საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და რეგიონების გაძლიერებას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, შპს „აგრომაცივარმა“ ნუშის და ხეხილის ბაღები გააშენა.
პროექტის ჯამური ღირებულება 9 მილიონი ლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 6.5 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი ნუშისა და ხეხილის ნერგების შეძენას, დარგვას, სარწყავი სისტემის პროექტირებას, საჭირო ტექნიკის შეძენასა და ნაწილობრივ, მიმდინარე ხარჯების დაფარვას მოხმარდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კახეთში, სოფელ ბოდბისხევში, 75 ჰექტარზე ნუშის, ხოლო სოფელ კარდენახში, 50 ჰექტარზე ხეხილის ბაღი გაშენდა. კომპანია სამომავლოდ ბაღების გაზრდას, ხეხილისთვის სამაცივრე მეურნეობის მოწყობასა და ნუშის გადასამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს. კომპანიის გეგმებში ასევეა პროდუქციის ექსპორტზე გატანა.