საქართველოში დღეს პირველი 216 კვტ. სიმძლავრის მოტივტივე მზის ელექტროსადგური გაიხსნა. ინფორმაციას USAID-ი ავრცელებს.
„საპილოტე პროექტი ყოველწლიურად 300 000 კვტ. სთ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 32, 400 აშშ დოლარის დანაზოგს უზრუნველყოფს. შედეგად, აგრო იმპექსის ქსელური ელექტროენერგიის მოხმარება 38%-ით შემცირდება.
216 კვტ მოტივტივე მზის ელექტროსადგური სათბურის აირების წლიურ გაფრქვევას (ემისიას) 31,200 კგ. CO2 ეკვივალენტით შეამცირებს.
პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 177 000 აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანამონაწილეობა 48%, ანუ 85 000 აშშ დოლარი გახლდათ, ხოლო აგრო იმპექსის მიერ, თიბისი ბანკის აგროსესხის მეშვეობით, დაფინანსდა პროექტის 52%, რაც 92 000 აშშ დოლარის ეკვივალენტია. აღნიშნული წარმოადგენს თიბისი ბანკის მიერ აგრო იმპექსის ზრდისა და განვითარების 9 წლიანი მხარდაჭერის წარმატებულ, მაგალითს. რომელიც ბანკის მიერ სოფლის მეურნეობის სექტორისადმი, სტრატეგიულად პრიორიტეტული მიმართულების მხარდაჭერას გამოხატავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან USAID/საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ჯონ პენელი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია; სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი; თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, ბ-ნი გიორგი დარჩიაშვილი და შპს აგრო იმპექსის თანადამფუძნებელი ლაშა ჯინჭარაძე.