“სანამ ტურისტული ცენტრი მოეწყობოდა სოფელში არც გზა იყო და არც არავინ დადიოდა. ახლა გამოცოცხლდა ყველაფერი”.
გიორგი კუხალაშვილი 5 წელია კინჩხის კანიონზე ზიპლაინის ინსტრუქტორად მუშაობს. გიორგი ადგილობრივია და გახსნის დღიდან, ძმასთან ერთად, ასობით ქართველ და უცხოელ ტურისტს უტარებს ინსტრუქტაჟს.
კინჩხის (ოკაცეს) ჩანჩქერი საქართველოს დაცული ტერიტორიების გამორჩეული ბუნების ძეგლია და საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერია, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კინჩხას მახლობლად მდებარეობს.
კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურა 2019 წელს მოეწყო. იმავე წელს გაიხსნა 650 მეტრიანი, ორეტაპიანი ზიპლაინი, რომელიც ყოველდღიურად ასობით ტურისტს ემსახურება.