„ჩვენი წინაპრები მუდამ ცდილობდნენ, ეპასუხათ მოწოდებისთვის და ამ გზით ევლოთ. ამიტომაც, უფალმა თავისი მადლითა და კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა და თუ გვინდა, რომ ამიერიდანაც, მომავალშიც გადავრჩეთ ამ მიწიურ ცხოვრებაშიც, როგორც ერი, და მარადიულ ცხოვრებაშიც გავხდეთ იმ დიდი საღვთო სიყვარულის თანაზიარნი, რომელიც ასე უხვად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, უნდა ვეცადოთ, ამ გზით ვიაროთ“, – განაცხადა მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი).
იგი მიესალმა ტაძარში მყოფ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, დედაქალაქის მერს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს და ყველას წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილების დღესასწაული მიულოცა. ამასთან, ტაძარში შეკრებილთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა.