ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, 2023 წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი კლების პირობებში, შემოსავლების მატება, ღვინის საექსპორტო ფასის ზრდით არის განპირობებული. ამის შესახებ უწყების მიერ ღვინის ექსპორტის შესახებ გამოქვეყნებული სტატისტიკაშია აღნიშნული.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ქართული ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ზრდის ბოლო წლების ტენდენცია 2023 წელსაც შენარჩუნდა. მათი ცნობით, მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 259 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3%-ით აღემატება. ექსპორტირებულია 89,5 მილიონი ლიტრი ღვინო.
„ექსპორტის რაოდენობრივმა კლებამ, 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 12% შეადგინა. რაოდენობრივი შემცირების ფონზე, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მატება განპირობებულია ქართული ღვინის საექსპორტო ფასის ზრდით, რაც წარმოადგენს უმთავრეს განმსაზღვრელ მაჩვენებელს“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში იმასაც აღნიშნავენ, რომ კოვიდპანდემიის პერიოდში ღვინის ფასის კლების შემდეგ, 2023 წელს საექსპორტო ფასის ზრდა პირველად დაფიქსირდა და თუ 2022 წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.48 დოლარი იყო, 2023 წელს ფასი 2.89 დოლარი გახდა.
სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე იმ სტრატეგიულ ბაზრებზეა საუბარი, საიდანაც გასულ წელს ექსპორტიდან შემოსავლები გაიზარდა: კორეის რესპუბლიკა – 60%, გერმანია – 43%, აშშ – 6%, პოლონეთი – 3%, იაპონია – 1%. თუმცა გავრცელებულ პრესრელიზში არაფერია ნათქვამი რუსეთიდან შემოსავლების დინამიკაზე, სადაც ექსპორტირებული ღვინის 65% გადის.
სააგენტოს ცნობით, მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების ექსპორტის მაჩვენებელში: მსოფლიოს 54 ქვეყანაში ექსპორტირებულია 196,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 31,5 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმელები – შემოსავლები 42%-ით, ხოლო ექსპორტის რაოდენობა 55%-ით არის გაზრდილი.
ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV-ის მონაცემებით, ღვინის გლობალური მოხმარება კლებულობს. ბოლო წლების განმავლობაში (2017-2022) ღვინის მოხმარება შემცირებულია, საშუალოდ, 6% პროცენტით.
პრემიუმ ღვინის სეგმენტი (ფასი 10 აშშ დოლარი ან მეტი ბოთლზე) გაიზარდა, ხოლო დაბალფასიანი ღვინის (ფასი 10 აშშ დოლარზე ნაკლები ბოთლზე) მოხმარება საგრძნობლად შემცირდა.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები