თაფლის წარმოებას და, ზოგადად, მეფუტკრეობას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. ისტორიული წყაროების თანახმად, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში კოლხეთის სამეფოში მეფუტკრეობის განვითარებული კულტურა არსებობდა.
არგონავტებისა და ოქროს საწმისის მითის თანახმად მეფე აიეტის სასახლეშიც კი ვხვდებით თაფლის მდინარეების არსებობას.
ქართული თაფლის ისტორიული წარსული
შესაძლოა, მალე საქართველო თაფლის სამშობლოდაც აღიარონ. არქეოლოგებმა ბორჯომის მახლობლად 5,5 ათასი წლის წინანდელი თაფლიანი ჭურჭელი აღმოაჩინეს. ის ეგვიპტეში, ტუტანხამონის სამარხში აღმოჩენილ თაფლზე 2 ათასი წლით ძველია.
ხობის წყლის ხეობა სამეგრელოში ქართული ფუტკრის ჯიშის – მუხურის ფუტკრის სამშობლოა. მსოფლიომ ის ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გაიცნო, როგორც ყველაზე გრძელხორთუმიანი და პროდუქტიული.
ქართული მრავალფეროვანი თაფლი
საქართველო ფლორით მდიდარი ქვეყანაა და აქ თაფლიც მრავალფეროვანი გვაქვს: აკაციისა და ციტრუსის – ცრემლივით წკრიალა, ცაცხვისა და მინდვრის ყვავილების – ქარვისფერი, წაბლის – მუქი და ასევე, სპეციფიკური გემოსიც. ყველა მათგანი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა.
აჭარული ჯარას თაფლის წარმოების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ჯარა ქართული, ტრადიციული სკაა, ხის მორი, რომელშიც ფუტკარი თაფლს აგროვებს. ჯარას თაფლი უნიკალური და მაღალი ხარისხის ორგანული პროდუქტია. დღეს მეფუტკრეობის მსგავსი სახეობა მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა შემორჩენილი. ცნობილია მაჭახელას თაფლი – ეკოლოგიურად სუფთა, უგემრიელესი პროდუქტი.
გამორჩეულია რაჭული, წალკისა და ბედიანის თაფლი, რომელიც ბუნებრივი პირობების, მათ შორის სუფთა მდინარეებისა და ნაკლებად დაბინძურებული ჟანგბადის გამო, განსაკუთრებით გემრიელი და ნატურალურია.
საქართველოში კარგადაა განვითარებული მეფუტკრეობის სამივე სახეობა – ველური, ნახევრად ველური და შინამეფუტკრეობა. საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეგიძლია იპოვო თაფლი, რომელსაც როგორც საკვებ პროდუქტად, ისე არყის გამოსახდელად, სამკურნალოდ და კოსმეტიკურ საშუალებადაც კი იყენებდნენ და იყენებენ.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები