მცენარეთა დაცვის საშუალებები და დრო
კვირტის გაშლამდე. ალბათ უკვე ჩატარებული გაქვთ ის უპირველესი და აუცილებელი სამუშაოები, რასაც მამულის სანიტარიული დამუშავება ჰქვია: გამხმარი და დაავადებული ხე-ბუჩქების ამოძირკვა, ხმელი და დამტვრეული ტოტების მოხერხვა და მავნებელთა ბუდეებიანად დაწვა. თუ აქამდე ვერ მოასწარით, არც ახლაა დაგვიანებული, ოღონდ დააჩქარეთ, რადგანაც ბაღის ქიმიური დამუშავების დროა. როცა საშუალო დღიური ტემპერატურა +5ºჩ-ია, შეწამლეთ ნიტროფენითა და ოლეოკუპრიტით, შეძლება მათი შემცვლელების გამოყენებაც. ეს ღონისძიება თავიდან აგაცილებთ მოზამთრე მავნებლების კვერცხების, ტკიპებისა და ბუგრების გამოღვიძების საშიშროებას. ამ საშუალებებით მცენარეები იწამლება 2-3 წელიწადში ერთხელ.
კვირტის გაშლიდან ყვავილობამდე. კვირტების გაშლისთანავე ხეების ქვეშ დააფინეთ ცელოფანი, ჩამობერტყეთ გრძელცხვირას ხოჭოები და გაანადგურეთ. ეს პროცედურა ტარდება, როცა ჰაერის ტემპერატურა + 10ºჩ-ია, სასურველია _ 2-3-ჯერ.
შეწამლეთ ხეხილი ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ერთ-ერთით: ბენზოფოსფატით, კარბოფოსით, კილზარით, რევიკურტით ან პერმეტრინით და დაზღვეული იქნებით ვაშლის ყვავილჭამიას მავნე მოქმედებისაგან.
ვაშლისა და მსხლის ქეცის საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა ბორდოს 3%-იანი ხსნარი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მანამდე არ გამოგიყენებიათ ნიტროფენი.
ყვავილობის დასაწყისიდან მისი დამთავრების შემდეგ. თუ კვირტის გაშლამდე ხეები არ ჩამოგირეცხავთ ბორდოს 3%-იანი ხსნარით, ყვავილობის დასაწყისშივე შეწამლეთ ბორდოს 1%-იანი ხსნარით.
ტკიპების, ბუგრებისა და სხვა მავნებლების საწინააღმდეგოდ ბორდოს ხსნარის შემცვლელ პოლიქრომს ჩაამატეთ ქვემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებათაგან ერთ-ერთი: პერმეტრინი, ბენზოფოსფატი, კარბოფოსი, კილზარი.
მუხლუხების წინააღმდეგ მეტად ეფექტურია: ბიტოქსიბაცილინი, ლეპიდოციდი ან დენდრობაცილინი.
ყვავილობის დამთავრებისთანავე ხეების ძირში დაფენილ ცელოფანზე ჩამობერტყეთ ვაშლის მხერხავათი დაზიანებული ნაყოფი და გაანადგურეთ. ქეცის წინააღმდეგ შეწამლეთ 1%-იანი ბორდოს ხსნარით. მსხლის ხეები ტკიპების წინააღმდეგ დაამუშავეთ გოგირდოვანი პრეპარატით.
ყვავილობის დამთავრებიდან 15-20 დღის შემდეგ ვაშლისა და მსხლის ხეები შეწამლეთ კარბოფოსით, ბენზოფოსფატით, რევიკურტით, პერმეტრინით ან ბიოპრეპარატებით – ბიტოქსიბაცილინით, დენდრობაცილინით ან ლეპიდოციდით. შეიძლება ჩამოთვლილი პრეპარატები შეცვალოთ უახლესი, უფრო ეფექტური საშუალებებით.
ხეების შტამბებს შემოახვიეთ გოფრირებული შესაფუთი ქაღალდი ან ჯვალო, გასინჯეთ ყოველ 7-10 დღეში ერთხელ, საღამო ხანს, და შიგ დაგროვილი ნაყოფჭამიას მუხლუხები გაანადგურეთ. ეს გახლავთ ერთ-ერთი მეტად ეფექტური ღონისძიება, რომელიც ტარდება ყვავილობის დამთავრებიდან 25 დღის შემდეგ. ამავე პერიოდში ტარდება ნაყოფჭამიას წინააღმდეგ მეორე წამლობა პერმეტრინით, კარბოფოსით, კილზარით ან რევიკურტით, ხოლო 30 დღის შემდეგ – ბენზოფოსფატით.
ფოთოლცვენის შემდეგ შტამბზე ნახვევები შეხსენით და მწერები გაანადგურეთ. ჩამოცვენილი ფოთლები მოფოცხეთ, დაწვით ან ღრმად ჩამარხეთ. გაფხიკეთ შტამბისა და ტოტების დაზიანებული ნაწილები და შეათეთრეთ კირით: 2კგ ჩამქრალ და გაცრილ კირს დაამატეთ 1კგ თიხამიწა ან ახალი ნაკელი, გახსენით 10 ლ წყალში და წაუსვით ფუნჯით.
რა თქმა უნდა, ზემოჩამოთვლილი სამუშაოები ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ამგვარი შრომა ყოველთვის ფასდება უხვი და ჯანსაღი მოსავლით.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები