„ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გარემოსდაცვით პრიორიტეტს წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირება, განსაკუთრებით ურბანულ და სამრეწველო ტერიტორიებზე. ერთ-ერთი გამოწვევა ამ მიმართულებით არის სამრეწველო სექტორი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსხვილ სამრეწველო საწარმოებს დაევალათ მავნე ნივთიერებათა ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვა. ამ ეტაპზე თვითმონიტორინგს დაქვემდებარებული დაახლოებით 51 აქტიური საწარმოდან სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულია 31 საწარმო, კიდევ 11 საწარმო კი, ხელსაწყოების მონტაჟის პროცესშია. მიმდინარეობს მსხვილი სამრეწველო ობიექტების კონტროლი და ჰაერდაცვითი კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგი. რეგულაციების ამოქმედებიდან დღემდე შემოწმდა არაერთი საწარმო, ჯამში გამოვლინდა უწყვეტი თვითმონიტორინგისა და ჰაერდაცვითი მოთხოვნების შეუსრულებლობის 92 ფაქტი და გატარდა კანონით გათვალისწინებული ზომები.
„შემუშავდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმა ცენტრალური ზონისთვის, რომელიც მოიცავს ქ. რუსთავსაც. სამოქმედო გეგმის განხორციელების ბიუჯეტი 88 მლნ ლარია და სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შემცირება გეგმის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება. აღსანიშნავია, რომ ქ. რუსთავის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებამ ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი შედეგი მოგვცა, ვინაიდან ქალაქში შემცირდა მყარი ნაწილაკებით დაბინძურების დონე“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.