ოქტომბერი
ძირითადი მოსავალი ალბათ უკვე დაბინავებული გაქვთ და აქა-იქ შემორჩენილ ვაშლისა და კომშის ნაყოფს აგროვებთ. თუ ზღმარტლი გიდგათ, ისიც მოკრიფეთ და გაშალეთ ხახალზე. ნურც ხურმასა და კარალიოკს დატოვებთ დიდხანს, თორემ შეიძლება ფრინველის კერძი გახდეს.
გარდა ამისა, დროა, მომავალი წლისთვისაც დაიწყოთ ფიქრი. თუ ბოლო ორი წლის მანძილზე სასუქი არ შეგიტანიათ, ახლა მაინც შეიტანეთ. ხეებს ძირები გამოუბარეთ და 2-3 ვედრო ნაკელი დაუყარეთ. ამობარვა აუცილებელია 25-30 სმ-ზე. ამით, გარდა ნიადაგის გაფხვიერებისა, ხელს ვუწყობთ მავნებლების განადგურებას.
ატმის ფოთლის სიხუჭუჭის წინააღმდეგ ფოთოლცვენის შემდეგ მცენარესა და შტამბის გარშემო ნიადაგს შეასხურეთ შარდოვანას 5%-იანი, ხოლო ახალგაზრდა ხეებს – 4%-იანი ხსნარი.
მოზამთრე მავნებელთა გასანადგურებლად, ვეგეტაციის დაწყებამდე, როცა ჰაერის ტემპერატურა 5ºჩ-ზე მაღალია და 20ºჩ-ზე დაბალი, უმჯობესია, მცენარეს შევასხუროთ 1%-იანი დნოკის ხსნარი. შეწამვლა რეკომენდებულია 2-3 წელიწადში ერთხელ.
მამულ-დედულის პატრონს არასოდეს აქვს დასვენების დრო, მას მხოლოდ შესვენება შეუძლია ერთი საქმის დამთავრებიდან მეორეზე გადასვლის შუალედში.
ოქტომბერში ყველა სახის ხილ-ბოსტნეულის საგვიანო ჯიშების მოსავლის აღება-დაბინავების დროა: ცივი ზამთრის მოლოდინში თადარიგიანი მემამულე მოსაკრეფს მოკრეფს, ძირხვენებს ამოთხრის, სათანადოდ დააბინავებს და მერე შეუდგება ნარგაობის მოვლა-პატრონობას, ნიადაგის დამუშავებას, სასუქების შეტანას და, თუ საჭიროა, ბაღის საშემოდგომო მორწყვასაც. დიახ, შემოდგომით ბაღის მორწყვა გაზაფხულზე კარგი ყვავილობისა და უხვი მოსავლის საწინდარია.
მაინც რით დავიწყოთ სამუშაოები? – რა თქმა უნდა, საგვიანო ხილის კრეფით.
მაშ ასე, კიბეზე ისე უნდა იდგეთ, რომ ორივე ხელით მუშაობა შეგეძლოთ; ვაშლის მოსაწყვეტად ჩაიდეთ იგი მუჭში და საჩვენებელი თითით მიაწექით ყუნწს, ნაყოფი ფრთხილად ჩაუშვით ვედროში. ასე გააგრძელეთ, ვიდრე ვედროს არ გაავსებთ. არავითარ შემთხვევაში არ მოწყვიტოთ ორი ნაყოფი ერთი ხელით, ასე ორივეს დააზიანებთ. დაუზიანებლად მოკრეფილი ხილი მეორე მოსავლამდე ინახება. ასეთივე წესი დაიცავით მსხლისა და კომშის მოკრეფისას. ხილის მოკრეფის დამთავრებისთანავე ტოტებს საყრდენად შედგმული ორკაპები მოაცილეთ და სადმე ბაღის ერთ კუთხეში ააყუდეთ.
კარგად დასუფთავების შემდეგ აუცილებელია სარდაფში გოგირდის დაბოლება (1მ2-ზე – 60გ გოგირდი). შებოლებიდან 24 საათის განმავლობაში სარდაფის კარ-ფანჯარა დაგმანეთ, ხოლო შემდეგ კარგად გაანიავეთ, სარდაფში ტემპერატურა უნდა იყოს 0-დან +1º-მდე, ხოლო ტენიანობა 85-95%. ტენიანობის შენარჩუნების მიზნით სარდაფში დგამენ ქვიშით სავსე ყუთს და რეგულარულად ასველებენ. ამგვარ პირობებში ინახება ბოსტნეულიც. შენახული ხილის მარაგი თვეში ერთხელ უნდა გაისინჯოს, თუ ყუთში 5% დაზიანებულია, იგი მთლიანად უნდა გადაირჩეს.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები