5-6 თებერვალს, თბილისი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ქართული ხორბლის კულტურა – რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“ მასპინძლობს. კონფერენცია, რომელშიც 6 ქვეყნიდან (საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, თურქეთი, ბულგარეთი) 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით იმართება.
კონფერენცია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ გახსნეს.
„აღნიშნული კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ქართული ხორბლის გამოყენების ისტორიას და ტრადიციებს ეხება. ხორბლის სახეობათა მრავალფეროვნებით საქართველო უნიკალურია მთელს მსოფლიოში. საქართველოში ხორბლის მოშინაურებასა და მოყვანის ისტორია მრავალ ათას წელს ითვლის, რაც ისტორიულად და მეცნიერულად დასტურდება. ბოლო წლებში, ბევრი რამ გაკეთდა ხორბლის ენდემური ჯიშების აღდგენის მიმართულებით. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ აღდგენილ ჯიშებზე მოთხოვნაც ყოველდღიურად იზრდება. დღეისთვის, აღდგენილი ჯიშების გავრცელება ფერმერულ მეურნეობებში აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა იური ნოზაძემ.
როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა აღნიშნა, ქართულ ხორბალს საპატიო ადგილი უჭირავს მსოფლიოში და აღნიშნული კონფერენციაც მისი პოპულარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
„ქართული ხორბალი დადასტურებულად უნიკალურია თავისი ისტორიით, ენდემური ჯიშების მრავალფეროვნებით, ჩვენს კულტურასა და ტრადიციებში გამოყენების უწყვეტობით. ვფიქრობ, სწორედ მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, ქართული ხორბალი სათანადო აღიარებას იმსახურებს და ამ მიზნით, ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
სიტყვით გამოსვლისას FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ სასურსათო უსაფრთხოებაში ხორბლის, როგორც მნიშვნელოვანი ელემენტის როლზე ისაუბრა.
„მზარდი პოპულაციის გამო, 2050 წლისთვის, მოსახლეობის რიცხოვნობა 9 მილიარდს მიაღწევს. შესაბამისად, ხორბლის კულტურის მოხმარება გაიზრდება. ჩვენ არ უნდა დავაკლოთ მცდელობა, რომ ხორბლის კულტურის მოყვანის მოცულობა გავზარდოთ. აღსანიშნავია, ენერგიის 20% სწორედ ხორბლიდან მოდის. ხორბალი სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია. ხორბლის 27 სახეობიდან, 14 სწორედ ქართულია, რაც მიანიშნებს, რომ საქართველოს ამ მიმართულებით უდიდესი ტრადიცია აქვს, “ – აღნიშნა რაიმუნდ იელემ.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოში ხორბლის წარმოების ისტორია და ტრადიციები განიხილეს. აღინიშნა, რომ ხორბალი საქართველოს უძველესი კულტურაა, რომელსაც ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ხორბალი საქართველოში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ითესებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ხორბლის უძველესი ნიმუშები ძვ.წ. V-IV საუკუნით თარიღდება. მსოფლიო მასშტაბით, დღეისთვის, ხორბლის 27 კულტურული და ველური სახეობაა აღწერილი, საიდანაც 14 სახეობა საქართველოშია აღმოჩენილი, მათ შორის 5 სახეობა (მახა, კოლხური ასლი, ჩელტა ზანდური, ჰექსაპლოიდური ზანდური, დიკა) ენდემურია.
ხორბლის ქართული ენდემური სახეობების და ჯიშების დაცვასა და აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2018 წელს, „ქართული ხორბლის კულტურას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გარდა ამისა, დაწყებულია ქართული ხორბლის კულტურის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების ნუსხაში შეტანის სამუშაო პროცესები.
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები