გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და ლაშა ავალიანი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს ქვეყანაში პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის რეალიზაციის რეგულირების საკითხის განხილვა წარმოადგენდა.
„მოგეხსენებათ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე. პლასტიკის ბოთლების გამოყენების რეგულირების წესის დადგენა რეფორმის შემდეგი ეტაპია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობა და ისეთი რეგულაციის შემუშავება, რაც ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის საკითხებს და ეკონომიკურ ინტერესებს დააბალანსებს“,-განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახალი ინიციატივის ფარგლებში, იგეგმება საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის (სამინისტროები, მათ სისტემაში შემავალი უწყებები, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები, თვითმმართველობის ორგანოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები) და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის სასმლის პლასტმასის ბოთლებით შესყიდვის აკრძალვა, რაც პლასტიკის მოხმარების შემცირებას ემსახურება.
საკითხის განხილვის ფარგლებში ყურადღება ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებზე გამახვილდა. აღინიშნა, რომ სექტორისთვის მისაღები პირობების და გამოწვევების განხილვის მიზნით, შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მილიონ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, საწრუპს, თეფშს და სასმლის მოსარევს მოიხმარება, რაც 3.9 – 5.9 ათას ტონას შეადგენს. საერთაშორისო კვლევებით სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკი ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და აბინძურებს გარემოს, რომელიც თავისთავად საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi