შიდა ტურიზმის სტიმულირების, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კახეთში, ვაშლოვანში პრესტური გამართა. ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ოპერატორები 3 დღის განმავლობაში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების უნიკალურ ადგილებს გაეცნენ. მედიის წარმომადგენლებმა დაცულ ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველები და ფრინველები გადაიღეს.
პრესტურის მონაწილეებმა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტურისტული მარშრუტები და სალაშქრო ბილიკები შეისწავლეს. გაეცნენ ტერიტორიაზე არსებულ საპიკნიკე და საკემპნინგე ადგილებს.
ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, გეოლოგიურ, ველო, ფოტო, კულტურულ, საფარი და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.