საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის ფლობა 2025 წლის იანვრიდან სავალდებულო ხდება.
ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.
2023 წლის ბოლომდე ჰქონდათ დრო კლინიკებს იმისთვის, რომ მააკრედიტირებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული კონტრაქტი წარედგინათ, რითაც დაადასტურებენ აკრედიტაციის პროცესის დაწყებას.
„2023 წლის ბოლომდე ჰქონდათ კლინიკებს ვალდებულება კონტრაქტის გაფორმების, 2024 წლის ბოლომდე აქვთ აკრედიტაციის ვალდებულება. კლინიკების დიდ ნაწილს უკვე წარმოდგენილი აქვს, მიმდინარეობს შესაბამისი დამუშავება და დაახლოებით ერთ კვირის პერიოდში ზუსტად გვექნება ინფორმაცია, რამდენმა კლინიკამ წარმოადგინა ასეთი კონტრაქტი. ეს იმიტომ, რომ ეტაპობრივად შემოდიოდა განაცხადები და საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციაა გასაანალიზებელი“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი.
საერთაშორისო აკრედიტაცია მკურნალობის, პაციენტის მოვლის, მასთან კომუნიკაციის სხვა მსოფლიო სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედი რამდენიმე კლინიკა უკვე ფლობს საერთაშორისო აკრედიტაციას.