ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის CFD აუქციონის განაცხადების მიღების შედეგების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უწყებამ რიგით მეორე აუქციონი 2023 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, სულ 146 განაცხადი შევიდა, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია პირველ აუქციონთან შედარებით. სამინისტრომ მთლიანობაში 800 მეგავატის სიმძლავრეზე გამოაცხადა აუქციონი.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი კომისია უახლოეს მომავალში შეიკრიბება, გაეცნობა წარმოდგენილ განაცხადებს, პირველ რიგში, დაადგენს მედიანურ ტარიფს, რის შემდგომაც მოხდება გამარჯვებული წინადადებების გამოვლენა. სიმძლავრის მეორე აუქციონის ჯამური დადგმული სიმძლავრე 800 მგვტ-ს შეადგენს.
განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ამბობს, რომ CFD მეორე აუქციონში მისი ინფორმაციით, რამდენიმე კომპანიამ სხვადასხვა გენერაციის ობიექტების მიმართულებით შეიტანეს განაცხადები.
მისი თქმით, ის ვისაც ჰქონდა მაგალითად ინტერესი ქარის ელექტროსადგურების მიმართულებით დაინტერესებულია მზის ელექტროსადგურების მშენებლობითაც.
“რამდენიმე კომპანია არსებობს, რომლებმაც სხვადასხვა ტიპის პროექტების მიმართულებით შეიტანეს განაცხადი. კომპანიები, რომლებიც მუშაობენ მხოლოდ მზის მიმართულებით ახლა უკვე განაცხადი შეაქვთ, როგორც ჰიდროს მიმართულებით ასევე მზის და ქარის მიმართულებით.
წინაზე, ასეთი შემთხვევა გვქონდა: 27 პროექტი იყო, თუმცა 24-მა კომპანიამ გაიმარჯვა, ანუ ერთმა კომპანიამ 3 პროექტის ჭრილში გაიმარჯვა. ახლაც იქნებიან ინვესტორები, რომლებმაც რამდენიმე პროექტი წარადგინეს და შესაძლებელია, რამდენიმე პროექტის ფარგლებში მიიღონ მათ CFD აუქციონში გამარჯვება. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ინვესტორები მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით და ის გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებოდით და ვსაუბრობდით, რომ საქართველოს არ აქვს გარკვეულწილად გამოცდილება ჰიდროს და ქარის გარდა მზის ენერგიის მიმართულებით, ახლა უკვე კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ ინვესტორების დაინტერესება საკმაოდ მაღალია სხვადასხვა განახლებადი წყაროს მიერ ელექტროენეგიის გენერაციის ობიექტების აშენების თვალსაზრისით.ერთადერთ გამოწვევას ვხედავ შემნახველებთან მიმართებით, ეს ახალია და კომპანიებს ევროპელი სპეციალისტების მოწვევა მოუწევთ, რაც საკმაოდ ძვირია,”- ამბობს მაია მელიქიძე.
მელიქიძეს უჭირს საპროგნოზო მედიანურ ტარიფზე საუბარი, თუმცა ამბობს, რომ განსაკუთრებული შესაძლებლობები ჩნდება მზის ელექტროსადგურების შემთხვევაში.
ტარიფთან დაკავშირებით გიპასუხებთ, რომ იქამდე სანამ არ შეიკრიბება კომისია და არ მოახდენს კონვერტების გახსნა/შეფასებას მანამდე რთული იქნება პასუხის გაცემა, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო ის შედეგები, რომლებიც იყო პირველი CFD აუქციონის შემდეგ, ეს იყო დაახლოებით 6.8; 6.7; 6.2 ცენტი. პირველ აუქციონში გამოწვევა რაც იყო ისაა, რომ გულისწყრომა იყო მზის გენერაციის ობიექტების მხრიდან, რომ მათი ტარიფი შედარებით უფრო ნაკლები იყო. ახლა შედეგები იქნება, თუმცა ჩემი პროგნოზით მომავალი 2 წელი ნამდვილად იქნება მზის ენერგიის განვითარების საკმაოდ დიდი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის,”- ამბობს განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები