კეთილმოწყობილი ბაღი, მოწესრიგებული და ლამაზად გაფორმებული ეზო განსაკუთრებულ ხიბლს სძენს გარემოს, მნახველში აღტაცებას იწვევს და მას ესთეტიკურ ტკბობას ანიჭებს, თუმცა ალბათ ცოტა თუ ვფიქრობთ იმაზე, რამხელა შრომა და რამდენი ადამიანის ძალისხმევა დგას თვალწარმტაცი პეიზაჟების მიღმა. ჰარმონიული ეკოსისტემის მიღებასა და ბუნებასთან კავშირის დამყარებაში ერთ-ერთი ფუნდამენტური როლი მებაღეს ენიჭება, რომელიც ლანდშაფტის არქიტექტორისა თუ დიზაინერის იდეების რეალური განმახორციელებელი და ბაღისა და მცენარეების მდგომარეობასა და იერსახეზე პასუხისმგებელი პირია.
მებაღე ბაღის გამართულად ფუნქციონირებასა და ესთეტიკურ ნაწილში უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს. ის პასუხისმგებელია მწვანე საფარის მდგომარეობაზე, მცენარეების დარგვასა და მოვლაზე, მათ გასხვლა-შეწამვლასა და მკურნალობაზე, გაზონის გაკრეჭაზე, სარეველებისა და მავნე ნივთიერებებისგან ტერიტორიის გაწმენდაზე, სარწყავი სისტემების მოწესრიგებაზე, მათ გამართულ მუშაობასა და მცენარეების დროულად მორწყვაზე. მებაღე ქმნის ყველა პირობას იმისათვის, რომ ბაღმა წლის ნებისმიერ დროს მიმზიდველობა არ დაკარგოს და სასურველი სახე შეინარჩუნოს.
მასალის გამოყენების პირობები