენტით.

პრემიუმ ღვინის სეგმენტი (ფასი 10 აშშ დოლარი ან მეტი ბოთლზე) გაიზარდა, ხოლო დაბალფასიანი ღვინის (ფასი 10 აშშ დოლარზე ნაკლები ბოთლზე) მოხმარება საგრძნობლად შემცირდა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის რეინჯერებმა ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს

0
xr:d:DAGCHA4b0I0:7,j:5378848387502891062,t:24041112

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის რეინჯერებმა – პაატა ქიქავამ, გურამ ბასილაიამ და გოჩა ბართიამ ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე პატრულირებისას, რეინჯერებმა გამოავლინეს მოქალაქე, რომელიც გადაადგილდებოდა სანადირო თოფით და ზურგზე გადაკიდებული ტომრით.

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქე შეეცადა გაქცეულიყო, რეინჯერებმა შეძლეს მისი შეჩერება და არარეგისტრირებული სანადირო თოფის და ტომრის ჩამორთმევა, რომელშიც აღმოჩნდა შვლის დანაწევრებული ხორცი. ჩამორთმეული ტვირთი შემდგომში ოფიციალურად გადაეცა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

დაცული ტერიტორიების სააგენტო მადლობას უხდის რეინჯერებს იმ უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რაც შეაქვთ დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გაყალბებული „არიელისა“ და „დომესტოსის“ გაყიდვის ფაქტი

0
დაბალხარისხიანი და იაფფასიანი სარეცხი საშუალებების ბრენდული სასაქონლო ნიშნით გაყიდვის ფატზე ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში და რუსთავში მდებარე სავაჭრო ობიექტებიდან ახდენდა დაბალხარისხიანი და იაფფასიანი სარეცხი საშუალებების რეალიზაციას Ariel-ის, Perwoll-ის, Fairy-ის, Alo-ს, Domestos-ის და Persil-ის სასაქონლო ნიშნების მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით“.

რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა თბილისსა და რუსთავში მდებარე სავაჭრო ობიექტებში.

საგამოძიებოს ცნობით, ამოღებულია 78 023 ლარის ღირებულების, საერთო ჯამში 16 982 ლიტრი და 5 457 კგ სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული პროდუქცია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„1100-ზე მეტი პაციენტი მიღებას ელოდება – ყველაზე ცუდი მდგომარეობაა რომში“

0

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ იტალიაში პედიატრიული გამნყოფილებები, სასწრაფო დახმარების ოთახები სავსეა ბავშვებით.

პედიატრია და სასწრაფო დახმარების ოთახები სავსეა.
გრიპი და RSV, რომლებიც პასუხისმგებელია ბრონქიოლიტზე, მძიმედ მოქმედებს ბავშვებზე, განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის პირებზე, იტალიის მასშტაბით.

გაიცანით აგროოლიმპიადის გამარჯვებულები

0

მეორე წელია, ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ „ეროვნული აგრარული ოლიმპიადის“ მხარდამჭერია. ამასთან ერთად, ის სტუდენტის კატეგორიის გამარჯვებულებსაც აჯილდოებს და ასაჩუქრებს. პრიზებს, რომლებსაც „აგროსფერო“ მათ გადასცემს, საგანმანათლებლო დანიშნულებისაა, რადგან კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ცოდნის მიღების ახალი შესაძლებლობების მიცემაა. წლევანდელ გამარჯვებულებს „აგროსფერომ“ საზომი ხელსაწყოებით დაკომპლექტებული სპეციალური ჩემოდანი გადასცა, რომელშიც 3000 ლარის ღირებულების პროდუქცია მოათავსა.

სტუდენტები, რომლებმაც 2023 წლის აგროოლიმპიადის საპრიზო ადგილები მოიპოვეს გიორგი ვენგო ღლონტი, თეა იმნაძე და ბექა ფანგანია. გადავწყვიტეთ, უფრო ახლოს გაგვეცნო ახალგაზრდები, რომლებმაც ყველაზე მაღალი ქულების დაგროვება და უპირატესობის მოპოვება ასობით კონკურსანტს შორის შეძლეს.

გიორგი, როგორც ვიცით, თქვენ უკვე მესამედ მიიღეთ მონაწილეობა აგროოლიმპიადაში. როგორი იყო თქვენი შედეგები წინა მცდელობებზე?

გიორგი ვენგო ღლონტი: აგროოლიმპიადაში მონაწილეობას მისი დაარსების დღიდან ვიღებ. პირველ წელს შეგეძლო, რამდენიმე მიმართულებაში გეცადა ბედი. მაშინ სატყეო საქმეში – მე-2, ხოლო მექანიზაციაში მე-3 ადგილი დავიკავე. შემდეგი წლიდან პირობები შეიცვალა და მხოლოდ ერთი მიმართულების არჩევის შესაძლებლობა მქონდა. ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე, არჩევანი აგრონომიაზე შევაჩერე, ფინალშიც მოვხვდი, თუმცა ფინალურ ტურზე გასვლა ვეღარ მოვახერხე. წელს მესამედ ვცადე ბედი და დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის საშუალებით პირველი ადგილის მოპოვებაც შევძელი.

რამდენად რთული იყო აგროოლიმპიადის ტესტები?

ბექა ფანგანი: აგრონომია, ზოგადად, საკმაოდ რთული მიმართულებაა, რომელიც აერთიანებს ისეთ დარგებს, როგორებიცაა ფიტოპათოლოგია, აგროქიმია, ენტომოლოგია და სხვა. კითხვები მაქსიმალურად ფარავდა ყველა საკითხს, შესაბამისად, ტესტებიც საკმაოდ რთული იყო.

გიორგი ვენგო ღლონტი: ვფიქრობ, რომ ტესტი მოითხოვდა ყველა მიმართულების არა ზოგად, არამედ სიღრმისეულ ცოდნას. ამასთან ერთად, იყო კითხვები ისეთ ქვედარგებზეც, რომლებიც უნივერსიტეტში ან არ ისწავლება, ან მხოლოდ ზედაპირულად. ამიტომ ტესტის კარგად დასაწერად, საჭირო იყო უნივერსიტეტს გარეთ დაგროვებული ცოდნაც.

თეა იმნაძე: მეც შემხვდა ისეთი საკითხები, რომლებიც უნივერსიტეტში ჯერ გავლილი არ მაქვს, თუმცა პასუხების გაცემისას ჩემს ლოგიკასა და ზოგად აგრონომიულ ცოდნას ვენდე. პირველი ცდის კვალობაზე ჩემი შედეგით უკმაყოფილო არ ვარ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის აგროოლიმპიადები?

გიორგი ვენგო ღლონტი: ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობაში პროფესიონალების დიდი დეფიციტია. ეს ოლიმპიადა კი მნიშვნელოვანია იმით, რომ სფეროთი დაინტერესებულ პირებს დამატებით მოტივაციას აძლევს, რათა განვითარდნენ, გაიფართოონ ცოდნა და შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები.

თეა იმნაძე: როცა ამ ოლიმპიადის შესახებ გავიგე, ძალიან ბედნიერი ვიყავი და მოუთმენლად ველოდი პირველ ტურს, რადგან ეს საკუთარი ცოდნის გამოვლენისა და გამოცდის ძალიან კარგი საშუალებაა. აგროოლიმპიადაზე დავინახე ჩემი შრომის შედეგი, რამაც ახალი ცოდნის მიღების დამატებითი მოტივაცია მომცა.

რამდენად მნიშვნელოვანია კერძო კომპანიების ჩართულობა ამ ტიპის ღონისძიებებში?

ბექა ფანგანი: ზოგადად, ვფიქრობ, კერძო კომპანიებისგან განათლების წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია. ამით სტუდენტებს არა მხოლოდ ჯილდოების მოპოვების საშუალება ეძლევათ, არამედ იძენენ ინფორმაციას ბაზარზე არსებული კომპანიების შესახებ. მაგალითად, „აგროსფეროსთან“ გვქონდა ვიზიტიც, რა დროსაც უკეთ გავიცანი მისი საქმიანობა და პროცესებიც ბევრად ხელშესახები გახდა. ვფიქრობ, რაც უფრო მეტად ჩაერთვება კერძო სექტორი სტუდენტების ცნობიერების ამაღლებაში, მით უკეთესი პროფესიონალები ეყოლება მომავალ თაობას.

უკვე გამოცადეთ თუ არა „აგროსფეროს“ მიერ გადმოცემული საზომი ხელსაწყოები პრაქტიკაში?

თეა იმნაძე: დიახ, უკვე აქტიურად ვიყენებ ციფრულ მიკროსკოპს, რომლის დანახვაც, ვერ აღგიწერთ, რამდენად სასიხარულო იყო ჩემთვის. განსაკუთრებით მცენარეების მავნებელ-დაავადებები მაინტერესებს და ციფრული მიკროსკოპის დახმარებით უკვე შევისწავლე გარკვეული მავნებლები ჩემი სახლის ციტრუსზე. დანარჩენ ხელსაწყოებს, ვფიქრობ, უნივერსიტეტის პრაქტიკული საგნის, „აგროპროექტის“ ფარგლებში უფრო აქტიურად გამოვიყენებ.

გიორგი ვენგო ღლონტი: აგრონომიაში პრობლემის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული, ცალკეული ფაქტორი ან გარკვეულ ფაქტორთა ერთობლიობა. პრობლემის გადასაჭრელად ყოველთვის საჭიროა გამომწვევი მიზეზის პოვნა, რაც ხშირ შემთხვევაში დამატებითი ხელსაწყოების გარეშე შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, საზომ ხელსაწყოებს შეგვიძლია აგრონომიის მარჯვენა ხელი ვუწოდოთ.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი პროფესიით ვმუშაობ, სამსახურში უკვე გამოვიყენე მარილიანობის და ph პარამეტრების მზომელები. დანარჩენს კი ეტაპობრივად მოვსინჯავ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ „აგროსფეროს“ მიერ დაწესებული პრიზი ზუსტად ემთხვევა აგროოლომპიადის მიზნებს. ხელსაწყოების ნაკრები, რომელიც, როგორც აღვნიშნე, აგრონომიის მარჯვენა ხელია, გაძლევს შესაძლებლობას მეტი ინფორმაცია დააგროვო, მეტი ექსპერიმენტი ჩაატარო და განვითარდე.

აგროოლიმპიადა 2023-ში 870 კონკურსანტი მონაწილეობდა, რომელთაგანაც ორეტაპიანი ტესტირების შედეგად 39 გამარჯვებული გამოვლინდა. პრიზიორები ოთხ კატეგორიაში (სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი და მოსწავლე) და ექვსი საკონკურსო მიმართულებით (აგრონომია, ვეტერინარია-მეცხოველეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, სასურსათო ტექნოლოგია, მექანიზაცია და სატყეო საქმე) დასახელდნენ.

აგრარული ეროვნული ოლიმპიადა 2021 წლიდან ტარდება, „აგროსფერო“ კი მეორე წელია მას პარტნიორობას უწევს. გასულ წელს კომპანიამ 9 გამარჯვებული სტუდენტი დააჯილდოვა და მათ აუდიო და ელექტრონული წიგნები, ონლაინ კურსი, JBL-ის უსადენო ყურსასმენები, Amazon Kindle და Samsung Galaxy Tab გადასცა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

2 ივნისს ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი 2024 გაიმართება

0

2 ივნისს, 12:00 საათზე, ქ. ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებას სლოგანი – ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი აერთიანებს.

დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი საქართველოში მეორედ იმართება.

დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ღვინის მახასიათებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანიშნებელია, რომელიც ამ ნიშნით აღიარებულ ღვინოებს სხვა ღვინოებისგან უპირატესად წარმოაჩენს. ფესტივალის მიზანი მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა.

ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის 50-მდე მსხვილი მწარმოებლისა და მცირე საოჯახო მარნის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიების ფარგლებში 28 მაისს, ბოლნისის ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი გაიმართა. საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურიმ, ენოლოგებმა, ღვინის ექსპერტებმა და მეღვინეებმა საქართველოს 6 რეგიონიდან ( შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო) 21 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების, 87 ღვინის ნიმუში დააგემოვნეს.
კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი დიდი ოქროს, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ადგილწარმოშობის ღვინოები 2 ივნისს ფესტივალზე საზეიმოდ გამოვლინდება.

ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს ტრიო „ალილო“ და კვარტეტი „რანინა“, დღის მანძილზე გაიმართება სხვადასხვა გათამაშებები და შემეცნებითი აქტივობები.

ფესტივალის წარმდგენია არემჯი, მხარდამჭერები: მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი, საქპატენტი.

არემჯი 2022 წელს ოფიციალურად შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებს და გახდა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი. კომპანიის ყველა მსხვილი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტები მდგრადი განვითარების მიზნებთან არის თანხვედრაში.

ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამა, სწორედ მე-8 მიზანს (ღირსეული სამუშაო & ეკონომიკური ზრდა) ეხმიანება და ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტია.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„ამ პროფესიაში მთავარი ღირსების შენარჩუნებაა” – ინტერვიუ ჟურნალისტ ანა შანიძესთან

0

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ✨

გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ ანა შანიძესთან, რომელიც საკუთარ ჟურნალისტურ ისტორიას გვიამბობს:

– ანა, თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა არაერთ წელს ითვლის… საინტერესოა, როდის დაინტერესდით და რამ გადაგაწყვეტინათ, აგერჩიათ ეს პროფესია…?

– პროფესიაზე არჩევანი ბავშვობიდან მოდის… მაშინ, როდესაც სკოლიდან სახლში მისული გასართობი გადაცემების ნაცვლად, ახალ ამბებს ვეცნობოდი…

– გვიამბეთ თქვენი პროფესიული ისტორია…

 

– ისტორია იწყება სტუდენტობიდან. პირველი პრაქტიკული ნაბიჯებიც სწორედ ამ დროს გადავდგი. მაშინ ჩემი მიკროფონი ლოგოს გარეშე იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, უკვე შემდგარი ჟურნალისტების მსგავსად შეუპოვარი ვყოფილიყავი. პირველი გამოცდილება პირველი აქციის გაშუქებისას მივიღე, აღარ მოვყვები, რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს…

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას..?

– ახალგზრდებს, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას, ვკითხავდი – ჟურნალისტიკას სამუშაო განრიგი არ აქვს, მზად ხართ ზოგჯერ ბევრი დათმოთ თქვენი პროფესიის გამო? ემსახუროთ სიცივესა თუ სიცხეში, დღე თუ ღამე…? მზად ხართ, პირადი ემოციები გვერდით გადადოთ, მაყურებლამდე არ მიიტანოთ თქვენი შიშები, გრძნობები, ტკივილები, წყენა, დაღლა?… მზად ხართ, იყოთ ხან ექიმი, ხან ექსპერტი, ხან მაშველი – ყველა პროფესიის წარმომადგენელი მცირე დოზით. ზოგჯერ ნამდვილ ომშიც იყოთ და პატარ-პატარა “ბრძოლები” ყოველდღე გქონდეთ?
თუმცა, თუ აირჩევთ – ერთი ნახვით შეყვარებას დაიჯერებთ. მასზე მრავალფეროვანს ვერაფერს ნახავთ. ზოგჯერ დაღლილს მისი მიტოვებაც მოგინდებათ, მაგრამ ვერ მიატოვებთ. მიგიზიდავთ და მის გარეშე ვეღარ გაძლებთ. მთავარი თვისება ღირსების შენარჩუნებაა და პრინციპები, რომელიც ლოგოსთან ერთად არ უნდა იცვლდებოდეს…

ავტორი: თათია გოჩაძე

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„გურიაში, დაახლოებით, 15 ათას ჰექტარ ფართობზე ეროვნული პარკი დაარსდება“

0

მთავრობის სხდომის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორიის – გურიის ეროვნული პარკის შექმნის მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი.

„დაცული ტერიტორიების განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ორჯერ გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი; მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ვაგრძელებთ. მიმდინარეობს კვლევები სხვა რეგიონებში დაცული ტერიტორიების შექმნასთან მიმართებაში; აქტიურად ვიმუშავეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან. გვქონდა საჯარო განხილვები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. შემუშავებული პროექტის მიხედვით, გურიაში დაარსდება ეროვნული პარკი, დაახლოებით, 15 ათას ჰექტარ ფართობზე. ამ ფართობის დიდი ნაწილი მოიცავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, დაახლოებით 13 ათასი ჰექტარი და დაახლოებით 2 ათასი ჰექტარი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გურიის ეროვნული პარკის შექმნა, ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისთვის, ეკოტურისტული მიმართულებებით სხვადასხვა საქმიანობაში მოსახლეობის ჩართვის კუთხით.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია Smokey Bear საქართველოშიც განხორციელდება

0

ტყის ხანძრების პრევენციის კამპანიას Smokey Bear, რომლის მიზანიც სკოლამდელი და სკოლის ასაკის ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა, აშშ-ის სატყეო სამსახური ახორციელებს. Smokey Bear აშშ-ში 40-იანი წლებიდან მიმდინარეობს და მისი სლოგანია „მხოლოდ შენ შეგიძლია თავიდან აიცილო ტყის ხანძარი“.

Smokey Bear-ის კამპანია ქართველ სპეციალისტებს აშშ-ის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხანძრების პრევენციის ნაწილში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„მადლობა ამერიკის სატყეო სამსახურს კამპანია Smokey Bear საქართველოში განხორციელების შესაძლებლობისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ტყის ხანძრების პრევენციის სწორად გატარება. ჩვენს რეინჯერებს და მეტყევეებს ხანძრის ადგილებზე შესაბამის ღონისძიებებში ჩართვა ევალებათ, შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი როლი გვაკისრია, მათ შორის, პრევენციის ნაწილში; რაც მეტი განათლება გვექნება ჩვენ და ჩვენს ახალგაზრდა თაობას, მით მეტად შევძლებთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა კარლო ამირგულაშვილმა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს საქართველოს ველურ ბუნებაში ხანძრის პრევენციის სამუშაოები, ტყის ხანძრებთან მიმართებაში საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა და ტყის ხანძრების მართვის პრაქტიკა გააცნეს. შეხვედრას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშე რიშან ჩაუდრი, აშშ-ის სატყეო სამსახურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), CENN-ის და NACRES-ის წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კომში ერთ-ერთი ძვირფასი კულტურაა თავისი ქიმიური შემცველობითა და გამო­ყენების მრავალფეროვნებით

0
კომში ერთ-ერთი ძვირფასი კულტურაა თავისი ქიმიური შემცველობითა და გამო­ყენების მრავალფეროვნებით

კომში

კომში ერთ-ერთი ძვირფასი კულტურაა თავისი ქიმიური შემცველობითა და გამო­ყენების მრავალფეროვნებით. გარდა იმისა, რომ იხმარება ხილად, საკონდიტრო და კულინარიულ ნედლეულად, მისი ნაყოფი, თესლი და ფოთოლი ოდითგანვე გამოიყენებო­­და როგორც სამკურნალო საშუალებები შინაგანი დაავადებების სამკურნალოდ (სისხლ­ნაკლებობა, შარდმდენი, ამოსახველებელი და სხვ.).
კომშის ნაყოფი შეიცავს 5-12% შაქრებს, 5%-მდე მჟავებს, 0,1-1,8% მთრიმლავ ნივთიერებებს, 3%-მდე პექტინებს, ვიტამინ ჩ-ს და ეთერზეთს, რომლის გამოც ნაყოფი გამოირჩევა შეუდარებელი სურნელებით. ნა­ყოფი კარგად ინახება.
ნაყოფის გადამუშავების შედეგად მიღებუ­ლი პროდუქტებია: მურაბა, ჯემი, კომპოტი, ჟე­ლე და მაღალხა­რის­ხო­ვა­ნი მარმელა­დი. კულინარიაში გა­მო­იყე­ნება სხვა­და­სხვა კერ­ძის შე­­სა­კაზ­მად. მე­რქანი იხ­­მა­რება სა­­­ხა­­რატო სა­ქ­­მეში. საუკეთესო
სა­­ძი­რეა ნაგალა (ჯუ­ჯა) მსხლის ჯიშების გამოსაყვანად, ზღმარტლის დასამყნობად.
ხე ცოცხლობს 50-70 წელს, თუმცა გადაბელ­ვით მისი სიცოცხლის 100 წლამდე გა­ხან­გ­რძლივებაც შეიძლება.
მრავლდება ფესვის ამონაყარებით, შტამბზე ამონაყარების გადაწვენით, კალმების დაფესვიანებით და მყნობით.
დასაფესვიანებლად კალმებს იღებენ გვიან შემოდგომით, აღმოსავლეთ საქარ­თველოში ოქ­­ტომბრის დამლევს ან ნოემბრის თვეში, ხო­ლო დასავლეთ საქართველოში – ნოემბრის შუა რიცხვებიდან. გვიან შემოდგომაზე აჭრილი კალმების 80-90% ფესვიანდება ნორმალურად, გაზაფხულზე აჭრილის დაფესვიანება არ აღემატება 10%-ს. კომში რომ ერთ-ერთი ძვირფასი კულტურაა, გავრცელების არეალზეც ეტყობა. მოჰყავთ მთელ მსოფლიოში, სადაც კი მის გასამრავლებლად შესაფერისი პირობები არსებობს. იგი უძველესი კულტურაა და, ზოგიერთი ავტორის ცნობით, მას 4000 წლის წინათაც კი იცნობდნენ.
კომშის წარმოშობისა და გავრცელების რა­იონებია კავკასია და კასპიის ზღვის სამხრეთ-აღ­მოსავლეთი მხარე. აქედან კომში გატანილ იქნა ბაბილონსა და ეგვიპტეში. დაახლოებით 700 წლით ადრე ჩვ.წ.-მდე იგი შეუტანიათ საბერძნეთში. ძველ საბერძნეთში კომში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ამის მაგალითია ის, რომ საქორწინო ცე­რემონიის დროს, მაშინ არსებული კანონის მიხედვით, სასიძოს საპატარძლოსთვის უნდა მიერთმია კომშის ნაყოფი, რომელიც ბედნიერი ოჯახური ცხოვრების სიმბოლოდ ითვლებოდა.
საქართველოც რომ კომშის სამშობლოა, ამას ადასტურებს მისი ველური ფორმების არსებობა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
არსებობს კომშის უამრავი ჯიში, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ვეგეტატიური ნაწილების, ასევე ნაყოფის ფორმითა და სიდიდით. არსებობს მსხვილნაყოფა ჯიშები – წონით 1,5, 2 და 3-კგ-იანი – ერთ-ერთია „კშაივა“.
ჩვენც გვაქვს ადგილობრივი მსხვილნაყოფა ჯიშები, თუმცა მათი წონა 500-დან 730 გ ფარგლებში მერყე­ობს. ასეთებია: დერჩული #86 – 500 გ, მსხლი­სებრი #84 – 650 გ და ლაგოდეხის მსხვილნაყოფა – 732გ.
საქართველოში გავ­რცე­ლებული კომშის ჯიშებია:
ვაშლისებრი 38 – მომჟა­ვო-მოტკბო ნაყოფია, ზომით 10,2ხ9,9სმ-მდე
ვაშლისებრი 52 (წყალბია) – პატარა, მომჟავო-მოტკბო ნაყოფია
ვაშლისებრი 54 – მომჟავო-მოტკბო ნაყოფია, ზომით 7,8ხ7,9 სმ-მდე, წონა 300 გ
ვაშლისებრი 60 – ნაყოფის ზომა 7,6ხ7,4 სმ-მდეა, წონა 200 გ
მსხლისებრი 22 – მომჟავო-მოტკბო ნაყოფია, ზომით 9,3ხ4,4 სმ-მდე
მსხლისებრი 33 – მომჟავო-მოტკბო ნაყოფია, საშუალო წონა 250 გ
მსხლისებრი 84 – მომჟავო ნაყოფია, ზომით 10,6ხ9,9 სმ-მდე, წონა 650 გ
მსხლისებრი 85 – ტკბილი ნაყოფია, ზომით 12,5ხ8,5 სმ-მდე, წონა 400 გ
დერჩული 86 – მომჟავო-მოტკბო, დიდი ზო­მის ნაყოფია, წონა 500 გ-მდე
ტინისხიდის ტკბილი – ტკბილი, არომატული ნაყოფია, ზომით 7,2ხ6,2 სმ-მდე, წონა 135გ
ქართული მჟავე – მომჟავო-ტკბილი ნაყოფია, ზომით 8,7ხ8,7 სმ-მდე, წონა 375 გ
მეჯვრისხევის მჟავე 114 – ცვალებადი სიდიდის მომჟავო-მოტკბო ნაყოფია
გორული ტკბილი 126 (მალაჩინა) – მომჟავო-მოტკბო ნაყოფია, ზომით 7,4ხ8,1 სმ
ლაგოდეხის მსხვილნაყოფა – ნაყოფის ზო­მა 12,3ხ10,2 სმ-მდეა, წონა 732 გ
შილდური – ნაყოფის ზომა 7,5ხ6,8 სმ-მდეა, წონა 815 გ
სანავარდო – ტკბილი ნაყოფია, ზომით 14,2ხ9,6 სმ-მდე
ახალსოფლის კომში – გემრიელი, ტკბილი ნაყოფია, ზომით 8,8ხ7,4 სმ-მდე
ფორე – მომჟავო-მოტკბო მსხვილი ნაყოფია, ზომით 10ხ8,6სმ-მდე, წონა 325 გ
საკომპოტე – ტკბილი ნაყოფია, ზომით 7,6ხ6,6 სმ-მდე, წონა 350 გ

ალუბალი ძვირფასი დიეტური და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოსადეგი კულტურაა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#drpkhakadze