სურსათის ეროვნული სააგენტო 950 000 ლარის ვაქცინებს გამარტივებული წესით ყიდულობს.
გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების თანახმად, საუბარია დაავადება თურქულის საწინააღმდეგო მონოვალენტური SAT-1 სეროტიპის შემცველ ვაქცინებზე.
შესყიდვის საჭიროების დასაბუთების მიხედვით, მიმდინარე წელს, ახალი SAT-1 სეროტიპით გამოწვეული ინფექციის კერები ფიქსირდება თურქეთის რესპუბლიკაში. ამასთანავე, საქართველოში თურქულის დაავადების შემოჭრა/გავრცელების რისკი მაღალია.
“ვინაიდან, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან რეგიონისთვის თურქულის დაავადების ახალი, ეგზოტიკური SAT-1 სეროტიპით გამოწვეული აფეთქებები ფიქსირდება თურქეთის რესპუბლიკაში და არსებობს დაავადების აღმძვრელის გადაცემის მრავალი მექანიზმი, როგორიცაა დაავადების აღმძვრელის გადაცემა დიდ მანძილზე, ქარის მეშვეობით, ასევე, ქვეყანაში მეცხოველეობის მომთაბარე სისტემა, არსებობს დაავადების ქვეყანაში შემოჭრის რეალური საფრთხე, რაც გამოიწვევს დიდ ეკონომიკურ ზარალს, გართულდება ეპიზოოტიური სიტუაცია და ფერმერებს მიადგება დიდი ფინანსური ზარალი მეცხოველეობის პროდუქტების მკვეთრი შემცირებით. ასევე ქვეყანას, როგორც წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ერთ-ერთ ექსპორტიორს, შეუჩერდება უფლება განახორციელოს პარტნიორ ქვეყნებში როგორც ამთვისებელი ცოცხალი ცხოველების, ასევე ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქტების ექსპორტი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცხოველების იმუნიზაციის მიზნით 2025 წლის მეორე და 2026 წლის პირველ ნახევარში საჭიროა 1 500 000 დოზა ვაქცინა. არსებული და მოსალოდნელი საფრთხეებიდან გამომდინარე, საჭიროა, გადაუდებელი აუცილებლობით პირველ ეტაპზე უმოკლეს ვადაში მოხდეს 500 000 დოზა SAT-1 სეროტიპის შემცველი ვაქცინის შესყიდვა და ვაქცინაციის დროული წამოწყება, რომელიც გაგრძელდება 2026 წლის 15 თებერვლამდე.
რა არის თურქული?
თურქული ვირუსული ინფექციური მაღალკონტაგიოზური დაავადებაა, რომელიც სწრაფად ვრცელდება და სპეციფიკური ჩარევის გარეშე შესაძლოა, მოიცვას დაავადების ამთვისებელ ცხოველთა სრული სულადობა.
თურქულით ავადდება ყველა სახეობის წყვილჩლიქიანი ცხოველი (მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ირემი, აქლემი და სხვა), დაავადების მიმართ ყველაზე მეტი ამთვისებლობით გამოირჩევა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი. ავადობამ, შესაძლოა, 100%-მდე მიაღწიოს, მოზარდ ცხოველებში სიკვდილიანობა 20%-მდეა. ადამიანი თურქულით არ ავადდება.