– არსებობს თუ არა რაიმე წამალი (როგორც მღრღნელების საწინააღმდეგოდ) ქვეწარმავლების გასანადგურებლად?
– ქვეწარმავლებში თქვენ ალბათ გულისხმობთ გველს, რომელსაც არ ანადგურებენ, ამიტომაც ასეთი საშუალება არ არსებობს. თუ თქვენ ახლომახლო დაიდო ბინა და შეგაშინათ, გოგირდი დააბოლეთ, ის აუცილებლად მოსცილდება იქაურობას.
ცნობისათვის: საქართველოში არსებობს 21 სახეობის გველი, რომელთაგან მხოლოდ 4 სახეობაა შხამიანი: გიურზა და სამი სახეობის გველგესლა – კავკასიური, ველის, ცხვირრქოსანა.
თუ მოერიდებით, ფეხს არ დაადგამთ ან სხვანაირად არ გააღიზიანებთ, ადამიანს არ ერჩიან. შხამი მათი თავდაცვის საშუალებაა!
– მინდა ვარდების გახარება დაკალმებით (თქვენ მიერ აღწერილი მეთოდით), მაგრამ არ ვიცი, სად შეიძლება ვიშოვოთ ნიადაგისთვის საჭირო მასალა (გადამწვარი ნაკელი, ტორფი). იქნებ მითხრათ კონკრეტული მისამართი.
– გადამწვარი ნაკელის შოვნა შეიძლება თბილისის შემოგარენის ნებისმიერ სოფელში: გლდანი, ლისი, ოქროყანა, შინდისი, ტაბახმელა და ა.შ. ტორფი მოიკითხეთ მემამულეთა კავშირში.
– ქლიავსა და ალუჩას გაუჩნდა თეთრი მკვრივი ფისივით ნივთიერება. ხემ ფოთლები დაყარა. როგორ შეიძლება ვუმკურნალო?
გაზაფხულზე ერთი ადგილიდან მეორეზე გადავრგე ვაშლის ხე, რომელიც 3 წლისაა. სექტემბერში გაუყვითლდა წვეროები, ფოთლები. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
– აღწერის მიხედვით, თქვენს ქლიავსა და ალუჩას დაემართა კურკოვანებისთვის დამახასიათებელი დაავადება გომოზი, ანუ წებოსდენა. ამის მიზეზი სხვადასხვაა: მოყინვა, ყინვის გამო ხის ქერქის დაზიანება, მზით გამოწვეული დამწვრობა ან სოკოვანი დაავადებები.
დიდი მნიშვნელობა აქვს ბაღში ყველა აგროღონისძიების დროულად და ხარისხიანად ჩატარებას. სხვლის დროს მიყენებული ჭრილობები აუცილებლად უნდა დაამუშაოთ ბაღის მალამოთი. უკვე დაავადებულ ხეებს მოაცილეთ წებო, დაამუშავეთ 1%-იანი შაბიამნის ხსნარით (10 ლ წყალზე 100 გ შაბიამანი და 100 გ კირი) და ამის შემდეგ 5-10 წუთის ინტერვალებით 2-3-ჯერ წაუსვით მჟაუნას ახალი ფოთლები, ხოლო შემდეგ ბაღის მალამო.
ლიმონი კასრში – ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რომელიც ოთახის პირობებში კარგად ხარობს და მოსავალსაც იძლევა.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)