აჭარიდან გადასახლებულ ეკომიგრანტ ქალებს, ამ სილამაზეებისთვისაც რჩებათ დრო…
„ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება, თუმცა ეს პანიკის მიზეზს არ იძლევა” – გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომ პანიკის მიზეზი არ არსებობს.
„აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს, მეტეოროლოგიური მოვლენაა და პანიკის მიზეზს არ იძლევა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე“, – ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ქელეხზე ჩვენს წინაპრებს მენიუც სხვა ჰქონდათ და ლექსიკაც იყო გაწერილი“
ხორბლის ფასი და მისი გავლენა საქართველოში
ხორბლის ფასი და მისი გავლენა საქართველოში
2024 წლის ივლისში ხორბლის ფასი გლობალურად თვიურად 4.5%-ით შემცირდა. ეს ცვლილება საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მსოფლიო სოფლის მეურნეობასა და სურსათის ბაზარზე, განსაკუთრებით ჩინეთის რეგიონში.
Galt&Taggart-ის ანალიზი ადასტურებს, რომ ჩინეთის ადგილობრივი ბაზარი გლობალური ფასების მნიშვნელოვან ცვლილებებს აწყობს. ჩრდილოეთ ჩინეთში ინტენსიური ნალექი და უარყოფითი ამინდი ფერმერებს აიძულებს ხორბალი რაც შეიძლება სწრაფად გაყიდონ, რათა მოსავალი არ დაზიანდეს. თუმცა, ფქვილის ადგილობრივი მოთხოვნა ეკონომიკური სუსტი მდგომარეობის გამო დაბალია, რაც ამცირებს ფასებს 3-წლიან მინიმუმამდე.
ჩინეთის მთავრობა გეგმავს ადგილობრივი შესყიდვების გაზრდას, რაც იმპორტის საჭიროების შემცირებას და გლობალურ ფასებზე გავლენის შემცირებას გამოიწვევს.
2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ხორბლის იმპორტი 33.4%-ით გაიზარდა, რაც 27 მილიონ 569 ათას დოლარის ღირებულების 114 290 ტონა ხორბალს მოიცავს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ხორბლის იმპორტის მოცულობა წლიურად 69.1%-ით გაიზარდა, ხოლო ღირებულება 33.4%-ით მოიმატა. წელს, ხორბლის ერთადერთი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია.
რაც შეეხება საქართველოს, 2024 წლის 6 თვეში ფქვილის იმპორტი 61.8%-ით შემცირდა. ხორბლის იმპორტი კი, 33.4%-ით გაიზარდა.
მთებიდან ზღვამდე ქართული სამზარეულო მადრიდის გასტრო კონგრესს Madrid Fusión დაიპყრობს
მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესი Madrid Fusión საქართველოს შესახებ Facebook გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს. „მთებიდან ზღვამდე ქართული სამზარეულო მადრიდის გასტრო კონგრესს Madrid Fusión დაიპყრობს. აღმოაჩინეთ ჩვენი სტუმარი ქვეყნის გასტრონომიული არსი. საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც მთავარი კერძი სტუმარმასპინძლობაა“, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მისი თქმით, 29-31 იანვარს, საქართველო Madrid Fusión 2024-ზე, სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.
სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.
Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი წარადგენს.
Desde las montañas hasta el mar, la cocina de Georgia conquistará #MadridFusion2024 . Descubre la esencia gastronómica de nuestro país invitado. 🇬🇪 Georgia Travel
———-
From the mountains to the sea, Georgia’s cuisine will conquer #MadridFusion2024. Discover the gastronomic essence of our guest country. 🇬🇪
Georgia – Where Hospitality Is The Main Course …..
16 წლის ფერმერის მეურნეობა რაჭაში!
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში დღეისათვის 100-ზე მეტი კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი
ლაბორატორიის ქსელში სურსათის კვლევის დეპარტამენტი იკვლევს სურსათს, სასურსათო ნედლეულს, ცხოველთა საკვებსა და სასმელ წყალს.
კვლევები მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულების ლაბორატორიებში, ესენია ზოგადი ქიმიის, ინსტრუმენტული კვლევებისა და მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიები.
ლაბორატორიაში ხორციელდება:
• სურსათის მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევა;
• სურსათის კვლევა უვნებლობის პარამეტრებზე;
• სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევები;
• თაფლის კვლევები სხვადასხვა ხარისხობრივ და უვნებლობის პარამეტრზე;
• რძისა და რძის პროდუქტების კვლევა;
• ცხოველთა საკვების მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევები.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დანერგილი საერთაშორისო დონის დიაგნოსტიკური კვლევები მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისათვის, რომ ქვეყანაში წარმოებული პროდუქტი აკმაყოფილებს საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს დ იყოს კონკურენტუნარიანი.
ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის შედეგები.
დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://sla.gov.ge/
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ტყე – კაცობრიობის აკვანი და მარჩენალი
ტყე – კაცობრიობის აკვანი და მარჩენალი
ალბათ არც ერთ ცივილიზებულ ადამიანს არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ჩვენი შორეული წინაპრების აკვანი ტყეში დაირწა. ტყე ის სამოთხის ბაღია, სადაც ადამიანმა თავიდანვე მიაგნო თავისი მიზნების მისაღწევად ყველა საშუალებას, იქნებოდა ეს: ბინა, საჭმელ-სასმელი, სამეურნეო თუ სანადირო ხელსაწყო-იარაღი, ნადირ-ფრინველი, ნაირ-ნაირი ხილ-კენკრა, სამკურნალო მცენარეები და, ვინ ჩამოთვლის, კიდევ რა.
მიუხედავად კაცობრიობის ცივილიზაციის უმაღლესი დონისა, ადამიანებმა ვერ მოიშალეს ტყეში სიარული, პირიქით, სულ უფრო და უფრო მეტი სიმდიდრე გამოაქვთ უფლის მიერ ბოძებული ამ, მართლაც, სამოთხის ბაღიდან.
გარდა იმ ძირითადი ღირებულებისა, რასაც მერქანი ჰქვია, ტყე იძლევა აგრეთვე ძვირფას მასალას კვების მრეწველობისათვის სოკოსა და ხილ-კენკრის (პანტა, მაჟალო, ტყემალი, მოცვი, მოცხარი, ჟოლო, მაყვალი) სახით; ასევე კაკალს, თხილს, წიფელს, სამკურნალწამლო მცენარეებს.
უშუალოდ მერქნისაგან 20000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია მზადდება.
მერქანს დიდი რაოდენობით იყენებენ: სამშენებლო საქმეში, ცელულოზა-ქაღალდის, საფეიქრო, ასანთის, ქვანახშირის, სამთამადნო, საავეჯო, საფანერო, საავიაციო და საავტომობილო მრეწველობაში, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და სასკოლო ინვენტარის წარმოებაში, ვაგონმშენებლობაში, კავშირგაბმულობაში, სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობაში, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში, გემთმშენებლობაში და სხვ. მაგალითად, ერთი საშუალო წყალწყვის საოკეანო გემის ასაგებად საჭიროა 4000მ3 მერქანი. მაღალხარისხოვანი თუჯის სხმულების დასამზადებლად იყენებენ ხის ნახშირს. სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებში უმეტესწილად მერქანი გამოიყენება; სალეწი მანქანის 90%, ხოლო კომბაინისა და სათიბი მანქანის 60%-ზე მეტი ხის მასალისაგან მზადდება.
მერქნის ქიმიური დამუშავებით მიიღება: ღვინისა და ხის სპირტი, ძმარმჟავა, ფორმალინი, აცეტონი, სკიპიდარი, კანიფოლი, სამკურნალო პრეპარატები – ასპირინი, ქაფური; საკვები პროდუქტები: შაქარი, ცილოვანი ნივთიერებები, ლიმონმჟავა, ვიტამინები, კაუჩუკის, რეზინისა და კინოფირების წარმოებისათვის საჭირო მასალები.
ერთი ტონა ნახერხის გადამუშავებით მიიღება 200 ლ ღვინის სპირტი ან 75-100კგ შაქარი (გლუკოზა) ან 200 კგ ცელულოზა ან 2000 მ2 ცელოფანი ან 160კგ აბრეშუმის ძაფი. ნახერხისაგან მიღებული გაწმენდილი შაქარი გემოთი თითქმის არ განსხვავდება ჭარხლის ან ლერწმის შაქრისაგან.
მერქნის ქიმიური დამუშავებით აწარმოებენ: ბამბას, შალს, საღებავებს, ლაქებს. ხის ქერქისაგან (ტირიფი, მუხა, ნაძვი და სხვ.) ხდიან მთრიმლავ ნივთიერებებს, რასაც იყენებენ ტყავეულის მრეწველობაში. წიწვოვანი ჯიშის (სოჭი, ნაძვი, ფიჭვი) წვრილი ტოტებისაგან ხდიან ეთეროვან ზეთებს, რომელთაც იყენებენ საპარფიუმერიო მრეწველობაში. წიწვებისაგან ამზადებენ ვიტამინიან ფქვილს მეცხოველეობისათვის და სამედიცინო პრეპარატების საწარმოებლად.
ხეტყის ნარჩენებისაგან (ნაფოტები, ნახერხი, ბურბუშელა) ამზადებენ მერქნოვან-ბურბუშელოვან ფილებს, რომლებიც იხმარება სამშენებლო საქმეში და ზოგავს ტყეს.
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური სიმდიდრისა, რომელსაც ტყე საუკუნეების მანძილზე აწვდის კაცობრიობას, ყველაზე დიდი სიკეთე მაინც ფოტოსინთეზს მოაქვს; ტყე ყოველწლიურად შთანთქავს უამრავ ნახშირორჟანგს (CO2) და ატმოსფეროში გამოყოფს ამდენივე ჟანგბადს. ასე რომ არ ხდებოდეს, ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ იქნებოდა. ტყე აწესრიგებს ჰაერის ტემპერატურას, ასუსტებს ქარის ძალას, ასუფთავებს ჰაერს მექანიკური მინარევებისაგან. ტყე წყლის ორთქლთან ერთად გამოყოფს ფიტონციდებს – ნივთიერებებს, რომელთაც შესწევთ უნარი გააუვნებლონ ჰაერში მყოფი ადამიანისათვის მავნე მიკრობები. დიდია ტყის როლი ნიადაგის წარმოქმნასა და დაცვაში, მდინარეებისა და ტბების მუდმივი რეჟიმის შენარჩუნებაში. ტყე ინახავს წვიმის წყლის 90-95%-ს, რაც გამორიცხავს ღვარცოფებს.
დღეს, როცა საქართველოს ტყეები უმოწყალოდ ჩანაგდება, როცა გაჩეხილია ქალაქების, სოფლების შემოგარენი, ვისაც მართლა გული შესტკივა ქვეყნისათვის და მთელი არსებით უყვარს ჩვენი უმშვენიერესი მამულ-დედული – დამიჯერეთ, დარგეთ თითოეულმა თითო ხე და 10-15 წლის შემდეგ ძველებურად აშრიალდება ულამაზესი ტყეები; მომრავლდება ნადირ-ფრინველი და, რაც ყველაზე მთავარია, შევინარჩუნებთ საქართველოს მთიანეთს, რომელიც ამჟამად ღვარცოფებისა და მეწყრების გამო კატასტროფულ მდგომარეობაშია.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
რატომ არის თიხის ჭურჭელი სასარგებლო?
რატომ არის თიხის ჭურჭელი სასარგებლო?
როგორი სუფთაც არ უნდა იყოს ბოსტნეული, თუ მას დაბალი ხარისხის მეტალის ან პლასტიკის ჭურჭელში მოვამზადებთ და მივირთმევთ, ის მაინც საფრთხის შემცველი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ჭურჭელი დამზადებული იყოს ისეთი ბუნებრივი მასალისგან, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და გახურებისას თუ სხვადასხვა მჟავებისა და ცხიმების ზემოქმედებისას არ გამოყოფს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს.
თიხის ჭურჭლის სასარგებლო თვისებებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების შესახებ, ალბათ გსმენიათ. ასეთი აზრიც კი არსებობს, რომ თიხას მაგიური ძალა აქვს, ათავისუფლებს ნეგატივისგან და ადამიანებისთვის პოზიტიური განწყობა მოაქვს. ეს, რა თქმა უნდა, დამტკიცებული ჰიპოთეზა არ გახლავთ, მაგრამ ამავე დროს იმასაც ვერავინ უარყოფს, რომ თიხის ჭურჭელში საკვები გაცილებით გემრიელი, არომატული და ჯანსაღი მზადდება, ხოლო პროდუქტები – საკმაოდ დიდხანს ინახება. გაინტერესებთ, რატომ ხდება ასე?
თიხის ჭურჭლის სასარგებლო თვისებებს, უპირველესად, განაპირობებს ის, რომ დამზადებულია ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო ბუნებრივი მასალით.
დედამიწა ადამიანს აძლევს არა მარტო წყალს და საკვებს, არამედ ამ საკვების შესანახ საშუალებასაც. თიხის დამუშავებისა და გამოწვის საიდუმლო ადამიანებმა ცივილიზაციის ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს და მას შემდეგ, აქტიურად იყენებენ ჭურჭლისა თუ სხვა სამეურნეო ნივთების დასამზადებლად. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ათასწლეულებმა განვლო და დღეს ჭურჭელი უამრავი სხვადასხვა მეტალისა თუ შენადნობისგანაც მზადდება, თიხა მაინც ინარჩუნებს თავის ფუნქციასა და ფასეულობას – გვჩუქნის ყველაზე ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭელს ჩვენი სამზარეულოსა თუ მარნისთვის.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული დარიშხანის შემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით ტენდერი გამოცხადდა
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ დარიშხანის შემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით სარკოფაგის მშენებლობის პირველი ეტაპისთვის ტენდერი გამოაცხადა. მშენებლობის სამუშაოები ორ ეტაპადაა დაგეგმილი; პირველ ეტაპზე მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირი აშენდება, ხოლო მეორე ეტაპზე, დაბინძურებული საიტების გაწმენდისა და სარკოფაგის მშენებლობის სამუშაოები განხორციელდება.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის განკარგულებით, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანას ტერიტორიაზე დარიშხან შემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სისტემურ მართვასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ უწყებად განისაზღვრა.
სააგენტომ, 2023 წელს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ძუღარეშში (საიტი – ცანა 1) და სოფელ ყორულდაშში (საიტი – ცანა 3), პირველადი დაცვითი ღონისძიების სახით, უკვე განახორციელა ტერიტორიების შეღობვის სამუშაოები, რითაც შეიზღუდა დაბინძურებულ ტერიტორიაზე ადამიანებისა და ცხოველების გადაადგილება. ამავდროულად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული დარიშხანშემცველი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების გაწმენდისა და ნარჩენების უსაფრთხოდ განთავსების მიზნით, სოფელ ყორულდაშში (საიტი – ცანა 3) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სარკოფაგის აშენების შესახებ. აღნიშნულ საქმიანობის განსახორციელებლად, სააგენტომ გაიარა კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურა და, მიმდინარე წელს, მშენებლობის ნებართვა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ლენტეხის რაიონში, დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნიდან არსებობს, რომელიც 90-იან წლებში ამ ტერიტორიაზე სამთო-ქიმიური ქარხნების დახურვის შემდეგ წარმოიქმნა – დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა.
საქართველოს ხელისუფლებამ, ბოლო წლებში, აქტიურად დაიწყო აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევები და მომზადდა ანგარიშები; გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლების, მეცნიერების, არასამთავრობო სექტორის, ექსპერტებისა და მოსახლეობის მონაწილეობით.











