“საქართველოს მელიორაციის” ინფორმაციით, სამელიორაციო მომსახურებაზე მოთხოვნა წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა.
2026 წლის მონაცემებით, წყალსარგებლობის განრიგების ფარგლებში დაკონტრაქტებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს საგრძნობლად აღემატება.
კერძოდ, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ირიგაციის მოთხოვნით შეთანხმებული ფართობი 9 988.1 ჰექტარს შეადგენდა. 2026 წლისთვის კი, აღნიშნული მაჩვენებელი 29 694.33 ჰექტარამდე გაიზარდა.
სახელმწიფო კომპანიის ინფორმაციით, გაზრდილი მაჩვენებელი სარწყავი წყლის მზარდ მოთხოვნასა და წყალმომხარებლების მაღალ აქტიურობაზე მიუთითებს.
„საქართველოს მელიორაცია“ ფერმერებსა მოუწოდებს, წყალსარგებლობის განრიგები წინასწარ და დროულად გააფორმონ. აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს წყლის მიწოდების ეფექტიან დაგეგმვას, სამელიორაციო სისტემების მართვის გაუმჯობესებას და სასოფლო-სამეურნეო მიწების სრულფასოვან მორწყვას. აღსანიშნავია, რომ წყალსარგებლობის განრიგის გაფორმების შემთხვევაში, მომხმარებელი სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით ისარგებლებენ.
მიმდინარე წლის 1 აპრილიდან საქართველოში მელიორაციის მომსახურებაზე ახალი ტარიფები ამოქმედდა, რის შედეგადაც სარწყავი წყლის ღირებულება გაიზარდა. ახალი წესის მიხედვით, გაუმრიცხველიანებელი ფერმერებისთვის ერთჯერადი მორწყვის საფასური 116,5 ლარით განისაზღვრა, მაშინ როდესაც ადრე ამ მომსახურებისთვის ფერმერები წლიურად დაახლოებით 75 ლარს იხდიდნენ. დასავლეთ საქართველოში მოქმედი ტარიფი შედარებით დაბალი იყო და 45 ლარს შეადგენდა.
მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი ტარიფები კულტურების ტიპების მიხედვით განისაზღვრა. ერთწლიანი კულტურების შემთხვევაში ერთი მორწყვის ღირებულება 116,5 ლარია დღგ-ის ჩათვლით, ხოლო მრავალწლიანი კულტურების სარწყავი მომსახურება ერთ ჰექტარზე 102 ლარი გახდა.
გაზრდილი ტარიფების პარალელურად, სახელმწიფო ფერმერებისთვის ნაწილობრივი სუბსიდირების მექანიზმსაც აამოქმედებს. მოქმედი წესის თანახმად, სეზონის განმავლობაში სამი მორწყვის ხარჯს მთავრობა დაფარავს, დანარჩენი გადასახადის გადახდა კი თავად მიწის მესაკუთრეებს მოუწევთ.

