ტყე – კაცობრიობის აკვანი და მარჩენალი
ალბათ არც ერთ ცივილიზებულ ადამიანს არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ჩვენი შორეული წინაპრების აკვანი ტყეში დაირწა. ტყე ის სამოთხის ბაღია, სადაც ადამიანმა თავიდანვე მიაგნო თავისი მიზნების მისაღწევად ყველა საშუალებას, იქნებოდა ეს: ბინა, საჭმელ-სასმელი, სამეურნეო თუ სანადირო ხელსაწყო-იარაღი, ნადირ-ფრინველი, ნაირ-ნაირი ხილ-კენკრა, სამკურნალო მცენარეები და, ვინ ჩამოთვლის, კიდევ რა.
მიუხედავად კაცობრიობის ცივილიზაციის უმაღლესი დონისა, ადამიანებმა ვერ მოიშალეს ტყეში სიარული, პირიქით, სულ უფრო და უფრო მეტი სიმდიდრე გამოაქვთ უფლის მიერ ბოძებული ამ, მართლაც, სამოთხის ბაღიდან.
გარდა იმ ძირითადი ღირებულებისა, რასაც მერქანი ჰქვია, ტყე იძლევა აგრეთვე ძვირფას მასალას კვების მრეწველობისათვის სოკოსა და ხილ-კენკრის (პანტა, მაჟალო, ტყემალი, მოცვი, მოცხარი, ჟოლო, მაყვალი) სახით; ასევე კაკალს, თხილს, წიფელს, სამკურნალწამლო მცენარეებს.
უშუალოდ მერქნისაგან 20000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია მზადდება.
მერქანს დიდი რაოდენობით იყენებენ: სამშენებლო საქმეში, ცელულოზა-ქაღალდის, საფეიქრო, ასანთის, ქვანახშირის, სამთამადნო, საავეჯო, საფანერო, საავიაციო და საავტომობილო მრეწველობაში, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და სასკოლო ინვენტარის წარმოებაში, ვაგონმშენებლობაში, კავშირგაბმულობაში, სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობაში, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში, გემთმშენებლობაში და სხვ. მაგალითად, ერთი საშუალო წყალწყვის საოკეანო გემის ასაგებად საჭიროა 4000მ3 მერქანი. მაღალხარისხოვანი თუჯის სხმულების დასამზადებლად იყენებენ ხის ნახშირს. სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებში უმეტესწილად მერქანი გამოიყენება; სალეწი მანქანის 90%, ხოლო კომბაინისა და სათიბი მანქანის 60%-ზე მეტი ხის მასალისაგან მზადდება.
მერქნის ქიმიური დამუშავებით მიიღება: ღვინისა და ხის სპირტი, ძმარმჟავა, ფორმალინი, აცეტონი, სკიპიდარი, კანიფოლი, სამკურნალო პრეპარატები – ასპირინი, ქაფური; საკვები პროდუქტები: შაქარი, ცილოვანი ნივთიერებები, ლიმონმჟავა, ვიტამინები, კაუჩუკის, რეზინისა და კინოფირების წარმოებისათვის საჭირო მასალები.
ერთი ტონა ნახერხის გადამუშავებით მიიღება 200 ლ ღვინის სპირტი ან 75-100კგ შაქარი (გლუკოზა) ან 200 კგ ცელულოზა ან 2000 მ2 ცელოფანი ან 160კგ აბრეშუმის ძაფი. ნახერხისაგან მიღებული გაწმენდილი შაქარი გემოთი თითქმის არ განსხვავდება ჭარხლის ან ლერწმის შაქრისაგან.
მერქნის ქიმიური დამუშავებით აწარმოებენ: ბამბას, შალს, საღებავებს, ლაქებს. ხის ქერქისაგან (ტირიფი, მუხა, ნაძვი და სხვ.) ხდიან მთრიმლავ ნივთიერებებს, რასაც იყენებენ ტყავეულის მრეწველობაში. წიწვოვანი ჯიშის (სოჭი, ნაძვი, ფიჭვი) წვრილი ტოტებისაგან ხდიან ეთეროვან ზეთებს, რომელთაც იყენებენ საპარფიუმერიო მრეწველობაში. წიწვებისაგან ამზადებენ ვიტამინიან ფქვილს მეცხოველეობისათვის და სამედიცინო პრეპარატების საწარმოებლად.
ხეტყის ნარჩენებისაგან (ნაფოტები, ნახერხი, ბურბუშელა) ამზადებენ მერქნოვან-ბურბუშელოვან ფილებს, რომლებიც იხმარება სამშენებლო საქმეში და ზოგავს ტყეს.
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური სიმდიდრისა, რომელსაც ტყე საუკუნეების მანძილზე აწვდის კაცობრიობას, ყველაზე დიდი სიკეთე მაინც ფოტოსინთეზს მოაქვს; ტყე ყოველწლიურად შთანთქავს უამრავ ნახშირორჟანგს (CO2) და ატმოსფეროში გამოყოფს ამდენივე ჟანგბადს. ასე რომ არ ხდებოდეს, ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ იქნებოდა. ტყე აწესრიგებს ჰაერის ტემპერატურას, ასუსტებს ქარის ძალას, ასუფთავებს ჰაერს მექანიკური მინარევებისაგან. ტყე წყლის ორთქლთან ერთად გამოყოფს ფიტონციდებს – ნივთიერებებს, რომელთაც შესწევთ უნარი გააუვნებლონ ჰაერში მყოფი ადამიანისათვის მავნე მიკრობები. დიდია ტყის როლი ნიადაგის წარმოქმნასა და დაცვაში, მდინარეებისა და ტბების მუდმივი რეჟიმის შენარჩუნებაში. ტყე ინახავს წვიმის წყლის 90-95%-ს, რაც გამორიცხავს ღვარცოფებს.
დღეს, როცა საქართველოს ტყეები უმოწყალოდ ჩანაგდება, როცა გაჩეხილია ქალაქების, სოფლების შემოგარენი, ვისაც მართლა გული შესტკივა ქვეყნისათვის და მთელი არსებით უყვარს ჩვენი უმშვენიერესი მამულ-დედული – დამიჯერეთ, დარგეთ თითოეულმა თითო ხე და 10-15 წლის შემდეგ ძველებურად აშრიალდება ულამაზესი ტყეები; მომრავლდება ნადირ-ფრინველი და, რაც ყველაზე მთავარია, შევინარჩუნებთ საქართველოს მთიანეთს, რომელიც ამჟამად ღვარცოფებისა და მეწყრების გამო კატასტროფულ მდგომარეობაშია.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები