ყანობის ციხე-სახლი
სოფლის შუაგულში შემორჩენილია ითონიშვილების კუთვნილი XVIII საუკუნის სახლი. სამსართულიანი სახლი თლილი და ნატეხი ქვითაა ნაგები, მორჩენილი ღრეჩოები მიწითაა ამოვსებული, კუთხეებზე და კართან დუღაბიცაა გამოყენებული. წინა მხარეს მიდგმული ბაქანი ფარავს სახლის პირველ სართულს, რატომაც ის ამ მხრიდან ორსართულიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ბაქნის შვერილი მომცრო ტერასას ქმნის კოშკის შესასვლელის წინ. ადრე ეს ნაგებობა სამი კი არა, ოთხსართულიანი ყოფილა ─ ზედა ბაქნიდან იშლებოდა თერგის ხეობაზე ვრცელი გადასახედი.
ციხე-სახლის პირველი სართული „ქოითაი“ კედლით ორად არის გაყოფილი: ერთ ნაწილში გომური იყო, მეორეში ─ ფარეხი. მეორე სართული ─ „შუასახლი“ მტრისგან კედლების სისქით დაცული დიდი ზომის ერთიანი საცხოვრებელი სადგომია; საცხოვრებელი იყო მესამე სართულიც. ორივე სართული სახლის მოსახლეთა თავდაცვასაც ემსახურებოდა. ამას არა მარტო ნაპრალისებრი სარკმლების სივიწროვე მოწმობს, არამედ „შუასახლის“ სარკმლების ქვეშ გაჭრილი საგანგებო ოთხკუთხა სასროლი ხვრელები ─ სათოფურები.
ხევის ძველებური საცხოვრებლისათვის დამახასიათებელი „კულას“ კონსტრუქცია, ე.ი. რამდენიმე სართულის გამაერთიანებელი ბოძების დადგმა და მათ სისქეში ჭერის მზიდავი ძირითადი ძელების ჩამაგრება, ყანობის „ციხე-სახლშიც“ არის გამოყენებული.
თანამედროვე მოთხოვნილებისადმი „ციხე-სახლის“ მისადაგების აუცილებლობამ(მისი გეგმარება კი მთლიანად ფეოდალური ხანის ცხოვრების წესით არის შეპირობებული), გამოიწვია გადაკეთება, რომელმაც საგრძნობლად შერყვნა მისი იერი. არსებით ცვლილებებს გადაურჩა ორი ქვედა სართული. აქ მხოლოდ კერა მოისპო. მესამე სართული, რომელიც ადრე ერთიანი დიდი სადგომი იყო, ახლა პატარ-პატარა ოთახებად არის დაყოფილი. სარკმლები გადიდებულია, კედლები გალესილი. კოშკმა, რომელშიც კიბის უჯრედია მოწყობილი, დაკარგა ზედა სართული და სახლის სახურავის ქვეშ მოექცა. წინა მხარე შეკიდული ხის მომცრო აივანი გადაჰყურებს თერგს.
მოხევეთა სახლების ძველებური ტიპები გვაროვნული ცხოვრების წესით იყო განპირობებული, რომლის გადმონაშთები საქართველოს მთიანეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე შემორჩა. მოხევეთა ძველებური სახლის ორგანიზაცია ბუნებრივად გამომდინარეობს იმჟამად დიდი ოჯახისა და მისი საერთო ცენტრის – კერის-არსებობიდან.
ამავე დროს, ციხე-სახლებისა და კოშკური სახლების არქიტექტურაში სათავდაცვო საომარი ხასიათის ელემენტებიც არის შეტანილი. შინა ომებსა და ტომობრივ შუღლს, შუა საუკუნეებში დაემატა ფეოდალთა ლაშქრობები მთიელთა დასაპყრობად. ფეოდალთაგან თავდასხმას ქართული სახელმწიფოს დასუსტებაც უწყობდა ხელს.
XVII საუკუნეში მოხევეები ეომებოდნენ არაგვის ერისთავებს, რომელნიც გამუდმებით თავს ესხმოდნენ მათ. სხვა ქართველ მთიელებთან ერთად, მოხევეებმა მაინც მოახერხეს ამ ძლიერი ფეოდალების მოგერიება. ამ ბრძოლაში არცთუ მცირე მნიშვნელობა ჰქონდა ციხე-სახლებსა და კოშკურ სახლებს, რომლებსაც თავს აფარებდა და მტერს წინააღმდეგობას უწევდა მოსახლეობა.
ყანობის ციხე-სახლი მოხევეთა ტრადიციული საცხოვრისის ერთ-ერთი უკანასკნელი შემორჩენილი ნიმუშია.
ძეგლი უმოწყალოდ ინგრევა და ნადგურდება, დაზიანებულია გადახურვა, დეფორმირებულია კედლები, მთლიანად ჩამაგრებულია სართულშუა გადახურვები. მოირყა აივანი.
შიგნით შესვლა სახიფათოა, ამიტომაც სოფლის მცხოვრებლებს თავად ამოუქოლიათ კარი.
@ რ. შმერლინგი; ვ. დოლიძე
წყარო: ლომეკი

